რა მოხდა?
გუშინ Chewy-ს აქციების ფასი 7%-ზე მეტით გაიზარდა. შედარებისთვის, სავაჭრო დღის განმავლობაში S&P 500 ინდექსმა 3%-ზე ოდნავ მეტით მოიმატა. ამ ზრდამ Chewy-ის ბოლოდროინდელი დანაკარგების მხოლოდ მცირე ნაწილი აანაზღაურა, წლის დასაწყისიდან კომპანიის აქციების ფასი თითქმის 25%-ით არის შემცირებული.
გუშინდელი ზრდა დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც ინვესტორებმა მოისმინეს ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) ხელმძღვანელის ახალი კომენტარი, რომელიც საპროცენტო განაკვეთის ზრდის ტემპის პოტენციურ შენელებაზე მიუთითებს.
და რა?
Fed-ის ხელმძღვანელმა — ჯერომ პაუელმა ოთხშაბათს, სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, ფედერალური სარეზერვო სისტემა დეკემბერში საპროცენტო განაკვეთებს, ბოლო თვეებში დაფიქსირებულ მატებასთან შედარებით, უფრო ნელი ტემპით გაზრდის. ეს წინადადება საკმარისი იყო Nasdaq-ის ინდექსისთვის, რომელიც დაახლოებით 4%-ზე მეტით გაიზარდა.
მზარდი პოტენციალის აქციების სტატუსმა და ელექტრონული კომერციის სპეციალისტის პოზიციამ Chewy ტექნოლოგიური კომპანიების აქციებით დატვირთული Nasdaq-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების მიმართ მგრძნობიარე გახადა. აქციების ფასის გუშინდელი მატება ამ მგრძნობელობის კიდევ ერთი მაგალითია.
ახლა რა?
Chewy მომგებიანია და თავისი ზრდის ინიციატივების დასაფინანსებლად ვალს არ ეყრდნობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ბიზნესი მზარდ საპროცენტო განაკვეთებს პირდაპირ არ ექვემდებარება. მაგრამ რეცესია Chewy-ს გაყიდვებზე და მოგებაზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს, რადგან ამ დროს მომხმარებლები ნაკლებს ხარჯავენ.
ინვესტორებს დიდი ხნის ლოდინი არ მოუწევთ იმის გასაგებად, თუ რამდენად კარგად უძლებს Chewy არსებულ გარემოს. კომპანია ფისკალური მესამე კვარტლის შედეგებს 8 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში წარადგენს.
თუ Chewy შეძლებს გააგრძელოს მეტი მომხმარებლის მოზიდვა ავტო-გადაზიდვის სერვისით, თუნდაც ფასების ზრდასთან ერთად, მაშინ ის სავარაუდოდ სოლიდურ მოგებას გამოიმუშავებს, თუნდაც „სუსტი“ სამომხმარებლო ხარჯების გარემოში.