მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა აქსელერატორმა — 500 Global-მა, საქართველოს ბანკთან და GITA-სთან (საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო) თანამშრომლობით, 500 Georgia-ს პროგრამის ფარგლებში კიდევ 13 სტარტაპი გადაამზადა.
ამ სტარტაპებს შორის მოხვდა Quickshipper — Fleet management software, რომელიც ნებისმიერ ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, ერთი პლატფორმიდან მართოს შემოსული შეკვეთები. არ აქვს მნიშვნელობა, შეკვეთა რომელი არხიდან არის მიღებული, QuickShipper-ის წყალობით, მისი დაბინავება, მომხმარებელთან კომუნიკაცია და შედეგების ანალიზი ბევრად მარტივი იქნება.
ჩვენ გავესაუბრეთ QuickShipper-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს — მარიამ ახვლედიანს, რათა გაგვეგო, რა მისცა სტარტაპს 500 Georgia-ში მონაწილეობამ.
მარიამ, გვიამბეთ, რა გასწავლათ 500 Georgia-ს პროგრამამ?
500 Georgia-ს თითოეული ეტაპი სხვადასხვა ასპექტზე იყო ფოკუსირებული. ვისწავლეთ როგორც მომხმარებლებთან, ასევე ინვესტორებთან ურთიერთობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტარტაპს შეეძლოს სხვადასხვა აუდიტორიასთან სწორი მესიჯებით კომუნიკაცია, რადგან თითოეულ მათგანს განსხვავებული საჭიროება და ინტერესი გააჩნია.
საკმაოდ საინტერესო იყო ფონდების მოზიდვის ფაზის ფარგლებში გავლილი საკითხებიც, რომლებზეც ყურადღება ყველა სტარტაპმა უნდა გაამახვილოს. გავიგეთ ბევრი ახალი რამ, რასაც ადრეული ეტაპიდანვე უნდა დაეთმოს ყურადღება იმისათვის, რომ სტარტაპი პოტენციური ინვესტორებისთვის საინტერესო გახდეს.
რაც შეეხება დემო დღეს, ძალიან საინტერესო იყო უშუალოდ ჩვენი სტარტაპის წარდგენისთვის მომზადების ნაწილი. თითოეულ დამფუძნებელს თავისი სათქმელი სულ რაღაც 2 წუთში უნდა ჩაეტია. საკუთარ პროდუქტზე საუბრისას კი ეს საკმაოდ რთულად გეჩვენება, რადგან ფიქრობ, რომ მსმენელს ყველა ნიუანსი უნდა გააცნო. სინამდვილეში, საჭიროა ინფორმაცია იმ დონემდე დაიყვანო, რომ აუდიტორიისთვის ყველაფერი გასაგები იყოს და, ამავდროულად, დამატებითი კითხვა-პასუხის სურვილი გაჩნდეს.
გვითხარით, როგორ შეძელით (ან მომავალში აპირებთ) შეძენილი ცოდნის საფუძველზე თქვენი ბიზნესის გაუმჯობესება?
500 Georgia არის პროგრამა, სადაც გეხმარებიან იფიქრო უფრო მასშტაბურად. აქ გეძლევა შესაძლებლობა, პირველ რიგში, აზრებით გასცდე საქართველოს ფარგლებს და სწორად შეაფასო საერთაშორისო ბაზრის პოტენციალი. მოლოდინიც სწორედ ის არის, რომ პროგრამის გავლის შემდეგ ჩვენ მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი იქნება იმაზე უფრო მასშტაბური, ვიდრე აქამდე წარმოვიდგენდით.
მთავარი, რაც ამ პერიოდში ვისწავლეთ, არის ის, თუ როგორ ვიფიქროთ ჩვენი მომხმარებლის გადმოსახედიდან, იქნება ეს ადგილობრივი თუ უცხოური ბაზარი. სწორი ანალიზი, პროგნოზირება და დაგეგმვა დაგვეხმარება იმაში, რომ QuickShipper საერთაშორისო ბაზარზე სწორ დროს გავიტანოთ და სწორ აუდიტორიას მივწვდეთ.
როგორია QuickShipper-ის მომავლის გეგმები?
ჩვენი მიზანია, პირველი კვარტლის ბოლოსთვის დავასრულოთ პროდუქტზე მუშაობა, რაც მოიცავს ჩვენი მომხმარებლებისგან ნებისმიერი სახის უკუკავშირის მონაცემების შეგროვებასა და გათვალისწინებას.
2023 წლიდან კი უკვე გეგმაში გვაქვს პროდუქტის როგორც საქართველოში დანერგვა, ასევე მის საზღვრებს გარეთ გატანა. ეს ჩვენს შემთხვევაში შედარებით მარტივია, რადგან QuickShipper სრულად ციფრული პროდუქტია.
როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძლება თქვენი კომპანია ინვესტორებისთვის საინტერესო იყოს?
სტარტაპი ინვესტორებისთვის პირველ რიგში ისევ და ისევ მასშტაბირების კუთხით არის საინტერესო — გამომდინარე იქიდან, რომ QuickShipper სრულიად ციფრული პლატფორმაა, ბიზნესი ლოკაციის თვალსაზრისით შეზღუდული არ არის. ამასთან, ქვიქშიფერი სხვა უცხოურ ანალოგებს არათუ არ ჩამოუვარდება, არამედ შესაძლოა, მათზე უკეთესიც იყოს, რადგან ის საკმაოდ ბევრ უპირატესობას აერთიანებს. ინვესტორებისთვის QuickShipper ზრდიდან გამომდინარეც იქნება საინტერესო — ბეტა ვერსია 2022 წლის ნოემბერში ჩავუშვით, მას შემდეგ კი პლატფორმა კარგი ტემპით ვითარდება და იზრდება.
ნებისმიერ ბიზნესს, რომელსაც Quickshipper-ის სერვისებით სარგებლობა სურს, შეუძლია განაცხადი შემდეგ ბმულზე დატოვოს: Quickshipper | კურიერების სამართავი პლატფორმა (qshpr.com)