რა მოხდა?
გუშინ Meta Platforms-ის აქციების ფასი თითქმის 5%-ით შემცირდა. შედარებისთვის, დროის იმავე მონაკვეთში S&P 500-მა 2.5%-ით დაიკლო. სოციალური მედიის გიგანტთან დაკავშირებით რამდენიმე არც ისე პოზიტიური მცირე სიახლე გავრცელდა, შესაბამისად, ინვესტორთა გარკვეულმა ნაწილმა კომპანიის აქციები გაყიდა.
და რა?
ოთხშაბათს Twitter-ის მფლობელმა — ილონ მასკმა მედია კომპანიებში დაფიქსირებული თანამშრომლების დათხოვნის შემთხვევებზე კომენტარი გააკეთა. მან აღნიშნა: „მომავალ წელს სარეკლამო შემოსავალი დაბალი იქნება მთელი ინდუსტრიის მასშტაბით“. იმის გამო, რომ მასკი ახლა Twitter-ის სახეა, ბევრის აზრით, ეს უარყოფითი პერსპექტივა სოციალური მედიის კომპანიებზეც ვრცელდება.
ამავდროულად, ატლანტის ოკეანის გაღმა, დანიაში Meta ორი მონაცემთა ცენტრის მშენებლობას აჩერებს. Reuters, კომპანიის წარმომადგენელზე — პიტერ მიუნსტერზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ამის ნაცვლად Meta ააშენებს ერთ ახალი ტიპის მონაცემთა ცენტრს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის (AI) ფუნქციონალებისთვის უფრო შესაფერისია.
„ამ ღონისძიებების მნიშვნელოვანი ნაწილი არის ჩვენი რესურსების დიდი ნაწილის ფოკუსირება მაღალპრიორიტეტულ ზრდის სფეროებზე, მათ შორის სტრატეგიული ინვესტიციების განხორციელება ხელოვნურ ინტელექტში“, – თქვა მიუნსტერმა.
ახლა რა?
მიუხედავად იმისა, რომ Meta-ს აქციონერებისთვის არც ერთი ეს მოვლენა საგანგაშო არ არის, ისინი ემატება ზოგად პესიმიზმს, რომელიც ამჟამად კომპანიის აქციების შესახებ არის შექმნილი.