Nike-ის ინვესტორები კომპანიის მეოთხე ფისკალური კვარტლის ანგარიშით შეშფოთებულნი იყვნენ. ყველაზე დიდი შიში ეხებოდა სუსტ გაყიდვებს, მომგებიანობის შემცირებას და ახალ ფისკალურ წელს მარაგების პოტენციურ ზრდას.
მიუხედავად იმისა, რომ ფეხსაცმლის გიგანტმა ყველა ამ სფეროში გაუარესების ტენდენციები აჩვენა, შედეგები არც ისე ცუდი იყო, როგორც ბევრი ინვესტორი ფიქრობდა. მენეჯმენტის გუნდმა ასევე გამოაქვეყნა ზრდის პერსპექტივა ახალი წლისთვის, რაც გულისხმობს, რომ ბოლო საოპერაციო ვარდნა დაკავშირებულია დროებით საკითხებთან, როგორიც არის მიწოდების ჯაჭვის გამოწვევები და კოვიდ-19-ით გამოწვეული ლოკდაუნი ჩინეთში.
მოდით, ყველაფერი უფრო დეტალურად განვიხილოთ.
გაყიდვების პოზიტიური ტენდენციები
Nike-ის გაყიდვები 1%-ით – $12.2 მილიარდამდე დაეცა, რაც ინვესტორების პროგნოზს ზუსტად შეესაბამება. Nike-ს მაისის ბოლოს ჰქონდა რამდენიმე გამოწვევა, რომელიც მისი ბიზნესისთვის უფრო სპეციფიკური იყო.
ჩინეთის ბაზარი, რომელიც გლობალური ბიზნესის უზარმაზარ ნაწილს წარმოადგენს, 20%-ით შემცირდა, რადგან პანდემიასთან დაკავშირებულმა ჩაკეტვამ გაყიდვების ტენდენციებზე ზეწოლა იქონია. მიუხედავად ამისა, Nike-მა გაყიდვების მხრივ მსოფლიოს მასშტაბით მცირე ზრდა მაინც დააფიქსირა. „Nike-ის შედეგები ჩვენი ბრენდების შეუდარებელი სიძლიერისა და მომხმარებლებთან ჩვენი ღრმა კავშირის მოწმობაა“ – თქვა აღმასრულებელმა დირექტორმა – ჯონ დონაჰომ პრესრელიზში.
ხარჯები და ნაღდი ფული
მოგების სურათიც არ იყო ცუდი. Nike-ის მთლიანი მოგების ზღვარი 1 პროცენტულ პუნქტზე ნაკლებით შემცირდა, რაც, ყველა მზარდი ხარჯის გათვალისწინებით (ტრანსპორტირებით დაწყებული, შრომის საფასურით დამთავრებული), დადებით ფაქტორად უნდა ჩაითვალოს.
მენეჯმენტი უფრო აგრესიულად ხარჯავდა ფულს აქციების გამოსყიდვასა და დივიდენდების გადახდაზე, მაგრამ ნაღდი ფულის მარაგი მაინც საკმარისი იყო – $13 მილიარდი. Nike-მა ისეთი ნაბიჯების გადადგმა განაგრძო, რომელიც დიდი პოტენციალის მქონე კომპანიისგან არის მოსალოდნელი.
ნაიკმა დიდი ინვესტიცია ჩადო ციფრულ ინფრასტრუქტურაში, ახალი ინოვაციური პროდუქტების კვლევაში და მარკეტინგში. ეს ინიციატივები მხარს უჭერს მენეჯმენტის მტკიცებას, რომ ისინი, მიუხედავად ბიზნესის ზოგიერთი ნაწილის შემცირებისა, მომხმარებელთა მძლავრ მოთხოვნას ხედავენ.
მომავლის პერსპექტივები
ახალი ფისკალური წლისთვის Nike-ის პერსპექტივა დადებითი იყო. მენეჯმენტი ამბობს, რომ წარმოების, ინვენტარიზაციისა და მიწოდების ჯაჭვის გამოწვევების ძირითადად გადალახვით, საფუძველი გაყიდვების კიდევ ერთ რეკორდულ წელს ჩაეყარა.
ინვენტარის მარაგი მეოთხე კვარტალში 23%-ით გაიზარდა. ამ ზრდის უმეტესობა გამოწვეული იყო ტრანსპორტირების ხანგრძლივი დროის ფაქტორით. თუმცა, ეს, შეიძლება, დიდი პრობლემა გახდეს, თუ მომხმარებელთა მოთხოვნის ტენდენციები გაუარესდება.
Nike-ის პროგნოზი ასეთ მკვეთრ ვარდნას არ ითვალისწინებს. ამის ნაცვლად, ფისკალური 2023 წლისთვის შემოსავალი ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით უნდა გაიზარდოს. აღმასრულებლები აცხადებენ, რომ პირველ კვარტალში მომგებიანობა კიდევ ერთი მცირე ნაბიჯით შემცირდება, სანამ დანარჩენი წლის განმავლობაში, მარაგსა და მოთხოვნას შორის არსებული ჯანსაღი ბალანსის წყალობით, გამოკეთდება.
კომპანიის მიერ ახალი პროდუქტის გამოშვებამ, ფისკალურ 2023 წელს, შეიძლება, გვაჩვენოს აკმაყოფილებს თუ არა კომპანია ამ ამბიციურ მიზნებს. დღემდე, როგორც ჩანს, მომხმარებლებს, მიუხედავად ფასები ზრდისა, სურთ, რომ ამ ინოვაციებზე ფული დახარჯონ. მალე გავარკვევთ გაუძლებს თუ არა ეს ენთუზიაზმი საშვებულებო სავაჭრო სეზონს.