აქციების ფასები გასულ კვირას კვლავ დაეცა, Dow Jones Industrial Average და S&P 500 დაახლოებით 2%-ით შემცირდა. ინვესტორებისთვის ეს წელი რთულად დაიწყო, 2022 წელს ამ ორმა ინდექსმა, შესაბამისად, 15%-იანი და 20%-იანი კლება განიცადა.
კომპანიების კვარტალური ანგარიშები კვლავ ეხმარება უოლ სტრიტს განსაჯოს, შემცირდება თუ არა ახლა სამომხმარებლო ხარჯები. ამ სტატიაში კი განვიხილავთ 3 კომპანიას, რომლებიც უახლოეს დღეებში ფინანსურ შედეგებს წარადგენს.
Levi Strauss’
ჯინსების სპეციალისტი კვარტალურ ანგარიშს ხუთშაბათს [7 ივლისი] წარადგენს და მოსალოდნელია, რომ მეორე კვარტლის გაყიდვების ზრდა 10%-ს შეადგენს, რაც, პანდემიამდელ დღეებთან შედარებით, მყარ ზრდას წარმოადგენს, მაგრამ გასული კვარტლის 22%-იან ზრდასთან შედარებით შენელებაა.
ინვესტორებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია, ინარჩუნებს თუ არა კომპანია მოთხოვნას მაშინაც კი, როდესაც ინფლაცია მომხმარებელთა მსყიდველუნარიანობას ანადგურებს. ამ კვირაში Nike-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მყიდველებს ჯერ კიდევ სურთ ფულის ინოვაციურ და მოდურ სამოსში გადახდა, ამიტომ Levi-მ, შესაძლოა, გაყიდვების ძლიერი შედეგების ჩვენებით ინვესტორების წუხილი შეამსუბუქოს.
ინვენტარის დონე საყურადღებო იქნება, რადგან არცერთ კომპანიას არ სურს აღმოაჩნდეს ჭარბი პროდუქტი მაშინ, როდესაც მოთხოვნა შემცირდება. ინვენტარის ზრდა განსაკუთრებით შემაშფოთებელია, თუ ის მთლიანი მოგების მარჟის კლებასთან არის დაწყვილებული. ამიტომაც, უოლ სტრიტი ყურადღებას განსაკუთრებით ამ ორ მეტრიკაზე გაამახვილებს.
WD-40
WD-40 თავის უახლეს ოპერაციულ შედეგებს ხუთშაბათ [7 ივლისი] შუადღისას გამოაცხადებს. ამ ანგარიშმა, შესაძლოა, კომპანიის მოვლისა და დასუფთავების პროდუქტების ფართო სპექტრზე მუდმივი ძლიერი მოთხოვნა აჩვენოს. გასულ კვარტალში, რომელიც თებერვლის ბოლოს დასრულდა, გაყიდვები 16%-ით გაიზარდა.
ინვესტორები, რომლებიც ამ კომპანიის აქციებით არიან დაინტერესებულნი, ფისკალურ მესამე კვარტალში გაყიდვების 4%-იან ზრდას მოელიან, რაც, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯია. WD-40-მა ეს პერიოდი მიწოდების ჯაჭვისა და წარმოების ეფექტურობის გაუმჯობესებით დაიწყო, რაც კომპანიას გაზრდილი ხარჯების დაფარვაში უნდა დაეხმაროს.
მენეჯმენტი იმედოვნებს, რომ დროთა განმავლობაში მთლიანი მოგების მარჟა გაყიდვების 55%-ს გადააჭარბებს. ამ კვირაში გავიგებთ, დგამს თუ არა WD-40 ნაბიჯს ამ მიმართულებით, ან პირიქით, მთავარი მომგებიანობის მაჩვენებელი კვლავ ეცემა მას შემდეგ, რაც ის გასულ კვარტალში გაყიდვების 51%-მდე შემცირდა.
PriceSmart
ინვესტორებს, PriceSmart-ის კვარტალურ ანგარიშთან დაკავშირებით, მოკრძალებულად მაღალი მოლოდინები აქვთ. საერთაშორისო საწყობის საცალო მოვაჭრემ, რომელიც ცენტრალურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ბაზრის ლიდერია, აპრილის დასაწყისში, ბოლო კვარტალური შედეგების წარდგენისას, შესადარებელი მაღაზიების გაყიდვების (საცალო ვაჭრობის ლოკაციის მიერ გამომუშავებული შემოსავალი უახლეს სააღრიცხვო პერიოდში, იმ შემოსავალთან შედარებით, რომელიც მან წარსულის ანალოგიურ პერიოდში გამოიმუშავა) 10%-იანი ზრდა დააფიქსირა.
შემოსავალმა პირველად გადააჭარბა $1 მილიარდს და მოგებაც შესანიშნავად გაიზარდა. ამ კვირის ანგარიში აჩვენებს, გაგრძელდა თუ არა ეს დადებითი იმპულსი მარტში, აპრილსა და მაისში.