Tesla-ს 1/3 შეფარდებით აქციების დაყოფის წინადადებამ ამ თვეში 2022 წლის აქციონერთა ყოველწლიურ კრებაზე მოწონება დაიმსახურა. ელექტრომობილების მწარმოებელი ხვალ ბაზრის დახურვის შემდეგ არსებობის მანძილზე აქციებს უკვე მეორედ დაყოფს.
თუ გაინტერესებთ, როგორ მუშაობს აქციების დაყოფა და რა ბედი ეწევა თქვენს Tesla-ს აქციებს, ამ სტატიაში ორ პუნქტს გაეცნობით.
- აქციების დაყოფის შემდეგ თქვენ Tesla-ს მეტი აქცია გექნებათ
აქციების დაყოფა მათ რაოდენობას ზრდის, ხოლო ფასი პროპორციულად მცირდება, რაც საცალო ინვესტორებისთვის კომპანიის აქციებს უფრო ხელმისაწვდომს ხდის. თუ უკვე კომპანიის აქციონერი ხართ, თქვენი აქციები დაიყოფა, მაგრამ მათი საერთო ღირებულება არ შეიცვლება.
აქციების დაყოფას თან ახლავს გარკვეულწილად დამაბნეველი არითმეტიკა, როგორიც არის „1/2“ ან „2/3“ და ა. შ. ბევრ სხვა მაგალითთან ერთად, ამ ფენომენის უკეთ გაგებაში პიცა დაგეხმარებათ.
წარმოიდგინეთ კომპანიის ღირებულება, რომელიც მთელი პიცით არის წარმოდგენილი. როდესაც აქციების ბაზარზე მიმოქცევის პროცესი დაიწყო, ეს პიცა გარკვეული რაოდენობის ნაჭრებად დაიყო. სიმარტივისთვის, დავუშვათ, რომ პიცა რვა ნაწილად დაიყო და თქვენ აქედან ორ ნაჭერს ფლობთ.
თუ კომპანია 1/3 შეფარდებით დაყოფას გამოაცხადებს, აქციების რაოდენობა გასამმაგდება, ასე რომ, თავდაპირველი პიცა ამჯერად 24 ნაწილად დაიყოფა. მაშინ, როდესაც ადრე კომპანიის 2/8-ს ფლობდით, ახლა გექნებათ 6/24. გამოვა, რომ 2-ის ნაცვლად ახლა 6 აქციას ფლობთ, თუმცა დაყოფის შედეგად აქციების ფასი რაოდენობის ზრდის პროპორციულად მცირდება და შესაბამისად კომპანიაში თქვენი წილიც იგივე რჩება. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ადრე ფლობდით 30$-ის ღირებულების 2 აქციას, ახლა თქვენს მფლობელობაში იქნება 10$-ის ღირებულების 6 აქცია (2 x $30 = 6 x $10).
დავუშვათ, თუ ტესლას ერთ აქციას ფლობთ, 1/3 შეფარდებით დაყოფის შედეგად თქვენს მფლობელობაში 3 აქცია იქნება. თუ, მაგალითად, დაყოფამდე აქციის ფასი $900-ს შეადგენდა, დაყოფის შემდეგ თითო აქციის ფასი $300 იქნება. ამ მაგალითშიც ჩანს, რომ თქვენი აქციების ჯამური ღირებულება კვლავ $900 იქნება. იმის გასაგებად, თუ რამდენი აქცია გექნებათ დაყოფის შემდეგ, თქვენს პორტფელში 17 აგვისტოს მდგომარეობით არსებული ტესლას აქციების რაოდენობა 3-ზე უნდა გაამრავლოთ.
ინვესტორები ზოგადად აქციების დაყოფის შესახებ კომპანიის განცხადებაზე დადებითად რეაგირებენ, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ეს მიანიშნებს კომპანიის სურვილზე, მოიზიდოს მეტი ინვესტორი. კვლევებმა აჩვენა, რომ კომპანიები, რომლის აქციებიც დაიყო, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გაიზარდა. შედეგად, თქვენი პორტფელისთვის ეს, შეიძლება, სასარგებლო იყოს.
- აქციების დაყოფა გადასახადების გადახდას არ დაგავალდებულებთ
როგორც უკვე ვთქვით, აქციების დაყოფა კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციას ან თქვენი აქციების ღირებულებას არ ზრდის. ანგარიშზე მეტი აქცია გექნებათ, მაგრამ საერთო ღირებულება იგივე დარჩება, აქედან გამომდინარე, აქციების დაყოფა თავისთავად დასაბეგრ მოვლენად არ ითვლება.