თითქმის ექვსი ათეული წლის განმავლობაში, Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელი დირექტორი – უორენ ბაფეტი კომპანიის ინვესტორებისთვის ნამდვილი ფულის მანქანა იყო. მას შემდეგ, რაც ლეგენდარულმა ინვესტორმა ეს თანამდებობა დაიკავა, აქციონერებისთვის (რომელშიც თავადაც შედის) $660 მილიარდის მოცულობის ღირებულება შექმნა და 1965 წლის დასაწყისიდან 2021 წლის ბოლომდე კომპანიის A კლასის აქციებისთვის 3,641,613%-ის ოდენობით ანაზღაურება გამოიმუშავა. იმავე 57 წლის განმავლობაში S&P 500-ის მთლიანმა ანაზღაურებამ (დივიდენდების ჩათვლით) „მხოლოდ“ 30,209% შეადგინა.
ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, თუ რატომ ანადგურებს ბაფეტი უოლ სტრიტის საორიენტაციო ინდექსს
მიუხედავად იმისა, რომ უორენ ბაფეტის წარმატებას მრავალმა ფაქტორმა შეუწყო ხელი, მისი წარმატების უდავო გასაღები არის მოთმინება. ბაფეტმა 10 უმსხვილესი ჰოლდინგიდან (საბაზრო კაპიტალის მიხედვით) თითოეული საშუალოდ 49.4 კვარტლის განმავლობაში (12 წელზე მეტი) შეინარჩუნა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი დროს საუკეთესო მოკავშირედ აქცევს.
მომგებიანი აქციები გამარჯვებას განაგრძობს
ინვესტიციების ყიდვისა და დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნების უპირატესობა მარტივია: გამარჯვებული ბიზნესი გრძელვადიან პერსპექტივაში გამარჯვებას განაგრძობს. მაგალითად, შესაძლოა, Coca-Cola-ს აღარ ახასიათებდეს ისეთი ზრდა, როგორც ადრე, მაგრამ ის მაინც არის კომპანია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილურად იზრდება. ეს არის ასევე აქცია, რომელსაც უორენ ბაფეტი ყველაზე ხანგრძლივი ვადით (34 წელი) ფლობს.
მოთმინება ანაზღაურდება
აქციების ყიდვა და დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნება ბაფეტს საშუალებას აძლევს, დროთა განმავლობაში მნიშვნელოვანი დივიდენდური ანაზღაურება მიიღოს. მომდევნო 12 თვის განმავლობაში Berkshire Hathaway $6 მილიარდზე მეტ დივიდენდურ შემოსავალს მიიღებს, რომლის დიდი ნაწილი რამდენიმე კომპანიიდან მოდის.
დივიდენდური აქციები თითქმის ყოველთვის მომგებიანია, დროში გამოცდილია და გამჭვირვალე გრძელვადიანი ზრდის პერსპექტივებით ხასიათდება.
ემოციები განტოლებიდან ამოღებულია
გარდა ამისა, უორენ ბაფეტის გრძელვადიანი მიდგომა ინვესტიციებისადმი ეხმარება იმ ემოციების მოცილებას, რომელიც სწორ განსჯასა და ანალიზს ხელს უშლის.
ინვესტორები ხშირად ცდილობენ ბაზართან სინქრონიზებას. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ხანდახან გაგიმართლოთ, გრძელვადიან პერსპექტივაში ბაზარზე შესვლისა და გამოსვლის საუკეთესო დროების განსაზღვრა შეუძლებელია.
უორენ ბაფეტმა კარგად იცის, რომ აღმავლობა და რეცესია ეკონომიკური ციკლის ბუნებრივი ნაწილია. ბაზართან სინქრონიზების მცდელობის ნაცვლად ის გრძელვადიან პერსპექტივას ინარჩუნებს და თავის საინვესტიციო პორტფელს დროში გამოცდილი ბიზნესებით ავსებს.
მიუხედავად იმისა, რომ რეცესია გარდაუვალია, ის ხშირად მხოლოდ რამდენიმე კვარტლის განმავლობაში გრძელდება. იმავდროულად, აღმავლობის პერიოდები გაცილებით ხანგრძლივია. ეს კი ბაფეტის მსგავს მომთმენ ინვესტორებს დიდი მოგების მიღების საშუალებას აძლევს.
უორენ ბაფეტის მფლობელობაში არსებულმა ბაზარზე მყარად დამკვიდრებულმა კომპანიებმა, როგორიც არის Coca-Cola, Moody’s, American Express და Globe Life, შესაძლოა რეცესიის დროს დროებითი საოპერაციო სისუსტე განიცადოს, თუმცა, ზრდის პერიოდში ამ აქციების მფლობელები ინვესტორები მნიშვნელოვან სარგებელს იღებენ.