საინვესტიციო პორტფელის დაბალანსება ნიშნავს ისეთი პორტფელის შექმნას, რომელიც თქვენს ინდივიდუალურ რისკებს და საინვესტიციო მიზნებს შეესაბამება. მაგრამ ამის ერთხელ გაკეთება საკმარისი არ არის. უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი საინვესტიციო პორტფელი მუდამ დაბალანსებული იქნება და შეიძლება დროდადრო მისი რებალანსირება მოგიწიოთ.
აი, მოკლე შეჯამება იმისა, თუ რა უნდა იცოდნენ ინვესტორებმა საინვესტიციო პორტფელის ბალანსირებისა და რებალანსირების შესახებ:
- თქვენი პორტფელის დაბალანსება უზრუნველყოფს, რომ თქვენი საინვესტიციო აქტივების ნაზავი თქვენს რისკისადმი ტოლერანტობის დონეს და საინვესტიციო მიზნებს შეესაბამებოდეს.
- პორტფელის გადაბალანსება საშუალებას გაძლევთ, რომ დროთა განმავლობაში რისკის სასურველი დონე შეინარჩუნოთ.
- საინვესტიციო პორტფელის ბალანსი ბუნებრივად ირღვევა, რადგან ინდივიდუალური ინვესტიციების ფასები დროთა განმავლობაში იცვლება.
- შეგიძლიათ ბალანსი წინასწარ განსაზღვრულ დროს, ან მაშინ განაახლოთ, როდესაც თქვენი იდეალური ნაზავი ირღვევა.
- რებალანსირება შეიძლება განხორციელდეს ერთი ინვესტიციის გაყიდვით და მეორეს ყიდვით, ან აქციებსა და ობლიგაციებზე დამატებითი სახსრების გამოყოფით.
მოდით, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის თქვენი პორტფელის დაბალანსებისა და რებალანსირების მიზანი და რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი?
რატომ არის პორტფელის დაბალანსება და გადაბალანსება ასეთი მნიშვნელოვანი?
პორტფელის დაბალანსების მიზანია, მიაღწიოთ რისკისა და ანაზღაურების პოტენციალის სასურველ პროპორციებს.
საინვესტიციო პორტფელის შექმნისას შეიძლება აქტივები ასე გადაანაწილოთ: აქციები – 70%, ობლიგაციები – 30%. პრობლემა ის არის, რომ დროთა განმავლობაში ეს რეალობა იცვლება. დავუშვათ, საფონდო ბირჟის ზრდა ბევრად აღემატება ობლიგაციების ბაზრის მატებას. შედეგად, თქვენს პორტფელში არსებული აქციების ღირებულება ბევრად აჭარბებს ობლიგაციების ღირებულებას, რაც თქვენ მიერ თავდაპირველად დადგენილ წონასწორობას არღვევს. აქედან გამომდინარე, დროთა განმავლობაში საჭირო იქნება საინვესტიციო პორტფელის რებალანსირება, რათა სასურველი წონასწორობის შენარჩუნება შეძლოთ.
როგორ უნდა გადააბალანსოთ თქვენი პორტფელი?
რებალანსირება ნიშნავს ერთი ან მეტი აქტივის გაყიდვას და მიღებული შემოსავლის სხვა აქტივების შესაძენად, რათა სასურველ განაწილებას მიაღწიოთ. ზემოთ მოყვანილ მაგალითს თუ გავაგრძელებთ, თქვენ ან უნდა გაყიდოთ აქციების ნაწილი და მიღებული ფული ობლიგაციებში ჩადოთ, ან იყიდოთ მეტი ობლიგაცია, რათა ბალანსი აღადგინოთ.
ამ ვარიანტებიდან რომელი უფრო მიმზიდველად გეჩვენებათ?
- გაყიდეთ მაღალეფექტური ინვესტიციები და შეიძინეთ ნაკლებ შემოსავლიანი აქტივები.
- სტრატეგიულად გაანაწილეთ ახალი ფული. მაგალითად, თუ თქვენს პორტფელში ერთმა აქციამ ზედმეტად ჭარბი წონა შეიძინა, შეგიძლიათ ახალი დეპოზიტი სხვა სასურველ აქციაში ჩადოთ, რათა ბალანსი აღდგეს.
როგორც წესი, მეორე ვარიანტი უფრო ხელსაყრელია, რადგან „ტრადიციული“ გზით რებალანსირება (დამატებითი ფულის ინვესტირების გარეშე) თქვენი ყველაზე წარმატებული აქტივების გაყიდვას გულისხმობს.
დაბალანსებული პორტფელის თქვენეული განსაზღვრება
სამწუხაროდ, დაბალანსებულ პორტფელში თქვენი იდეალური დივერსიფიკაციის დასადგენად სრულყოფილი მეთოდი არ არსებობს.
თქვენთვის საუკეთესო აქტივთა განაწილების განსაზღვრის ერთ-ერთ მეთოდს 110-ის წესი ეწოდება. 110%-ს თქვენი ასაკი გამოაკელით. მაგალითად, თუ 50 წლის ხართ (110 – 50 = 60), გამოვა, რომ თქვენი ფულის 60% აქციებში უნდა დააბანდოთ, ხოლო 40% – ობლიგაციებში.
შეგიძლიათ ეს წესი გამოიყენოთ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია თქვენი ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინება. თუ რისკისადმი მეტად ტოლერანტული ხართ და ბაზრის მოკლევადიანი რყევები არ გაწუხებთ, შეიძლება თქვენი პორტფელის მეტი წილი აქციებზე გადანაწილდეს.
მეორეს მხრივ, თუ საფონდო ბირჟის მერყეობა თქვენი სტრესის დონეს ზრდის, მაშინ ობლიგაციების ან ნაღდი ფულის წილი უნდა გაზარდოთ. დაიმახსოვრეთ, რომ დაბალანსებული პორტფელი ინდივიდუალურია და ყველასთვის სხვადასხვაა.
როდის უნდა გადააბალანსოთ პორტფელი?
მას შემდეგ, რაც აქტივთა სამიზნე გადანაწილებას დაადგენთ და დაბალანსებულ პორტფელს შექმნით, ლოგიკური კითხვაა, თუ როდის უნდა გადაააბალანსოთ თქვენი პორტფელი.
რებალანსირების ორი ზოგადი გზა არსებობს. შეგიძლიათ თქვენი პორტფელი გარკვეული დროის ინტერვალში (მაგალითად, ყოველწლიურად) ან მაშინ გადააბალანსოთ, როდესაც ის თქვენ მიერ დადგენილ ბალანსს დაკარგავს. არ არსებობს სწორი ან არასწორი მეთოდი, მაგრამ თუ თქვენი პორტფელის ღირებულება უკიდურესად არასტაბილური არ არის, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ რებალანსირება საკმარისზე მეტია.
პორტფელის რებალანსირების უპირატესობა გრძელვადიანი ინვესტორებისთვის
როდესაც საბაზრო ღირებულება ეცემა, ინსტინქტი გვეუბნება, რომ პოზიციები მანამ გავყიდოთ, სანამ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება და როცა აქციების ფასები იზრდება სწორედ მაშინ გვსურს ბაზარზე ფულის შეტანა. ეს არის ადამიანური ბუნება, მაგრამ ასეთი მიდგომა საფონდო ბირჟაზე წარმატების მიღწევაში ხელს შეგიშლით.
დაბალანსებული პორტფელის შენარჩუნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობაა, რომ იძულებული ხართ ძვირად გაყიდოთ და იაფად შეიძინოთ. მაგალითად, თუ საფონდო ბირჟა კრახს განიცდის და აქციების ღირებულების 30%-ს კარგავს, მაშინ ობლიგაციების წილი თქვენს პორტფელში, სავარაუდოდ, ზედმეტად მაღალი გახდება. ბალანსის აღსადგენად შეიძლება გაყიდოთ ობლიგაციების ნაწილი და შეიძინოთ მეტი აქცია მანამ, სანამ ისინი იაფია. დაბალანსებული პორტფელის შექმნა და მის შესანარჩუნებლად ნაბიჯების გადადგმა დაგეხმარებათ, მნიშვნელოვანი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას, ემოციებზე ზედმეტად დაყრდნობა თავიდან აიცილოთ.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.