რა მოხდა?
გუშინ, სავაჭრო დღის დაწყებიდან მალევე Netflix-ის აქციების ფასი 5%-ზე მეტით დაეცა. საბოლოოდ კი გუშინდელი დღის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 1.7%-ით შემცირდა.
ფართო ბაზარმა კლება განიცადა, რამაც უდავოდ შეუწყო ხელი ამ ვარდნას. თუმცა, ბოლოდროინდელმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ, შესაძლოა, უახლოეს თვეებში სტრიმინგის გიგანტს აბონენტების გაცილებით დიდი დანაკარგი შეექმნას.
და რა?
Reviews.org-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, შესაძლოა, მომხმარებლებს Netflix-ის ფასების ზრდა მოჰბეზრდათ. ორგანიზაციამ 1000 ამერიკელი გამოჰკითხა მათი სტრიმინგის ჩვევების, გამოწერის სერვისების და Netflix-თან დაკავშირებით მათი გრძნობების შესახებ, დასკვნა კი შოკისმომგვრელი იყო.
შედეგებმა აჩვენა, რომ წელს აშშ-ში Netflix-ის აბონენტების 25% გამოწერის გაუქმებას აპირებს. მოხსენების თანახმად, ეს შეიძლება 18 მილიონი გადამხდელი წევრი იყოს. როდესაც გამოკითხულებს მიზეზის დასახელება სთხოვეს, 40%-მა დაადანაშაულა Netflix-ის გამოწერის მზარდი ღირებულება, რომელიც ბოლო რვა წლის განმავლობაში თითქმის გაორმაგდა.
სტრიმინგ კომპანიასთან დაკავშირებით გამოკითხვას მხოლოდ ცუდი ამბები არ გამოუვლენია – გარდა იმისა, რომ Netflix მომხმარებელთა ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლით ამაყობს (სერვისი ამერიკელების დაახლოებით 78%-ს აქვს გამოწერილი) ის ყველაზე ყურებადია – რესპონდენტთა 70%-მა განაცხადა, რომ Netflix-ს, სტრიმინგის სხვა პლატფორმებთან შედარებით, ყველაზე მეტჯერ სტუმრობს. შედარებისთვის, Warner Bros. Discovery-ის HBO Max დიდი სხვაობით – 10%-იანი მაჩვენებლით მეორე ადგილს იკავებს.
ახლა რა?
მიმდინარე წელს, Netflix-მა დაახლოებით 1,2 მილიონი აბონენტი დაკარგა, თუმცა კომპანიის მენეჯმენტი ვარაუდობს, რომ გაუქმებები შემცირდა და ფასის ზრდამდე არსებულ დონეს დაუბრუნდა.
რთულ ეკონომიკურ პერიოდში მკვლევრებისთვის ადვილია ხარჯების გამაღიზიანებელი ზრდის შესახებ კვლევის ჩატარება, მაგრამ, რეალურად, Netflix ჯერ კიდევ ძლიერი კომპანიაა. კონტენტის მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს ცნობილ სათაურებს, როგორიცაა Stranger Things, Squid Game, Bridgerton, The Witcher და Money Heist, მაყურებელს, მიუხედავად ბოლოდროინდელი შეშფოთებისა, დიდ სიამოვნებას ანიჭებს.
გარდა ამისა, Netflix-ის რეკლამით მხარდაჭერილი სერვისი, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალ თვეში დაიწყებს ფუნქციონირებას, მაყურებელს, რამდენიმე რეკლამის ყურების სანაცვლოდ, დაბალ ფასს შესთავაზებს. ეს წარმოქმნის კიდევ ერთ ვარიანტს მათთვის, ვინც ფასების ზრდის ტემპით უკმაყოფილოა.