მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა აქსელერატორმა — 500 Global-მა, საქართველოს ბანკთან და GITA-სთან (საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო) თანამშრომლობით, 500 Georgia-ს პროგრამის ფარგლებში კიდევ 13 სტარტაპი გადაამზადა.
ამ სტარტაპებს შორის მოხვდა Gotcha — კომპიუტერულ ხედვაზე დაფუძნებული ტექნოლოგია, რომელსაც, სახის ქცევის ანალიზის საშუალებით, მიკრო ემოციების ამოცნობა შეუძლია. როგორ უჩვეულოდაც არ უნდა ჟღერდეს, ტექნოლოგია მეცნიერულ კვლევას ემყარება და მისი ერთგვარი ქულების მოდელი HR-ს ეხმარება, მომსახურების თანამშრომლების საქმიანობა მომხმარებელთა კმაყოფილების გაზომვების საფუძველზე შეაფასოს.
ჩვენ Gotcha-ს აღმასრულებელ დირექტორს — ანნა გევორგიანს გავესაუბრეთ, რათა გაგვეგო, რა მისცა სტარტაპს 500 Georgia-ში მონაწილეობამ.
ანნა, გვიამბეთ, რა გასწავლათ 500 Georgia-ს პროგრამამ?
ზრდის საფუძვლების ეტაპზე ჩვენ ვისწავლეთ, როგორ წარვუდგინოთ მომხმარებლებს სწორად ის ღირებულება, რომელსაც საზოგადოებას ვთავაზობთ, როგორ შევიქმნათ ზრდაზე ორიენტირებული აზროვნება და ა. შ. ზრდის ფაზაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო წარმადობის საკვანძო ინდიკატორები განსაზღვრა და მათ შესაბამისად მუშაობა. ფონდების მოძიების ეტაპზე ვისწავლეთ, თუ როგორ შევქმნათ ფონდების მოზიდვის პროფესიონალური სტრატეგია. რაც შეეხება დასკვნით ფაზას, დემო დღეს, ეს ძალიან დიდი გამოცდილება იყო, რომელიც დაგვეხმარა ჩვენი სტარტაპი აუდიტორიისთვის პროფესიონალურად და სწორად წარგვედგინა.
გვითხარით, როგორ შეძელით (ან მომავალში აპირებთ) შეძენილი ცოდნის საფუძველზე თქვენი ბიზნესის გაუმჯობესება?
500 Georgia-ს პროგრამის პარალელურად მოვაწყვეთ ჩვენი პირველი საპილოტე ტესტირება სომხეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკთან, შევქმენით პოტენციური მომხმარებლების სერიოზული ბაზა, დავიქირავეთ B2B გაყიდვების პროფესიონალი აუთსორსინგ კომპანია (მოიცავს აშშ-ს, ევროპას, სინგაპურს), შევიმუშავეთ პროდუქტის ახალი ვერსია.
როგორია GOTCHA-ს სამომავლო გეგმები?
ჩვენი მიზანია, გავხდეთ უნიქორნი (სტარტაპი, რომლის ღირებულებაც $1 მილიარდს შეადგენს).
როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძლება თქვენი კომპანია ინვესტორებისთვის საინტერესო იყოს?
1. გამოვყოფდი ძლიერ გუნდსა და ტექნოლოგიას. აგიხსნით, თუ რაში მდგომარეობს GOTCHA-ს უნიკალურობა:
- წყარო — გამოვიყენეთ ქცევითი მეცნიერების კვლევა, რომელზე დაფუძნებითაც ჩვენი ტექნოლოგია აღმოაჩენს მიკრო ემოციებს და ეს წამის 1/25-ში ხდება.
- ალგორითმი — ტექნოლოგია ჩვენი უნიკალური ალგორითმის საფუძველზე შევიმუშავეთ.
- სიზუსტე — სიზუსტის სავარაუდო დონე 90%-95%-ია. ეს მონაცემები ეფუძნება საინფორმაციო დოკუმენტებს, პროფილერებს (ადამიანი, რომელიც აღრიცხავს და აანალიზებს ვინმეს ფსიქოლოგიურ და ქცევით მახასიათებლებს) და გამოკვლეული კომპანიების ტესტირების შედეგებს.
- SAP-თან ინტეგრაცია — გავიმარჯვეთ საერთაშორისო კონკურსში — SAP Startup Factory-ში და ამჟამად ვმუშაობთ SuccessFactors მოდულთან ინტეგრაციაზე. (SuccessFactors მოდული ნიჭისა და ადამიანური კაპიტალის მართვის ქლაუდზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფის წამყვანი კომპლექტია. ორგანიზაციები SAP SuccessFactors-ს ადამიანური რესურსების მართვის ოპერაციების სხვადასხვა ასპექტების სამართავად იყენებენ).
- შეგვამჩნია და მოგვიწონა ზოგიერთმა საერთაშორისო, კარგად ცნობილმა კომპანიამ — სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებსა და კონფერენციებზე მივიქციეთ ისეთი ცნობილი კომპანიების ყურადღება, როგორიცაა Nvidia (შემოგვთავაზეს, რომ განაცხადი შეგვეტანა Inception პროგრამაზე — წინადადება მიღებულია 2022 წლის ივნისში), Microsoft (შემოგვთავაზეს განაცხადის Startup Founders Hub-ის პროგრამაზე შეტანა — მიღებულია 2022 წლის ივლისში) და ა.შ.
2. გამოყენების დაუსრულებელი შემთხვევები — გარდა მომხმარებელთა გამოცდილების, გაყიდვების, HR (ადამიანური რესურსების მართვა), იურიდიული, რისკისა და შესაბამისობის მიმართულებებისა, ახლახან ჩვენ აღმოვაჩინეთ რამდენიმე ძალიან პერსპექტიული გამოყენების შემთხვევა, როგორიცაა ფსიქიკური ჯანმრთელობა, დამოკიდებულების გამომწვევი დარღვევები, ფარმაცევტიკა, ბიოტექნოლოგია (მაგალითად, სახის ქცევის საშუალებით შეგიძლიათ გამორიცხოთ პლაცებო-ეფექტი ტკივილის გამოვლენასთან დაკავშირებით).
3. უზარმაზარი ბაზარი — 2027 წლისთვის ის, სავარაუდოდ, $43 მილიარდს მიღწევს.
4. ჯანსაღი ამბიციები — დარწმუნებულები ვართ, რომ უნიქორნი გავხდებით.