რა მოხდა?
Mastercard-ის აქციების ფასი გუშინ, ბაზრის გახსნიდან მალევე 2,7%-ით გაიზარდა, შემდეგ, შუადღისას 1,8%-ით დაეცა და დღის ბოლომდე 1,3%-ით – 286,48$-მდე შემცირდა.
უოლ სტრიტზე შერეული დღე იყო, რადგან Dow Jones Industrial Average 126 პუნქტით (0.45%) დაეცა, ხოლო S&P 500 8 პუნქტით (0.2%) შემცირდა, მაგრამ Nasdaq 27 პუნქტით (0.3%) გაიზარდა.
და რა?
საკრედიტო ბარათების გიგანტის აქციების ფასი სამშაბათს, ადრეულ ვაჭრობაში გაიზარდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ Mastercard პირველად უშვებს ახალ საკრედიტო ბარათს DoorDash-თან ერთად – საკვების მიწოდების სერვისისთვის. Mastercard იქნება ექსკლუზიური საკრედიტო ბარათის ქსელი DoorDash Rewards Mastercard-ისთვის, რომელიც საშუალებას მისცემს ბარათის წევრებს მიიღონ უპირატესობები, ასევე, გამოიმუშაონ ჯილდოები DoorDash-ის პლატფორმაზე და მის გარეთ განხორციელებული შესყიდვებისთვის. ბარათს გასცემს Chase, რომელიც JPMorgan Chase-ს ეკუთვნის.
2020 წლის იანვრიდან უკვე სამივე ერთად მუშაობდა Chase Mastercard-ის გარკვეულ საკრედიტო ბარათებზე DashPass-ის შეღავათების შესათავაზებლად. ეს ახალი პროექტი კი Mastercard-ის ურთიერთობას Chase-სა და DoorDash-თან კიდევ უფრო გააღრმავებს.
ინვესტორების განწყობა მოგვიანებით ჩიკაგოს ფედერალური სარეზერვო ბანკის პრეზიდენტის – ჩარლზ ევანსის ლონდონში გამოსვლის შემდეგ შეიცვალა. ევანსმა თქვა, რომ Fed-ის საბჭო, ინფლაციის შესამცირებლად, საპროცენტო განაკვეთების 4,50%-დან 4,75%-მდე გაზრდას აპირებს. (ადრე, ის მხარს უჭერდა განაკვეთების მაქსიმუმ 4%-მდე ზრდას, რაც ნაკლებად აგრესიულ პოზიციას წარმოადგენდა). სექტემბერში საპროცენტო განაკვეთის 75-პუნქტიანი მატების შემდეგ, ფედერალური ფონდების განაკვეთი 3%-3,25% დიაპაზონში მერყეობს.
„ინფლაციის შემცირება, სავარაუდოდ, მოითხოვს ეკონომიკის ტენდენციურზე დაბალი დონის ზრდის შენარჩუნებულ პერიოდს და, დიდი ალბათობით, შრომის ბაზრის პირობების შერბილებას ექნება ადგილი. მაგრამ ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ინფლაცია ჩვენს 2%-იან სამიზნე მაჩვენებელს დაუბრუნდეს” – განაცხადა ევანსმა.
ახლა რა?
პირობების ასეთი შეფასება, რა თქმა უნდა, მრავალი კომპანიისთვის მისასალმებელი სიახლე არ იყო, მათ შორის Mastercard-ისთვის, რომელიც შემოსავლის გამომუშავებისთვის სამომხმარებლო ხარჯებს ეყრდნობა. Fed-ის პროგნოზების მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), სავარაუდოდ, წელს 0,2%-იანი ზრდით დაასრულებს, ხოლო მომავალ წელს 1,2%-ით გაიზრდება. Fed ასევე პროგნოზირებს, რომ მშპ-ის ზრდა ისტორიულ ტენდენციას 2024 წლამდე არ დაბრუნდება.
Mastercard-ისთვის უფრო დიდი პრობლემაა კანონპროექტი, რომელიც, წარმომადგენელთა პალატაში და კონგრესში გზას იკვალავს და პოტენციურად დაარღვევს დუოპოლიას, რომელსაც Mastercard Visa-სთან ერთად იზიარებს. უცნობია, როდის გადაწყდება 2022 წლის Credit Card Competition Act-ის (კანონი საკრედიტო ბარათების კონკურენციის შესახებ) კენჭისყრა რომელიმე პალატაში, მაგრამ ორივე მათგანი ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს. კანონპროექტი მოითხოვს ბანკებისგან, რომელთა აქტივები $100 მილიარდ დოლარს აღემატება, დაამუშაონ საკრედიტო ტრანზაქციები არანაკლებ ორ დამოუკიდებელ ქსელზე და მინიმუმ ერთზე, რომელიც არ არის არც Visa და არც Mastercard. ეს კანონმდებლობა ცდილობს შექმნას მეტი კონკურენცია საკრედიტო ბარათების ქსელებს შორის და, საბოლოო ჯამში, საკომისიო განაკვეთებზე ზეწოლა იქონიოს.
ეს კანონპროექტი, დამტკიცების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად იმოქმედებს Mastercard-ზე, ასე რომ, თვალი ადევნეთ განვითარებულ მოვლენებს.