რა მოხდა?
S&P Global Market Intelligence-ის მონაცემებით, ნოემბრის განმავლობაში B&G Foods-ის აქციების ფასი 18.9%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც შეფუთული საკვების კომპანიის კვარტალური ანგარიში უოლ სტრიტის მოლოდინებს ჩამორჩა და, ასევე, ხელმძღვანელობამ დივიდენდური ანაზღაურება 60%-ით შეამცირა.
მიუხედავად იმისა, რომ მენეჯმენტის თქმით, ახალი, უფრო მცირე დივიდენდი შენარჩუნებადია და 2004 წელს კომპანიის საჯარო ასპარეზზე გამოსვლის შემდეგ ეს დივიდენდების ზედიზედ 73-ე გადახდაა, ამ მაჩვენებლის შემცირება კარგი ნიშანი არასოდეს არის. ინფლაციისა და მზარდი საპროცენტო განაკვეთების გამო B&G Foods მძიმედ დაზარალდა, რის შედეგადაც კომპანიის დივიდენდებისთვის მთელი ზედმეტი ფული გახდა საჭირო, ვალის გადასახდელად ან სხვა ბიზნეს საჭიროებებისთვის კი მხოლოდ მცირე ფულადი რესურსები დარჩა.
კვარტალური დივიდენდი თითო აქციაზე $0,475-დან მხოლოდ $0,19-მდე შემცირდა.
და რა?
B&G Foods-მა, რომელიც ფლობს ცნობილ ბრენდებს, როგორიცაა Cream of Wheat, Crisco და Dash, წარადგინა ანგარიში, რომლის მიხედვითაც მესამე კვარტალში წმინდა გაყიდვები 2.6%-ით — $528.4 მილიონამდე გაიზარდა, მაგრამ ეს ზრდა თითქმის მთლიანად იყო ფასების მატების შედეგი, რომელიც ინფლაციის გავლენის შესამცირებლად გახდა საჭირო. გაყიდვების მოცულობა კი შემცირდა.
საფასო მოქმედებებმა ხელი შეუწყო მოგების მარჟის გაუმჯობესებას იმ პერიოდისთვის, რაც საქონლის მზარდი ხარჯებისა და ინფლაციის ეფექტის 80%-ს ანაზღაურებდა. B&G-ის მენეჯმენტის თქმით, ამ ნაბიჯმა ბიზნესი მეოთხე კვარტლისთვის სოლიდურ გზაზე დააყენა. ბოლო 12 თვის განმავლობაში, B&G-მა $133,4 მილიონის მოცულობის დივიდენდები გასცა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას, ცვლადი დავალიანებისთვის, უფრო მაღალი საპროცენტო გადასახადის გადახდა მოუწია.
მესამე კვარტალში B&G-მ თითქმის $32 მილიონის ოდენობით საპროცენტო ხარჯი გაიღო, რაც გასული წლის მაჩვენებელს 20%-ით აჭარბებს, ხოლო წლის დასაწყისიდან დღემდე კომპანიამ ამ მიმართულებით $88 მილიონზე მეტი გადაიხადა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10%-ით მეტია. ეს გვიჩვენებს ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) მიერ საპროცენტო განაკვეთების რეკორდული ზრდის გავლენას B&G-ის ვალის დონეზე, რომელმაც $2.4 მილიარდი შეადგინა. კომპანია ამჟამად $60 მილიონის მოცულობის ნაღდ ფულს ფლობს.
B&G Foods-ის კორექტირებულმა EPS-მა (მოგება ერთ აქციაზე) $0,31 შეადგინა. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი $0,55-ს აღწევდა.
ახლა რა?
პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა — კეისი კელერმა თქვა, რომ დივიდენდის შემცირება შეესაბამება მენეჯმენტის სურვილს, აქციონერებს მიმზიდველი და საიმედო ანაზღაურება მიაწოდოს. ამ შემცირების შემთხვევაშიც კი, კომპანიის წლიური დივიდენდური სარგებელი 5.8%-ს შეადგენს.