რა მოხდა?
გუშინ, კომპანიასთან დაკავშირებული რაიმე კონკრეტული სიახლის გარეშე, Snap-ის აქციების ფასი თითქმის 7%-ით შემცირდა. ეს კლება ფართო ბაზრის ვარდნის ტენდენციის ნაწილი იყო, რაც, თავის მხრივ, პოტენციური რეცესიის მიმართ ინვესტორების გაძლიერებულმა შიშმა გამოიწვია.
და რა?
გუშინ Morgan Stanley-ს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ 1600 მუშაკს დაითხოვს, რაც კომპანიის მთლიანი პერსონალის დაახლოებით 2%-ს შეადგენს.
ამავდროულად, JPMorgan Chase-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯეიმი დიმონმა აღნიშნა, რომ ინფლაციის ზრდა, სავარაუდოდ, მომავალ წელს რეცესიას გამოიწვევს.
ამასთან, მომავალ კვირას ფედერალური სარეზერვო სისტემა (Fed) იკრიბება, რათა საპროცენტო განაკვეთების ზრდის საკითხი გადაწყვიტოს. ეკონომისტების უმეტესობა მიიჩნევს, რომ Fed განაკვეთებს 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის.
მიუხედავად იმისა, რომ ეს წინა პერიოდთან შედარებით ნაკლებად სერიოზული ზრდა იქნება, ალბათ, Snap-ის ინვესტორები, შეშფოთებულნი არიან გასულ კვირას Fed-ის თავმჯდომარემ — ჯერომ პაუელის მიერ გაკეთებული განაცხადებით. მისი თქმით, სავარაუდოდ, საჭირო იქნება, რომ „ზღვრული განაკვეთი” — პიკური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც Fed-ის მიერ არის დაწესებული — აქამდე მოსალოდნელზე უფრო მაღალი იყოს.
Snap-ის ინვესტორები ამ ყველაფერზე უარყოფითად რეაგირებენ, რადგან ეკონომიკის ნებისმიერმა შენელებამ, რომელიც საპროცენტო განაკვეთების ზრდით არის გამოწვეული, შესაძლოა კომპანიის სარეკლამო ბიზნესზე სერიოზული ზეწოლა იქონიოს.
მესამე კვარტალში Snap-ის სარეკლამო გაყიდვები შენელდა და აგვისტოს ბოლოს კომპანიამ თავისი მუშახელის დაახლოებით 20% გაათავისუფლა, რამაც $155 მილიონის ოდენობით კვარტალური დანახარჯი განაპირობა.
ახლა რა?
Snap-ის ინვესტორებმა გასული წლის განმავლობაში აქციების ფასის დიდ ცვალებადობას გაუძლეს. კომპანია ამჟამად სარეკლამო გაყიდვების შენელებას განიცდის და თუ რეცესია განვითარდება, ამან შეიძლება რეკლამის განმთავსებლების მიერ Snap-ის პლატფორმაზე სარეკლამო ხარჯების შემცირება გამოიწვიოს.