რა მოხდა?
Redfin-ის აქციების ფასი ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე დაფიქსირებული აქციების ფართო გაყიდვების საპასუხოდ შემცირდა. ინვესტორები რეაგირებდნენ სუსტ ეკონომიკურ მონაცემებზე და ფედერალური სარეზერვო ბანკის (Fed) არასასიამოვნო კომენტარებზე, განაკვეთების ზრდის შესახებ მომდევნო გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელიც 1 თებერვალს არის დაგეგმილი.
როგორც ონლაინ უძრავი ქონების საბროკერო კომპანია, Redfin მგრძნობიარეა საპროცენტო განაკვეთებისა და იპოთეკური განაკვეთების მიმართ. გასულ წელს კომპანიის აქციების ფასი შემცირდა მას შემდეგ, რაც უძრავი ქონების ბაზარი მკვეთრად დაეცა, კომპანიამ თანამშრომლების გათავისუფლების ორი რაუნდი განახორციელა და იძულებული გახდა, სახლების გადაყიდვის ბიზნესი — RedfinNow დაეხურა.
გასული კვირის ბოლოს, Redfin-მა ასევე გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ახალი წლის დასაწყისში სახლების გაყიდვის ტემპი ნელი იყო.
ამ დროისათვის კომპანიის აქციების ფასი კვირის განმავლობაში თითქმის 11%-ით არის შემცირებული.
და რა?
როგორც ჩანს, კომპანიაზე რამდენიმე ფაქტორი ზემოქმედებს. გასულ პარასკევს Redfin-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ 2020 წლის აპრილის შემდეგ სახლების გაყიდვის დრო ყველაზე მაღალ ნიშნულს აღწევს, რაც საბინაო ბაზრის მოდუნებაზე მიუთითებს.
კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე თქვეს, რომ ინტერნეტში გასაყიდი სახლების ძებნის რაოდენობამ მოიმატა, ხოლო Redfin-ის Homebuyer Demand Index (სახლის მყიდველების მოთხოვნის ინდექსი), გასულ თვესთან შედარებით, 6%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში დაფიქსირებული პიკის შემდეგ, იპოთეკური განაკვეთები შემცირდა, რამაც ბაზარზე მეტი მყიდველი დააბრუნა.
ამ კვირაში ინვესტორებზე იმოქმედა საცალო გაყიდვების ანგარიშმა და მწარმოებლის ფასების ინდექსმა — ორივე მათგანმა ეკონომიკის „გაგრილებას“ გაუსვა ხაზი (ნოემბრიდან დეკემბრამდე საბითუმო და საცალო გაყიდვები დაეცა). წარსულში, ინვესტორები ამ სახის ამბებზე პოზიტიურად რეაგირებდნენ, რადგან ისინი თვლიდნენ, რომ ეს Fed-ის მიერ საპროცენტო განაკვეთის ზრდის შემსუბუქებას გამოიწვევდა. ამჯერად კი რეაქცია საპირისპირო იყო. შესაძლოა ინვესტორებს ეშინოდეთ, რომ ეკონომიკა რეცესიაში ჩავარდება, რაც უძრავი ქონების ფასების შემდგომ დაცემას გამოიწვევს. შედეგად კი, Redfin-ზე ზეწოლა გაიზრდება.
გარდა ამისა, ბაზარ დაამძიმა კლივლენდის Fed-ის პრეზიდენტის — ლორეტა მესტერის კომენტარებმა. მან ოთხშაბათს განაცხადა, რომ ინფლაციის დონის 2%-მდე ჩამოსაწევად, საპროცენტო განაკვეთებმა 5%-ს უნდა გადააჭარბოს და ამ დონეზე დარჩეს. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ იპოთეკური სესხის განაკვეთები კვლავ გაიზრდება.
ახლა რა?
Redfin-ის აქციების ფასი გასულ წელს თითქმის 90%-ით შემცირდა და ამ მაჩვენებლის გასაზრდელად, საბინაო ბაზარზე მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს. სანამ ეს მოხდება, შესაძლოა, კომპანიის აქციების ფასმა ერთნიშნა მაჩვენებლის გადალახვა ვერ მოახერხოს.