მიწოდების ჯაჭვი არის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საქონლის, მომსახურებისა და ნედლეულის მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოძრაობას. მიწოდების ჯაჭვის აქციები მოიცავს სატრანსპორტო კომპანიებს, მიწოდების კომპანიებს და სატვირთო კომპანიებს. ისინი ასევე მოიცავს ლოჯისტიკურ ფირმებს, მიწოდების ჯაჭვის პროგრამული უზრუნველყოფის ბიზნესს და მომსახურების კომპანიებს.
ეს კომპანიები ახლა აქტუალურია, რადგან უკანასკნელი წლების განმავლობაში გლობალური მიწოდების ჯაჭვი მძიმე ზეწოლის ქვეშ მოექცა. მიწოდების ჯაჭვის პრობლემების ხელშემწყობ ფაქტორებში შედის:
- სავაჭრო ტარიფები
- კოვიდ-19-ით გამოწვეული ლოკდაუნი
- გეოპოლიტიკური დაძაბულობა, როგორიც არის კონფლიქტი უკრაინაში
- კომპონენტების დეფიციტი, როგორიც არის ნახევარგამტარები და ნედლეული, მათ შორის ნიკელი
ამ ზეწოლამ გამოიწვია მოგების პროგნოზების შემცირება, გაზრდილი ფასები და რეცესიის შიში.
ათწლეულების განმავლობაში უფრო მჭიდრო და ურთიერთდაკავშირებული გლობალური მიწოდების ჯაჭვები მოქმედებდა „ზუსტად დროულად“ პრინციპის შესაბამისად, ამ სტრატეგიის თანახმად, მასალები და პროდუქტები მოძრაობს ზუსტად გამოყენებამდე ან გაყიდვამდე, რის შედეგადაც მიწოდების ჯაჭვი უეცარი შოკების მიმართ მგრძნობიარეა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში სწორედ ეს მოხდა.
ახლა კი განვიხილოთ მიწოდების ჯაჭვის 5 კომპანია, რომელსაც 2022 წელს თვალი უნდა ადევნოთ.
UPS
ამანათების მიწოდების გიგანტი UPS განიცდის ტრანსფორმაციას, რომელსაც აღმასრულებელი დირექტორი – კეროლ ტომე აღწერს, როგორც „უკეთესს, არა უფრო დიდს.“ ეს ფრაზა წარმოადგენს გადაწყვეტილებას, კომპანიის არსებული აქტივები გამოყენებულ იქნას მაქსიმალურად და გაიზარდოს მოგება, ვიდრე წმინდა მოცულობა.
UPS და FedEx წააწყდნენ გამოწვევებს, რომლებიც ელექტრონული კომერციის მზარდი მოცულობის დამუშავებისთვის ქსელების შესაქმნელად კაპიტალურ ხარჯებს ზრდის. ბიზნესი-მომხმარებელი (B2C) მიწოდების ფასის ზრდამ ასევე ზეწოლა იქონია მარჟის ზრდაზე.
თუმცა, როგორც ჩანს, ტომეს ახალი ჩარჩო მუშაობს და საშუალოვადიანი მიზნების მისაღწევად UPS სწორ გზაზე დგას. გარდა ამისა, მენეჯმენტის ტრანსფორმაციული სტრატეგია, რომელიც ფოკუსირებულია მცირე და საშუალო ბიზნესზე (SMB) და ჯანდაცვის ბაზრებზე, პანდემიის დროს გაძლიერდა, რადგან SMB-ები ელექტრონული კომერციის შესაძლებლობებისა და ჯანდაცვის მიწოდების გასაძლიერებლად გაერთიანდნენ.
მარჟის გაფართოებისა და ფულადი ნაკადების გენერირების გეგმების სიმყარისა და ელექტრონული კომერციის მოცულობის რაოდენობის ზრდის საშუალებით, UPS ბაზარზე კარგად არის პოზიციონირებული, რადგან ის მომხმარებელთა მიწოდების საჭიროებებს აკმაყოფილებს.
CSX
ბოლო ათწლეულის განმავლობაში რკინიგზის სექტორში რევოლუცია მოხდა. ყველა წამყვანმა მოთამაშემ, მათ შორის CSX-მა, ზუსტად დაგეგმილი სარკინიგზო გადაზიდვების (PSR) მართვის ტექნიკა მიიღო. სტრატეგია მიზნად ისახავს იმავე მოცულობის, ნაკლები აქტივების გამოყენების საშუალებით გადაზიდვას. PSR პრაქტიკოსები, მუშაობის გასაუმჯობესებლად, მჭიდროდ აკონტროლებენ ძირითად მეტრიკებს, როგორიც არის მანქანის სიჩქარე, ტერმინალზე დაყოვნება და მატარებლის სიგრძე.
წამყვანმა რკინიგზებმა საოპერაციო კოეფიციენტი (დანახარჯების შემოსავლებთან შეფარდება) შეამცირა, რაც მოგების მაღალ მარჟას ნიშნავს.
Old Dominion Freight Line
Old Dominion არის სატვირთო მანქანებით გადაზიდვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანია, რომელიც შედარებით მცირე ტვირთების (LTL) გადაზიდვაზეა ორიენტირებული. მაშინ, როცა სრული ტვირთის (TL) კომპანიები, როგორც წესი, ტვირთს ერთ მომხმარებელს მიაწოდებენ, LTL სატვირთო მანქანებს შეუძლია ტვირთი მრავალი მომხმარებლისთვის გადაზიდოს. მიწოდების ჯაჭვის კრიზისის ფონზე ეს მთავარი უპირატესობაა, რადგან უამრავი მომხმარებელი მზად არის გადაიხადოს მეტი ფული კრიტიკული კომპონენტების მისაღებად.
Old Dominion-ს სატრანსპორტო ინდუსტრიაში ყველაზე მაღალი მარჟები აქვს. ფაქტობრივად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში კომპანია შთამბეჭდავი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. მარჟის ზრდა პანდემიის დროს განსაკუთრებით ძლიერი იყო, რადგან Old Dominion-ს შეეძლო, მიწოდების მიმართ მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, უფრო შერჩევითი ყოფილიყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კომპანია, ძლიერი მოთხოვნის პირობებში, მომგებიანობის მაქსიმიზაციაზეა ორიენტირებული.
Trimble
ინვესტორები შეიძლება დაინტერესდნენ, თუ რას აკეთებს პოზიციონირების ტექნოლოგიების კომპანია ამ სიაში. პასუხი მარტივია – Trimble-ის ტექნოლოგია შედის აშშ-ის 200 საუკეთესო სატვირთო ფლოტის 99%-ში. გარდა ამისა, სატრანსპორტო სეგმენტს წვლილი კომპანიის მთლიანი გაყიდვების დაახლოებით მეოთხედში შეაქვს.
Trimble-ის მოწყობილობების და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, სატვირთო კომპანიებს შეუძლიათ თავიანთი ფლოტები რეალურ დროში აკონტროლონ და დააკორექტირონ. ამით მათ შეუძლიათ გაზარდონ ფლოტის დატვირთვა და შეამცირონ საწვავის ხარჯები.
სატვირთო კომპანიებს ნედლეული და მზა საქონელი სადისტრიბუციო საწყობებში გადააქვთ, საბოლოო ჯამში კი, ტვირთი მაღაზიებში ან თუნდაც პირდაპირ მომხმარებლებთან მიდის. შედეგად, Trimble-ის ტექნოლოგიას შეუძლია მიწოდების ჯაჭვის მასშტაბით ინვესტიციის დაბრუნება გააუმჯობესოს. ეს არის ძირითადი სარგებელი კომპანიებისთვის, რომლებიც ცდილობენ, მიწოდების ჯაჭვის ხარჯები შეამცირონ და პროდუქტიულობა გააუმჯობესონ.
საბოლოო ჯამში, Trimble-ის მენეჯმენტი თვლის, რომ სატრანსპორტო სექტორის მთლიანი პოტენციური ბაზარი $14 მილიარდს შეადგენს. მიწოდების ჯაჭვის პრობლემები კომპანიის ზრდის პერსპექტივებს მხოლოდ გააძლიერებს.
Manhattan Associates
Manhattan Associates აწარმოებს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც გამოიყენება მიწოდების ჯაჭვისა და ინვენტარის სამართავად საცალო, საბითუმო, დისტრიბუციისა და წარმოების საბოლოო ბაზრებზე. მიუხედავად იმისა, რომ კრიზისმა მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტის გაუმჯობესების აუცილებლობის შესახებ ცნობიერება გაზარდა, Manhattan-ს ზრდის კიდევ ერთი ძლიერი მამოძრავებელი ძალა აქვს. კონკრეტულად კოვიდ-19-ის პანდემიამ ასევე დააჩქარა საცალო ვაჭრობის ყოვლისმომცველი შესაძლებლობები. ეს იმას ნიშნავს, რომ საცალო მოვაჭრეები სულ უფრო მეტად ყიდიან პროდუქტს სხვადასხვა არხების საშუალებით, იქნება ეს მაღაზიები, ონლაინ პლატფორმები თუ სხვა.
შედეგად, საცალო მოვაჭრეებისთვის მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი, ასევე, სადისტრიბუციო ცენტრებსა და საწყობებში ლოჯისტიკური ოპერაციები სულ უფრო რთული ხდება. ეს ყველაფერი კი Manhattan Associates-ის გაძლიერებას ემსახურება. კომპანიის გრძელვადიანი ზრდის პერსპექტივები შესანიშნავად გამოიყურება. უოლ სტრიტის ანალიტიკოსები უახლოეს მომავალში შემოსავლების ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით ზრდას პროგნოზირებენ.