ტექნოლოგიური სექტორის მნათობებს შორის დგას Apple, რომელიც ინვესტორების წრეში პოპულარობით სარგებლობს, მათ შორის არის ლეგენდარული ინვესტორი – უორენ ბაფეტი. მისი Berkshire Hathaway Apple-ის აქციების მნიშვნელოვან ნაწილს (900 მილიონზე მეტი აქცია) ფლობს, მაგრამ მხოლოდ ეს არ ამართლებს ინვესტიციას.
გარკვეულწილად მოქმედებს აქციების ფასდაკლებით ყიდვის პოტენციალი. Apple-ის აქციების ფასმა 4 იანვარს 52-კვირიან მაქსიმუმს – $182.94-ს მიაღწია, მაგრამ მას შემდეგ ეს მაჩვენებელი, ფართო ბაზართან ერთად, შემცირდა ისეთი მაკროეკონომიკური შიშის გამო, როგორიც არის ინფლაცია. ფასი ამ მაჩვენებლიდან თითქმის 26%-ით დაეცა. ამჟამინდელი ფინანსური გარემო გაურკვევლობას ქმნის, მაგრამ ახლა, შესაძლოა, რეალურად შესანიშნავი დრო იყოს ინვესტორებისთვის, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაზე არიან ორიენტირებულნი.
არსებობს სულ მცირე სამი სხვა მყარი მიზეზი, რის გამოც ამ ბიზნესს შეუძლია დღევანდელ ეკონომიკურ ქარიშხალს გაუძლოს და გრძელვადიან პერსპექტივაში მყარ საინვესტიციო შესაძლებლობად დარჩენა განაგრძოს.
- Apple მომხმარებლებს იზიდავს
გასაკვირი არ არის, რომ კომპანია, რომელმაც პერსონალური კომპიუტერებისა და საკულტო iPhone-ის ეპოქა გახსნა, თავისი შემოსავლის ძირითად ნაწილს ამ პროდუქტებიდან გამოიმუშავებს. 2022 წლის ფისკალურ მეორე კვარტალში (დასრულდა 26 მარტს) iMac და iPhone პროდუქტების წილმა კომპანიის $97.3 მილიარდზე მეტი მოცულობის გაყიდვიდან $60 მილიარდს გადააჭარბა.
ფისკალურ კვარტალში iPhone-ის გაყიდვები შემოსავლის ნახევარზე მეტს – $50.6 მილიარდს წარმოადგენდა. ეს ასე იყო წლების განმავლობაში და Apple-ის iPhone-ის განვითარების მცდელობებს აქვს ის, რაც ამ ზრდის გასაგრძელებლად სჭირდება.
მომხმარებლები იმყოფებიან ისეთ მობილურ ტელეფონებზე გასავლის პროცესში, რომელიც ახალ, უფრო მძლავრ 5G უკაბელო ქსელებს უჭერს მხარს. Apple-მა 2020 წლის შემოდგომაზე 5G-სთან თავსებადი iPhone-ები გამოუშვა, რამაც 2021 ფისკალურ წელს, წინა წელთან შედარებით, iPhone-ის გაყიდვების დაახლოებით 39%-ით ზრდას შეუწყო ხელი – წინა ფისკალურ წელს 3%-ით დაცემის შემდეგ. გარდა ამისა, კომპანია უშვებს უფრო დაბალფასიან მოდელებს, რათა აითვისოს ბაზრის ის სეგმენტები, რომლებიც ადრე უგულებელყო.
მზარდი ინფლაციისა და რეცესიის საფრთხის გათვალისწინებით, გასაკვირი არ იქნება, თუ 2021 ფისკალური წლის გაყიდვებთან შედარებით, მოკლევადიან პერსპექტივაში iPhone-ის გაყიდვები შენელდება. მაგრამ თუ მომხმარებლების მიერ 5G-ის ათვისება გასული წლის 8%-დან 2025 წლისთვის ნავარაუდევ 25%-მდე გაიზრდება, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს iPhone-ის გაყიდვების ზრდას გამოიწვევს.
- Apple მხოლოდ მოწყობილობების კომპანია არ არის
გასაგებია დავასკვნათ, რომ Apple-ს ინფლაცია დააზარალებს. ფასების ზრდამ, შესაძლოა, ზოგიერთი მომხმარებელი აიძულოს, Apple-ის უახლესი მოწყობილობების შეძენა შეაჩეროს. თუმცა, Apple მხოლოდ მოწყობილობების მწარმოებელი კომპანია არ არის. წლების განმავლობაში, ის ქმნიდა პროგრამული უზრუნველყოფის სერვისის (SaaS) შეთავაზებებს, რომლებიც, გამოწერების საშუალებით, განმეორებით შემოსავალს გამოიმუშავებს.
Apple-ის სერვისების სეგმენტი მოიცავს მის AppleCare საგარანტიო და სარემონტო პროგრამას, ციფრულ გადახდებს, მონაცემთა შენახვის ქლაუდ სერვისებს, სარეკლამო პროდუქტებს და ციფრულ კონტენტს, რომელიც, თავის მხრივ, მუსიკის, ფილმების, ტელევიზიის და ვიდეო თამაშების გამოწერას მოიცავს. ამ განყოფილებას, წლების განმავლობაში სტაბილურად მზარდი შემოსავალი გააჩნია. ეს მაჩვენებელი $46.3 მილიარდიდან (2019 წელი) $68.4 მილიარდამდე (2021 წელი) გაიზარდა.
სეგმენტი გაიზარდა სარეკლამო შემოსავლებიდან, როდესაც Apple-მა, შარშან, მომხმარებელთა კონფიდენციალურობის გასაძლიერებლად, თავისი სარეკლამო პოლიტიკა შეცვალა. ახლა მომხმარებლებს შეუძლიათ, რომ, გამიზნული რეკლამების თვალსაზრისით, მესამე მხარის აპლიკაციები დაბლოკონ. შესაბამისად, შემოსავალი იმ კომპანიებისა, რომლებიც დამოკიდებულნი არიან რეკლამაზე, როგორიც არის Facebook-ის მშობელი Meta Platforms, მკვეთრად შემცირდა. იმავდროულად, Apple-მა ისარგებლა, რადგან რეკლამის განმთავსებლებმა ბიუჯეტი მის სარეკლამო პროდუქტებზე გადაიტანეს.
ქლაუდ საცავები არის სერვისების გაყიდვების ზრდის კიდევ ერთი მთავარი ნაწილი. ჩვენი მუდმივი დამოკიდებულებიდან გამომდინარე ციფრულ კონტენტეზე, როგორიც არის მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტოები, ამ კონტენტის შესანახად ადგილი გვჭირდება. Apple-ის ქლაუდ სისტემა ამ მხრივ გამოსავალს გვთავაზობს. ვინაიდან ნაკლებად სავარაუდოა, რომ წავშალოთ ასობით ან თუნდაც ათასობით ფოტო და სხვა კონტენტი, რომელიც Apple-ის iCloud-ზეა ატვირთული, კომპანიას გააჩნია შემოსავლების ნაკადი, რომელიც მაკროეკონომიკური გამოწვევების მიმართ მდგრადია.
- Apple-მა თვითშენარჩუნებადი ეკოსისტემა ჩამოაყალიბა
Apple-ში ინვესტირების მესამე მიზეზი არის ეკოსისტემა, რომელიც კომპანიამ თავისი პროდუქტებისა და სერვისების სიმბიოზით ააშენა. მომხმარებელს, რომელიც უახლეს iPhone-ს ყიდულობს, შეუძლია გამოიყენოს iCloud, რათა ავტომატურად შექმნას ტელეფონის კონტენტის სარეზერვო ასლი ან გაუშვას ფილმები ტელევიზორში, რომელიც Apple TV-ის მოწყობილობასთან არის დაკავშირებული.
Apple-ის პროდუქტებსა და სერვისებს შორის ეს ურთიერთქმედება ზრდის მომხმარებლის ორივე მათგანზე დამოკიდებულებას. ეს ეკოსისტემა გააგრძელებს გაფართოებას როგორც შესყიდვების (ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში Apple-მა 100-მდე კომპანია შეიძინა), ასევე, შიდა კვლევისა და განვითარების (R&D) ძალისხმევით
კომპანიის დაუნდობელი სწრაფვა თავისი ტექნოლოგიების გაძლიერებისკენ არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც Apple R&D-ში დიდ ინვესტიციას ახორციელებს.
მიუხედავად ძლიერი მხარეებისა, Apple მაკროეკონომიკური ფაქტორების მიმართ იმუნური არ არის. მოკლევადიან პერიოდში ინვესტორები გარკვეულ ზარალს უნდა ელოდონ. Apple-ის ფისკალური მესამე კვარტლის შემოსავალმა, შესაძლოა, დარტყმა მიიღოს ძლიერი აშშ დოლარის გამო, რადგან მისი წმინდა გაყიდვების ნახევარზე მეტი ამერიკის გარეთ მოდის.
მაგრამ ინვესტორებს, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაზე არიან ორიენტირებულნი, შეუძლიათ ამ მაკროეკონომიკური ქარიშხლის დასრულებას დაელოდონ და მანამდე Apple-ის აქციებისგან დივიდენდები მიიღონ. დივიდენდური სარგებელი მოკრძალებულ 0.65%-ს შეადგენს, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბევრი ტექნოლოგიური აქცია დივიდენდებს არ გვთავაზობს.
ასე რომ, მაშინ, როდესაც ინფლაციამ, მიწოდების ჯაჭვის პრობლემებმა და სხვა ეკონომიკურმა ფაქტორებმა, შესაძლოა, უახლოეს პერსპექტივაში საშინელი სურათი დახატოს, ინვესტორები, რომლებიც აქციებს გრძელვადიან პერსპექტივაში ფლობენ, დიდი ალბათობით, Apple-ის აქციების შეძენით მოხარულნი დარჩებიან.