რა მოხდა?
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, კვლევებისა და განათლების კომპანიამ — John Wiley & Sons-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი მისი აქციების ფასი 17%-ზე მეტით შემცირდა. ეს გასაგები იყო, რადგან ფირმის კვარტალური შედეგები მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ანალიტიკოსების პროგნოზებს და მომავლის მოლოდინებიც საკმაოდ სუსტი იყო.
და რა?
ფისკალური 2023 წლის მესამე კვარტალში John Wiley & Sons-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 5%-ით — $491 მილიონამდე შემცირდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $494 მილიონი).
კორექტირებულმა მოგებამ $66.6 მილიონიდან $53.5 მილიონამდე (EPS (მოგება თითო აქციაზე) — $0.85) დაიკლო. ანალიტიკოსები მოელოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი $0.91-ს მიაღწევდა.
შემოსავალი Wiley-ის ორივე ძირითადი წყაროდან შემცირდა: კვლევა და აკადემიური გამოცემა. პირველმა მათგანმა წლიდან წლამდე 5%-იანი კლება დააფიქსირა, ხოლო მეორემ უფრო მკვეთრი — 10%-იანი.
ახლა რა?
გარდა ამ ყველაფრისა, კომპანიის მენეჯმენტმა მომავლის პროგნოზებიც შეამცირა. ისინი ახლა მოელიან, რომ წლის განმავლობაში შემოსავალი $2.07-$2.09 მილიარდს შეადგენს (წინა პროგნოზი —$2.11-$2.15 მილიარდი). ანალიტიკოსების მოლოდინი კი $2.19 მილიარდია.
რაც შეეხება მომგებიანობას, Wiley-ის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ კორექტირებული EPS $3.30-$3.55 იქნება (წინა პროგნოზი — $3.70-$4.05). ანალიტიკოსების მოლოდინს — $3.96-ს ეს მაჩვენებელიც ჩამორჩება .