თვეების მანძილზე ძიების შემდეგ, Starbucks-ის წარმომადგენლებმა საბოლოოდ განაცხადეს, რომ კომპანიას ეყოლება ახალი აღმასრულებელი დირექტორი კევინ ჯონსონის ნაცვლად, რომელმაც თანამდებობა გასულ წელს დატოვა. ეს შესანიშნავი სიახლეა კომპანიისთვის, რომელიც უმკლავდება მაღაზიების მუდმივ დახურვას, მიწოდების ქსელის პრობლემებს, ინფლაციას, ხელფასების ზრდას, მომხმარებელთა ჩვევების შეცვლას, პროფკავშირების მცდელობებს და აქციების ფასის დაცემას. ეს ის სიაა, რომელმაც შეიძლება ნებისმიერი პოტენციური აღმასრულებელი დირექტორი შეაშინოს, მაგრამ უშიშარმა ლიდერმა ყავის გიგანტი ზრდის შემდეგ ეტაპზე უნდა გადაიყვანოს.
ვინ არის ახალი აღმასრულებელი დირექტორი?
Starbucks-ს ოქტომბერში მომავალი აღმასრულებელი დირექტორის ტიტულით ლაქსმენ ნარასიმჰანი შეუერთდება. ის აპირებს იმუშაოს ჰოვარდ შულცთან ერთად, რომელიც აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დარჩება მანამ, სანამ აპრილში ლაქსმენი აღმასრულებელი დირექტორი გახდება.
მისი მუშაობის ისტორიიდან და Starbucks-ის მიმართულებიდან გამომდინარე, ეს ნამდვილად საოცნებო შეხამებას ჰგავს. ჯონსონს, რომელმაც სადავეები 2017 წელს აიღო, ტექნოლოგიური სექტორის გამოცდილება ჰქონდა და სწორედ ამიტომ მან კომპანიის ციფრულ ეპოქაზე გადასვლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ნარასიმჰანს, რომელიც ინდოეთში დაიბადა, სამომხმარებლო საქონლის მიმართულებით ძლიერი გამოცდილება გააჩნია. ის ტოვებს ლონდონში დაფუძნებული ჯანმრთელობისა და კვების კონგლომერატის – Reckitt Benckiser Group-ის აღმასრულებელი დირექტორის როლს. მანამდე ის იყო McKinsey & Company-ის პარტნიორი და PepsiCo-ში მაღალი დონის პოზიციები ეკავა.
ზეწოლა
Starbucks-მა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უზარმაზარი ზრდა განიცადა, მაგრამ ის ახლა რამდენიმე გამოწვევის წინაშე დგას. კომპანიის წინაშე არსებული გამოწვევები სამ კატეგორიად იყოფა: გლობალური ეკონომიკური ზეწოლა, პროფკავშირების მცდელობები და სამომხმარებლო ტენდენციების შეცვლა. აქედან, მას გლობალური ეკონომიკური ზეწოლის შეცვლა არ შეუძლია, მაგრამ დანარჩენი ორი კატეგორიის მიმართულებით ის ფართო ცვლილებებს ახორციელებს.
კომპანიამ გასულ კვირას გამოაქვეყნა “ხელახალი გამოგონების გეგმა”, რომელიც არის აშკარა მცდელობა, დაძლიოს პროფკავშირული მცდელობები. იგი იღებს ვალდებულებას, გაზარდოს ხელფასები, გააუმჯობესოს შეღავათები და შექმნას უკეთესი ატმოსფერო მუშაკებისთვის. კომპანია ასევე დებს ინვესტიციებს მობილობის ზრდაში.
სტარბაქსი იმუშავებს სამომხმარებლო ტენდენციების შეცვლაზე მაღაზიის ფორმატების გაფართოებით და ციფრული მიმართულების უფრო საფუძვლიანად ათვისებით. ეს მოიცავს კომპანიის ლოიალობის პროგრამას, მობილურ შეკვეთას და გადახდას, რომლებიც ციფრული სისტემის საშუალებით ერთმანეთთან არის დაკავშირებული. სტარბაქსი ასევე ავითარებს ყავის პერსონალიზაციის გაუმჯობესებულ სისტემას უფრო სწრაფი და მარტივი მომსახურებისთვის.
ყველა ეს ცვლილება მიზნად ისახავს Starbucks-ის რესურსების უკეთ გამოყენებას, რაც ეფექტურობასა და მომგებიანობას გაზრდის.
საინტერესო იქნება, თუ რა მიმართულებით წარმართავს ნარასიმჰანი კომპანიას, იმის გათვალისწინებით, რომ ის არ არის დაქირავებული ახალი გეგმის შესაქმნელად, არამედ არსებულის შესასრულებლად. ის შულცთან ერთად კომპანიას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს და შეისწავლის სტრატეგიას, რომელიც არ მას არ შეუქმნია.
როგორ მდგომარეობაშია Starbucks?
მიუხედავად პრობლემებისა, Starbucks მყარ წარმადობას აფიქსირებს. ფისკალური მესამე კვარტლის (დასრულებულია 3 ივლისს) შემოსავალი გასულ წელთან შედარებით 9%-ით – $8,2 მილიარდამდე გაიზარდა. მოგება წინა წელთან შედარებით დაბალი იყო და EPS (მოგება თითო აქციაზე) შარშანდელი $0,97-დან $0,79-მდე შემცირდა. ეს შეიძლება გლობალური ეკონომიკური მიწოდების ჯაჭვის ზეწოლას მიეწეროს. მესამე კვარტალში 318 ახალი მაღაზიით კომპანია ჯერ კიდევ მრავალი ახალი მაღაზიის გახსნის გზაზეა.
Starbucks-ის აქციების მიმართ ნდობა
ინვესტორების საზოგადოება ამ ამბებს სიხარულით ხვდება. სწორედ ამიტომ Starbucks-ის აქციების ფასი ოდნავ გაიზარდა და ამჟამად ეს მაჩვენებელი წლის დასაწყისიდან 21%-ით არის შემცირებული.
ბაზარს კომპანიის გაურკვეველი სტატუსი არ მოეწონა, მაგრამ ის გამოცდილი აღმასრულებელი დირექტორს აფასებს. არსებობს უზარმაზარი სამომავლო პოტენციალი და ინვესტორებმა უნდა ადევნონ თვალყური, თუ როგორ წარმართავს ლაქსმენ ნარასიმჰანი კომპანიის საქმიანობას.