გასულ თვეში Netflix-მა რეკლამებით მხარდაჭერილი სერვისი (Basic with Ads) გამოუშვა და დღეს განვიხილავთ ანალიტიკური ფირმის — Antenna-ს მიერ მოწოდებულ მონაცემებს, რათა უკეთ გავიაზროთ, თუ როგორ ჩაიარა სტრიმინგ კომპანიის ახალი პროდუქტისთვის პირველმა თვემ.
- რეგისტრაციების 9%
ნოემბერში Netflix-ზე დარეგისტრირებული გამომწერებიდან მხოლოდ 9%-მა აირჩია ახალი — რეკლამებით მხარდაჭერილი სერვისი.
Antenna აღნიშნავს, რომ ეს 9%-იანი მაჩვენებელი ნაკლებია, ვიდრე HBO Max-ის მსგავს სერვისზე რეგისტრაციები — ახლად რეგისტრირებული აბონენტების 15%. ეს არც ისე გასაკვირია. Netflix-ის მენეჯმენტის მიერ ამ სერვისის დაანონსებიდან დანერგვამდე ძალიან მცირე დრო — სულ რაღაც ექვსი თვე გავიდა და ახალი, რეკლამებით მხარდაჭერილი სერვისის შესახებ მომხმარებელთა ინფორმირებულობა უკიდურესად დაბალია. შედარებისთვის, Warner Bros. Discovery-ს სტრიმინგ სერვისს რეკლამის მხარდაჭერა თავიდანვე ჰქონდა.
მოსალოდნელია, რომ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, Basic with Ads სერვისზე დარეგისტრირების წილის გაიზრდება.
- არსებული მომხმარებლებიდან მხოლოდ 0.1%-მა აირჩია ახალი სერვისი
იმ მომხმარებლებს შორის, რომლებმაც Netflix-ის ახალი სერვისი აირჩიეს, 0.1%-ს კომპანიის ძველი მომხმარებლები შეადგენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველი 1000 არსებული აბონენტიდან 1-მა არჩევანი უფრო დაბალფასიანი ვარიანტით შეცვალა. პირველ თვეში HBO Max-ისთვის იგივე მაჩვენებელი 0.2%-ს შეადგენდა.
დიდი ალბათობით, Netflix-ის ახალი სერვისის გამომწერების რაოდენობა მაშინ გაიზრდება, როდესაც კომპანია პაროლის გაზიარებების პრობლემას მოაგვარებს. იმ შემთხვევაში, თუ ერთი ანგარიშის გამოყენებას რამდენიმე ადამიანი ერთად ვერ შეძლებს, მომხმარებლები იძულებულნი გახდებიან, საკუთარი ანგარიშები გააკეთონ და შედარებით ბიუჯეტური ვარიანტი სწორედ რეკლამებით მხარდაჭერილი სერვისი იქნება.
- გამომწერების მთლიანი რაოდენობის 0.2%
ნოემბრის ბოლოსთვის, Netflix-ის ამერიკელ მომხმარებელთა ბაზის 0.2%-ს ახალი სერვისის გამომწერები შეადგენდა.
დროთა განმავლობაში ეს რიცხვი ბუნებრივად გაიზრდება. HBO Max-ის შემთხვევაში იმავე მაჩვენებელმა 1 წელიწადში 12%-მდე ხოლო 18 თვის შემდეგ 21%-მდე მოიმატა.
მთლიანობაში, მოსალოდნელია, რომ Basic with Ads სერვისი მოიზიდავს ახალ ან იმ აბონენტებს, რომლებმაც Netflix ადრე დატოვეს. ეს ასევე შეიძლება მოიცავდეს სხვისი ანგარიშის გამომყენებლებს, რომლებიც საბოლოოდ საკუთარ ანგარიშებს შექმნიან.
მიუხედავად იმისა, ახალი სერვისის დასაწყისი შეიძლება ნელი იყოს, ინვესტორებს არ აქვთ მიზეზი, ეჭვი შეიტანონ Netflix-ის მთავარი საოპერაციო დირექტორის — გრეგ პეტერსის განცხადებაში, რომელიც მან კვარტალური ანგარიშის წარდგენიდან ერთ თვეში გააკეთა: „დამატებითი გამომწერების გათვალისწინებით, ჩვენ შემოსავლისა და მოგების მნიშვნელოვან ზრდას მოველით“.