რა მოხდა?
Apple-ის აქციების ფასის მატებამ გუშინ დილით 2.2% შეადგინა. აღმოსავლეთის დროით 12:36 საათისთვის კომპანიის აქციების ფასი კვლავ 1.1%-ით იყო გაზრდილი, მიუხედავად იმისა, რომ ფართო ბაზარი დაეცა.
ფაქტორი, რომელმაც ტექნოლოგიური გიგანტის ზრდა გამოიწვია, იყო ცნობები, რომ Apple-მა iPhone 14-ის ზოგიერთი მოდელის ინდოეთში წარმოება დაიწყო.
და რა?
უკვე დიდი ხანია, რაც Apple თავისი iPhone-ების აბსოლუტურ უმრავლესობას ჩინეთში აწარმოებს. თუმცა, ბოლო წლებში კომპანია თავისი წარმოების დივერსიფიკაციაზე, ამასთან, ინდოეთში ბაზრის წილის გაფართოებაზე მუშაობს.
დაახლოებით ხუთი წელია, რაც კომპანია შეზღუდული რაოდენობის მოწყობილობებს ინდოეთში აწყობს, მაგრამ წარმოება შემოიფარგლება ძველი მოდელებით, მათ შორის არის iPhone SE. Apple-ის გლობალური მწარმოებელი პარტნიორი Foxconn უშვებს ადგილობრივად წარმოებულ iPhone-ებს, რომლებიც რამდენიმე დღეში ინდოელი მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
Apple-მა შემდეგი განცხადება გამოაქვეყნა: „ახალი iPhone 14-ის ხაზი წარმოგიდგენთ ინოვაციურ ახალ ტექნოლოგიებს და უსაფრთხოების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ინდოეთში iPhone 14-ის წარმოებას ვიწყებთ.”
ახლა რა?
არსებობს მთელი რიგი სარგებელი, რომელსაც ძირითადი ქარხნის მიღმა გაფართოება კომპანიას მოუტანს. Apple მუშაობდა ინდოეთში ბაზრის წილის გაზრდაზე, მაგრამ ეს ძალისხმევა ამ ქვეყანაში კონკურენტების მიერ წარმოებული იაფი სმარტფონების გამო შეფერხდა. ინდოეთში წარმოების სიმძლავრის გაზრდით, Apple-ს შეუძლია შეამციროს მოწყობილობის თვითღირებულება ადგილობრივ ბაზარზე და ასევე დაიწყოს iPhone-ების ექსპორტი ახლომდებარე ბაზრებზე.
Apple-ს ასევე ხელი შეუშალა ჩინეთში მთავრობის მიერ ჩატარებულმა ღონისძიებებმა კოვიდ-19-ის გავრცელების შესაჩერებლად, რამაც გამოიწვია ლოკდაუნი და წარმოების შეფერხება დაკეტილი ქარხნების გამო. ამ მოვლენებმა Apple-ის მიწოდების ჯაჭვის პოტენციური სისუსტეს გაუსვა ხაზი.
ამ თვის დასაწყისში კლიენტებისთვის გაგზავნილ შენიშვნაში, J.P. Morgan-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ Apple, სავარაუდოდ, ამ წლის ბოლოს iPhone 14-ის მსოფლიო წარმოების 5%-ს ინდოეთში გადაიტანს. გარდა ამისა, ანალიტიკოსების ვარაუდით, 2025 წლისთვის Apple ყველა iPhone-ის მეოთხედის ინდოეთში დამზადებას შეძლებს.
ეს ჭკვიანური ნაბიჯია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ კომპანია თავისი შემოსავლის ნახევარზე მეტს iPhone-ის საშუალებით გამოიმუშავებს. ეს Apple-ს არა მხოლოდ წარმოების დამატებითი ვარიანტებით უზრუნველყოფს, არამედ დაეხმარება კომპანიას მსოფლიოს სიდიდით მეორე პოპულაცია უფრო მეტად აითვისოს.