რა მოხდა?
გუშინ ტელეკომუნიკაციის ტიტანმა — AT&T-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა, რის შემდეგაც კომპანიის აქციების ფასი 6%-ზე მეტით გაიზარდა.
და რა?
AT&T-ს კვარტალში დაემატა 656,000 პოსტ-გადამხდელი გამომწერი (აბონენტები, რომლებიც გადასახადს ყოველთვიურად, სერვისის მიღების შემდეგ იხდიან), რომლებიც ზოგადად უკაბელო ოპერატორებისთვის ყველაზე მომგებიან მომხმარებლებს წარმოადგენენ. მთელი წლის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა დაახლოებით 2.9 მილიონი შეადგინა.
გარდა ამისა, გასული კვარტლის განმავლობაში AT&T Fiber-მა 280,000 მომხმარებელი დაიმატა, ხოლო წლის მანძილზე — 1.2 მილიონი. მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის სერვისმა ზედიზედ ხუთი წლის განმავლობაში უკვე მინიმუმ 1 მილიონი აბონენტი მოიპოვა.
აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯონ სტენკიმ პრესრელიზში განაცხადა, რომ AT&T-ს თანმიმდევრულმა სტრატეგიამ და შეთავაზებების სიმარტივემ კომპანიას მეოთხე კვარტალში მომხმარებლების რაოდენობის გაზრდის საშუალება მისცა.

კომპანიის პოსტ-გადამხდელი აბონენტებისგან მიღებული საშუალო შემოსავალი მეოთხე კვარტალში წლიდან წლამდე 2.5%-ით — $55.43-მდე გაიზარდა.
მთლიანობაში, AT&T-ს მთელი წლის შემოსავალი უწყვეტი ოპერაციებიდან, რომელიც გამორიცხავს გაყიდული ბიზნესის გავლენას, 2022 წელს 2.1%-ით — $120.7 მილიარდამდე გაიზარდა. კომპანიამ ასევე $14.1 მილიარდის ოდენობით თავისუფალი ფულადი ნაკადები (FCF) გამოიმუშავა, რაც $9.9 მილიარდის მოცულობის დივიდენდების გადასახდელად საკმარისზე მეტი აღმოჩნდა.
ახლა რა?
მენეჯმენტის პროგნოზით, 2023 წელს AT&T-ის FCF $16 მილიარდამდე გაიზრდება, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია, 5G და ბოჭკოვანი ქსელების გასაძლიერებლად, დამატებით $24 მილიარდის დახარჯვას გეგმავს. ჯონ სტენკიმ განაცხადა, რომ AT&T, დივიდენდის გადახდის შემდეგ, ფულადი სახსრების ჭარბ ნაკადს დავალიანების დასაფარად გამოიყენებს. ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს AT&T-ის ბალანსის გაძლიერებას და ინვესტორებისთვის რისკების შემცირებას.
„მე დარწმუნებული ვარ ჩვენი ბიზნესის ტრაექტორიაში და ჩვენი გუნდის უნარში, უზრუნველყოს მომგებიანი და გრძელვადიანი ზრდა ჩვენი აქციონერებისთვის“, — თქვა სტენკიმ.