რა მოხდა?
გუშინ Zoom Video Communications-ის აქციების ფასი 5.73%-ით შემცირდა. შედარებისთვის, დროის იმავე მონაკვეთში, S&P 500-მა 1.43%-ით დაიკლო. ვიდეო კომუნიკაციის კომპანიამ წელს დიდი დარტყმა მიიღო, წლის დასაწყისიდან Zoom-ის აქციების ფასი 64%-ზე მეტით არის შემცირებული.
გუშინდელი ვარდნა გამოწვეული იყო უოლ სტრიტზე არსებული მზარდი შიშით ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) მოქმედებების შესახებ, რამაც შესაძლოა მომდევნო რამდენიმე კვარტალში რეცესიაც კი გამოიწვიოს.
და რა?
ხუთშაბათს Zoom-ის აქციების ფასის ვარდნის ყველაზე დიდი მიზეზი იყო Nasdaq Composite ინდექსის თითქმის 3%-იანი შემცირება. ინვესტორები შეშფოთებულნი არიან, რომ Fed-ის მცდელობები, ინფლაციას საპროცენტო განაკვეთების გაზრდით შეებრძოლოს, 2023 წელს სუსტ ეკონომიკურ ზრდას გამოიწვევს.
Fed მიზნად ისახავს შეანელოს მოთხოვნა შრომის ბაზარზე და სხვა ზედმეტად აქტიურ ინდუსტრიებში საპროცენტო განაკვეთების ზრდის საშუალებით — იდეალურად მხოლოდ საკმარისი დოზით იმისთვის, რომ ფასების ზრდა რეცესიის გამოწვევის გარეშე შეჩერდეს.
ინვესტორები გუშინ უფრო მეტად შეაწუხა განაკვეთების შემდგომი ზრდის აზრმა, რადგან აშშ-ში მესამე კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) საბოლოო პროგნოზი 2.9%-დან 3.2%-მდე გაიზარდა. ეს ფაქტი როგორც Nasdaq Composite-ზე, ასევე Zoom-ზე უარყოფითად აისახა.
2022 წელს ვიდეო კომუნიკაციების კომპანიის ზრდის ტემპი ერთნიშნა მაჩვენებლამდე შენელდა, რადგან მომხმარებლები წყვეტენ ხარჯვას იმ სფეროებზე, რომლებიც ადრე მათთვის პრიორიტეტული იყო. ინვესტორები ღელავენ, რომ მომავალ წელს შეიძლება შენელება დაჩქარდეს.
ახლა რა?
Zoom უფრო მეტად ეყრდნობა საწარმოს სეგმენტს, რომელიც მყარი ტემპით ფართოვდება და კომპანიის სამომხმარებლო ერთეულში ზარალს ანაზღაურებს. აღმასრულებლები ასევე იმედოვნებენ, რომ შეავსებენ პროდუქციის პორტფელს დამატებითი სფეროებით, როგორიც არის AI (ხელოვნური ინტელექტი) ჩატი და ინტერნეტ ტელეფონია.
ამ სფეროებში წარმატების ნიშნების იდენტიფიცირებისთვის უნდა დააკვირდეთ ისეთ მაჩვენებლებს, როგორიც არის გაყიდვების ზრდა, საშუალო კონტრაქტის ზომა და გახანგრძლივების წილი (იმ მომხმარებელთა წილი, რომლებმაც პროდუქტის მოხმარება გაახანგრძლივეს).
ამავდროულად, აქციონერები უახლოეს მომავალში Zoom-ის აქციების არასტაბილურობას უნდა ელოდონ. გაურკვეველი ეკონომიკური პერსპექტივის გამო ინვესტორების მოკლევადიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზები ახლა სწრაფად იცვლება. ეს ცვლილებები ნიშნავს ფასების დიდ მერყეობას ისეთი ზრდაზე ორიენტირებული ტექნოლოგიური აქციებისთვის, როგორიცაა Zoom.