რა მოხდა?
Petco ყიდის შინაური ცხოველების საკვებს, პროდუქტებსა და მომსახურებას, ასევე პატარა შინაურ ცხოველებს. გუშინ, კვარტალური ანგარიშისა და მომავლის პროგნოზების წარდგენის შემდეგ, კომპანიის აქციების ფასი 17%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან Petco-ს აქციებმა ღირებულების თითქმის 9% დაკარგა.
და რა?
მეოთხე კვარტალში, რომელიც იანვრის ბოლოს დასრულდა, კომპანიის ერთი და იმავე ლოკაციის გაყიდვები (Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს) 5.3%-ით გაიზარდა. მესამე მეოთხედში კი მატებამ 4.1% შეადგინა. უკვე ზედიზედ 17 კვარტალია, რაც Petco ამ მაჩვენებელს ზრდის.
Petco-ს კვარტალურმა შემოსავალმა $1.58 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.57 მილიარდი), ხოლო EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) — $0.23 (პროგნოზი — $0.24). მენეჯმენტმა ხაზი გაუსვა რამდენიმე ფინანსურ წინსვლას, მათ შორის ფულადი ნაკადების გაორმაგებას. „შინაური ცხოველების კატეგორია კვლავ ძლიერი და მზარდია“, — განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა — რონ კოფლინმა პრესრელიზში. თუმცა უოლ სტრიტი უფრო მეტად დაინტერესდა Petco-ს კონსერვატიული პერსპექტივით 2023 წლისთვის.
ახლა რა?
მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ 2023 წელს გაყიდვები $6.15-$6.28 მილიარდს შეადგენს, რაც გასული წლის მაჩვენებელს — $6.04-ს მხოლოდ დაახლოებით 2%-3%-ით აღემატება. რაც შეეხება მოგებას, აქ უარესი მდგომარეობაა — კორექტირებული EPS, სავარაუდოდ, შემცირდება. ზრდისა და მომგებიანობის თვალსაზრისით ეს უკან გადადგმული ნაბიჯი მოსალოდნელია მიუხედავად იმისა, რომ ფისკალურ 2023 წელს, გასულ წელთან შედარებით, გაყიდვების დამატებითი კვირა აქვს.
Petco-სთვის გამოწვევის ნაწილი საპროცენტო ხარჯების ზრდაა და ეს არის ერთ-ერთი დიდი მიზეზი, რის გამოც კომპანია ვალების დაჩქარებულ რეჟიმში დაფარვაზე მუშაობს. Petco, სავარაუდოდ, აწყდება იმავე ზეწოლას, რომელიც ბოლო დროს Chewy-ზე ზემოქმედებს — შინაური ცხოველების მფლობელების მოთხოვნამ მაღალი მარჟის მქონე პროდუქტებიდან აუცილებელი საჭიროების საქონელზე (მაგალითად, საკვები) გადაინაცვლა.