კრის რეინინგის აზრით, სიმდიდრის საიდუმლო ფულის დაზოგვაში და შემდეგ ამ დანაზოგის ინვესტირებაში მდგომარეობს.
„დიდი დრო დამჭირდა იმის გასააზრებლად, თუ რამდენად არის ხარჯების შემცირება შესაძლებელი“ — ამბობს ის. კრისის თქმით, წარმატება არა მხოლოდ ფულის აქციებსა და უძრავ ქონებაში დაბანდებას, არამედ საკუთარ თავში ინვესტირებას მოაქვს.
დღეს მოგიყვებით კრის რეინინგის ხუთი ინვესტიციის შესახებ, რომელიც მას დაეხმარა, 35 წლის ასაკში მილიონერი გამხდარიყო.
ინვესტიცია №1: მოძებნეთ მენტორი
კრისის თქმით, მისი ყველაზე დიდი კარიერული შეცდომა მენტორის საჭიროების უგულებელყოფა იყო. „გულუბრყვილოდ მეგონა, რომ რაც უფრო მეტს მუშაობ, მით უფრო სწრაფად მიიწევ წინ. სინამდვილეში, წინსვლის გასაღები თქვენი ფასეულობის წარმოჩენაა, რაშიც მენტორი დაგეხმარებათ“ — ამბობს ის.
კრისი აღნიშნავს, რომ საჭიროა, მოძებნოთ ადამიანი, რომელიც კარიერაში თქვენზე ხუთი წლით წინ არის — ვინმე, ვინც უკვე მიაღწია თქვენთვის სასურველ პოზიციას. მოკლედ მოუყევით მათ, რას მიაღწიეთ ახლახან, ასევე, რა წარუმატებლობებს ან გამოწვევებს აწყდებით და რა მიდგომები შეგიძლიათ გამოიყენოთ მათ გადასაჭრელად. „მე არ ვიქნებოდი იქ, სადაც დღეს ვარ, რომ არ მეთხოვა დახმარება იმ ადამიანებისთვის, რომელთა წარმატებითაც აღფრთოვანებული ვარ“ — ამბობს კრისი.
ინვესტიცია №2: იქონიეთ ურთიერთობა „სწორ“ ადამიანებთან
სპიკერი — ჯიმ რონი ამბობს: „თქვენ ხართ საშუალო არითმეტიკული იმ 5 ადამიანისა, რომელთანაც ყველაზე მეტ დროს ატარებთ“. თუ არ ხართ გარშემორტყმული ჭკვიანი, ამბიციური ადამიანებით, დროა ეს შეცვალოთ.
უნდა მოძებნოთ ზრდაზე ორიენტირებულ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც რეგულარულად იკრიბება ერთმანეთის მხარდასაჭერად, გონებრივი შტურმის მოსაწყობად და გამოცდილების გასაზიარებლად.
კრისი ამბობს, რომ 2015 წლიდან კვირაში ერთი საათით თავის 4-კაციან ჯგუფთან ერთად იკრიბება და გაკვირვებულია იმით, თუ რამდენად გაიზარდა ჯგუფის რჩევებისა და ცოდნის დახმარებით.
ინვესტიცია №3: განავითარეთ ნიჭი
ერთხელ უორენ ბაფეტს ჰკითხეს, თუ რა იყო მისი აზრით, საუკეთესო ინვესტიცია, მან კი უპასუხა: „საკუთარ თავში ინვესტირება არის საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ. ინვესტირება ყველაფერში, რაც აუმჯობესებს თქვენს ნიჭს; ვერავინ შეძლებს მის დაბეგვრას ან წართმევას. შესაძლოა, დეფიციტი გაიზარდოს და დოლარის მსყიდველუნარიანობა შემცირდეს. შეიძლება ბევრი რამ მოხდეს. მაგრამ თუ გაქვთ ნიჭი და მას მაქსიმალურად გაზრდით, თქვენ შეიძენთ უზარმაზარ აქტივს, რომელმაც შესაძლოა ათმაგი უკუგება მოგიტანოთ”.
„ეს შეიძლება იყოს საუკეთესო საინვესტიციო რჩევა, რაც ბაფეტს ოდესმე გაუცია. ასე ხდები უფრო ფასეული და როდესაც უფრო ფასეული ხარ, ხალხი მეტს გიხდის იმისთვის, რასაც აკეთებ“ — აღნიშნავს კრისი.
ინვესტიცია №4: გაამარტივეთ გადაწყვეტილებები
„ჩემი ცხოვრების რამდენი საათი დავკარგე ლანჩზე ფიქრში? ბევრი. ამიტომ გადავწყვიტე ყოველდღე მიმეღო ერთი და იგივე მარტივი ლანჩი — სენდვიჩი და იოგურტი.
გიჟურად ჟღერს, მაგრამ ამან ჩემი ცხოვრება შეცვალა. ლანჩზე ფიქრი აღარ მჭირდებოდა, რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა.
როგორც სკოტ ადამსი ამბობს, „დამარცხებულებს აქვთ მიზნები, ხოლო გამარჯვებულებს — სისტემები“. და სისტემები შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენს ცხოვრებაში. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ გარკვეული თანხა, ვთქვათ, $100, ავტომატურად გადამისამართებული რამდენიმე მარტივ ინვესტიციაზე, სანამ ხელფასი თქვენს საბანკო ანგარიშზე მოხვდება.
ამ გზით თქვენ ხარჯავთ იმას, რაც დაგრჩათ ინვესტირების შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ ჩადოთ ინვესტიცია იმით, რაც დახარჯვის შემდეგ დაგრჩათ“ — ამბობს კრისი.
ინვესტიცია №5: არასოდეს შეწყვიტოთ სწავლა
„წარმოვიდგენ, რომ ჩემი დრო საათში $350 ღირს და საკუთარ თავს ვეკითხები: რა ღირს $350? მედიის მოხმარება? არა. ტელევიზორს ყურება? არა. კითხვა, სწავლა? დიახ.
წიგნის კითხვით საკუთარ ცოდნას აახლებ და ეს ის ინვესტიციაა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გასტანს“ — ამბობს კრისი.
ექვსი წლის განმავლობაში შემოსავლის ნახევარზე მეტის დაზოგვისა და ინვესტირების შემდეგ, კრისს რეინინგს საკმარისი თანხა აღმოაჩნდა ბანკის ანგარიშზე, რათა კორპორატიული სამსახური დაეტოვებინა და, საკმაოდ ადრე, 37 წლის ასაკში პენსიაზე გასულიყო.