რა მოხდა?
გუშინ, უოლ სტრიტის ანალიტიკოსის დადებითი შეფასების შემდეგ CrowdStrike Holdings-ის აქციების ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან, კიბერუსაფრთხოების კომპანიის აქციების ღირებულება თითქმის 13%-ით არის მომატებული.
და რა?
Goldman Sachs-ის ანალიტიკოსმა — გაბრიელა ბორხესმა CrowdStrike Holdings-ს ყიდვის რეკომენდაცია და $141-ის ტოლი სამიზნე ფასი მიანიჭა. გაბრიელა მიიჩნევს, რომ კომპანიის შემოსავლის შენელებული ზრდა აქციების ფასში უკვე ასახულია. მას სჯერა, რომ ქლაუდზე დაფუძნებული საბოლოო წერტილის უსაფრთხოებაში CrowdStrike-ის პოზიციამ და თავისუფალი ფულადი ნაკადების (FCF) გაუმჯობესებამ კიბერუსაფრთხოების პროვაიდერის აქციების ფასის ზრდა უნდა გამოიწვიოს.
აღსანიშნავია, რომ CrowdStrike-ის გამომწერებზე დაფუძნებული ბიზნეს მოდელი უზარმაზარი მოცულობის FCF-ს გამოიმუშავებს, რასაც ხშირად საკმარისი ყურადღება არ ექცევა.
ახლა რა?
CrowdStrike-ის გრძელვადიანი კონკურენტული პოზიციისთვის ძალიან კარგია, რომ გაურკვეველ ეკონომიკურ გარემოში მომხმარებლების შენარჩუნების კოეფიციენტი მაღალი დარჩა. ბოლო კვარტალური ანგარიშის წარდგენისას მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ უფრო მეტი მომხმარებელი ახორციელებს Falcon პლატფორმის „სტანდარტიზებას“ და მეტ მოდულს ითვისებს.
კიბერუსაფრთხოება აუცილებელია საწარმოებისთვის, მიუხედავად იმისა, თუ როგორ მუშაობს ეკონომიკა. სწორედ ამიტომ, ანალიტიკოსები ელიან, რომ კომპანია ფისკალურ 2023 წელს შემოსავლების 53%-იან ზრდას მიაღწევს. 2024 წლისთვის კი 33%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.
გაცნობებთ, რომ CrowdStrike Holdings მომდევნო კვარტალურ ანგარიშს სულ რამდენიმე კვირაში — 7 მარტს წარადგენს.