დივიდენდური აქციები, როგორც ნებისმიერი გრძელვადიანი საინვესტიციო პორტფელის მყარი საფუძველი, ყოველთვის მისასალმებელია. თუმცა, გაზვიადებული დივიდენდური სარგებელი, შეიძლება, პრობლემად იქცეს კომპანიებისთვის, რომლებსაც ფინანსური სტაბილურობის სერიოზული პრობლემები აქვს. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში უნდა დარწმუნდეთ, რომ დივიდენდური აქციის უკან დგას მტკიცე ფინანსური მდგომარეობის მქონე ბიზნესი, რომელსაც ურყევი გრძელვადიანი პერსპექტივა გააჩნია.
დღეს კი ვისაუბრებთ ტექნოლოგიური სექტორის 3 დივიდენდურ აქციაზე, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში აქციონერებისთვის წარმატება მოჰქონდა. ეს კომპანიებია: Texas Instruments, Universal Display და Applied Materials.
რას აკეთებენ ეს კომპანიები?
ერთი შეხედვით, ეს აქციები ძალიან განსხვავებულად გამოიყურება.
Texas Instruments ნახევარგამტარულ ტექნოლოგიებში გამოცდილი ნოვატორია. კომპანია ანალოგურ პროცესორებს და დაბალი სიმძლავრის ჩაშენებულ სქემებს აწარმოებს, თუმცა მომხმარებელთა უმეტესობისთვის, შესაძლოა, ეს კომპანია კალკულატორებით იყოს ცნობილი.
Universal Display ავითარებს ორგანული სინათლის დიოდურ (OLED) ეკრანს მიღმა, რომელსაც დღეს სმარტფონებში, ტაბლეტებსა და მაღალი კლასის ტელევიზორებში ხვდებით. კომპანია გეგმავს, რომ მომავალში თავისი OLED პროდუქცია გააფართოოს მასობრივი ბაზრის ახალი შესაძლებლობებით, როგორიც არის განათების პანელები, დასაკეცი და გამჭვირვალე ეკრანები.
Applied Materials აწარმოებს დანადგარებს, პროგრამულ უზრუნველყოფასა და მასალებს, რომლებიც ისეთი მოწინავე პროდუქტების წარმოებისთვისაა საჭირო, როგორიც არის ნახევარგამტარები, მზის პანელები და ციფრული ეკრანები. ძნელია დღეს ბაზარზე იპოვოთ ელექტრონიკა, რომლის წარმოების პროცესშიც Applied Material-ს წვლილი არ მიუძღვის.
დივიდენდები
Texas Instruments დივიდენდური აქციებით დაინტერესებულ ინვესტორებს მძლავრ – 3%-ის ტოლ შემოსავალს სთავაზობს. Applied Materials და Universal Display ამ დონეზე საკმაოდ დაბლა იმყოფება – თითოეულის დივიდენდური შემოსავალი 1.1%-ს შეადგენს. თუმცა, სამივე კომპანია საშუალოზე მაღალ დივიდენდებს იხდის ტექნოლოგიური აქციებით დატვირთულ Nasdaq ბაზარზე, სადაც საშუალო დივიდენდური სარგებელი მხოლოდ 0.6%-ს აღწევს.
სამივე კომპანია, ფულადი სახსრების თავისუფალი ნაკადების საშუალებით, თანმიმდევრულად აფინანსებს დივიდენდებს. Texas Instuments-მა ბოლო ოთხი კვარტლის განმავლობაში თავისი თავისუფალი ფულადი სახსრების 62% დივიდენდების სახით გადაანაწილა. Universal Display-ის ფულად სახსრებზე დაფუძნებული დივიდენდების გადახდის კოეფიციენტი 25%-ზე შეჩერდა, მაშინ, როცა Applied Materials-მა დივიდენდების სახით თავისი ფულადი მოგების 17% გასცა.
ამბის საუკეთესო ნაწილი კი ის არის, რომ დროთა განმავლობაში ეს დივიდენდები იზრდება.
გარდა ამისა, ეს მაღალი ხარისხის ბიზნესები წელს ინფლაციის შედეგად გამოწვეულმა ბაზრის ვარდნამ ჩაითრია. სამივე კომპანიას ძლიერი გრძელვადიანი ბიზნეს პერსპექტივები გააჩნია და არსებული პანიკის გაქრობის შემდეგ, მდგომარეობა თითოეული მათგანისთვის უნდა გაუმჯობესდეს. მანამდე კი ამ აქციების შეძენა მნიშვნელოვნად შემცირებული ფასებით არის შესაძლებელი.