რა მოხდა?
გუშინ აშშ-ში აქტივების მიხედვით უმსხვილესი ბანკის — JPMorgan Chase-ის აქციების ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ბანკი First Republic Bank-ის აქტივების უმეტესობას შეიძენს.
და რა?
გუშინ დილით დეპოზიტების დაზღვევის ფედერალურმა კორპორაციამ (FDIC) გამოაცხადა, რომ First Republic Bank-ს, რომელმაც წლის პირველ კვარტალში $100 მილიარდზე მეტის ღირებულების დეპოზიტები დაკარგა, კალიფორნიის შტატის საბანკო რეგულატორების მიერ კონტროლი ჩამოერთვა და მის მიმღებად FDIC დასახელდა.
ამის შემდეგ FDIC-მა გამოაცხადა, რომ First Republic-ისგან აქტივების უმეტეს ნაწილს JPMorgan $10.6 მილიარდად შეიძენს. გარიგება მოიცავს First Republic-ის $173 მილიარდის ღირებულების აქტივებს და თითქმის $30 მილიარდის ფასიან ქაღალდებს, ასევე $92 მილიარდის დეპოზიტებს და $28 მილიარდის Federal Home Loan Bank-ის სესხებს.
FDIC უზრუნველყოფს ზარალის გაზიარების დახმარებას სესხებზე, მათ შორის 80%-იანი ზარალის დაფარვას First Republic-ის იპოთეკებზე მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში და 80%-იანი ზარალის დაფარვას კომერციულ სესხებზე მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.
JPMorgan Chase დაფარავს ყველა იმ დეპოზიტს, რომელიც 11-მა მსხვილმა ამერიკულმა ბანკმა ადრე First Republic-ში შეიტანა.
ახლა რა?
JPMorgan Chase მოელის, რომ გარიგებიდან $2.6 მილიარდის ოდენობით ერთჯერად სარგებელს მიიღებს, მაგრამ ეს არ მოიცავს $2 მილიარდს, რომელსაც ბანკი რესტრუქტურიზაციის ხარჯებზე მომდევნო ორი წლის განმავლობაში დახარჯავს. JPMorgan Chase-ის მენეჯმენტი ასევე მოელის, რომ ამ გარიგების შედეგად ბანკის წლიური მოგება $500 მილიონით გაიზრდება.