რა მოხდა?
ავტომატიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის — UiPath-ის აქციების ფასი გუშინ 17%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც მენეჯმენტმა ფისკალური 2023 წლის მეოთხე კვარტლის ანგარიში წარადგინა. წლის დასაწყისიდან UiPath-ის აქციების ფასი 40%-ზე მეტით არის მომატებული.
და რა?
მეოთხე კვარტლისთვის მენეჯმენტის პროგნოზები ასეთი იყო: შემოსავალი — $279 მილიონი; წლიური განმეორებადი შემოსავალი (ARR) — $1,176 მილიარდი; კორექტირებული საოპერაციო შემოსავალი — $35 მილიონი. რეალურმა შედეგებმა კი თითოეულ მათგანს გადააჭარბა: შემოსავალი — თითქმის $309 მილიონი; ARR — $1,204 მილიარდი და კორექტირებული საოპერაციო შემოსავალი — $69 მილიონზე მეტი.
UiPath-ის მოსალოდნელზე ძლიერი ზრდის საფუძველი მეოთხე კვარტალში მილიონდოლარიანი გარიგებების რეკორდული რაოდენობა იყო. კომპანიას ახლა ჰყავს 229 მომხმარებელი, რომლებიც ყოველწლიურად $1 მილიონ დოლარზე მეტს ხარჯავენ, რაც წლიდან წლამდე 45%-იან ზრდას წარმოადგენს. გარდა ამისა, მეოთხე კვარტალში UiPath-ის წმინდა ახალ ARR-ს თითქმის $94 დაემატა, რაც გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით 8%-ით მეტია.
ახლა რა?
რაც შეეხება მომავალს, UiPath-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალურ 2024 წელს (დაიწყო თებერვალში) შემოსავალი 18%-19%-ით — $1,253-$1,258 მილიარდამდე გაიზრდება. ეს დაახლოებით შეესაბამება 2023 წელს დაფიქსირებულ კომპანიის ზრდის ტემპს — 19%-ს და ტექნოლოგიური ინდუსტრიის ზოგადი შენელების გათვალისწინებით საკმაოდ გამამხნევებელია.
უფრო მეტიც, როგორც ჩანს, UiPath უფრო ეფექტიანი კომპანია ხდება. ფისკალური 2024 წლისთვის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ კორექტირებული საოპერაციო შემოსავალი 120 მილიონს შეადგენს, რაც ფისკალური 2023 წლის შედეგს თითქმის ორჯერ აჭარბებს.