საფონდო ბირჟაზე პასიური შემოსავლის გამოსამუშავებლად ბევრი ფული არ გჭირდებათ. მაღალი ხარისხის დივიდენდური აქციების შეძენა $30-ზე ნაკლებადაც კი შეგიძლიათ. ეს საშუალებას მოგცემთ, რომ მცირე საფასურის გადახდის შედეგად პასიური შემოსავალი გამოიმუშაოთ.
ამ სტატიაში ვისაუბრებთ სამ დივიდენდურ აქციაზე: Medical Properties Trust, Kinder Morgan და Store Capital. მათი ფასები ამჟამად $16-დან $26-მდე დიაპაზონში მერყეობს და თითოეულს საშუალოზე მაღალი დივიდენდური სარგებელი გააჩნია.
Medical Properties Trust
Medical Properties Trust არის უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტი (REIT), რომელიც საავადმყოფოების ფლობაზეა ორიენტირებული. ის ამ ობიექტებს ჯანდაცვის კომპანიებს იჯარით აძლევს, რაც დივიდენდების გადასახდელად სტაბილური შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. ამჟამად კომპანიის აქციის ფასი $16-ს შეადგენს, ხოლო დივიდენდური სარგებელი 7.3%-ს უტოლდება.
ამ დივიდენდური ანაზღაურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ Medical Properties Trust მას ყოველწლიურად სტაბილურად ზრდის. 2022 წელს შესრულდა მეცხრე წელი, რაც REIT დივიდენდებს ზრდის. კომპანიამ დივიდენდების ზრდა შემოსავლის მომტანი უძრავი ქონების შესყიდვების გაგრძელებით შეძლო.
REIT წელს $1-დან $3 მილიარდამდე ღირებულების ქონების შეძენას აპირებს. ამ გარიგებებმა კომპანიას დივიდენდური ანაზღაურების გაზრდის საშუალება უნდა მისცეს.
Kinder Morgan
Kinder Morgan არის ბუნებრივი აირის წამყვანი მილსადენი კომპანია. იგი იღებს სტაბილურ შემოსავალს, რადგან კომპანიის მილსადენების და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის საშუალებით, ბუნებრივი აირისა და სხვა საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდება. ეს კი Kinder Morgan-ს დივიდენდების გადასახდელად სტაბილური ფულადი ნაკადით უზრუნველყოფს. კომპანიის აქციის ფასი ამჟამად $19-ს შეადგენს, ხოლო დივიდენდური სარგებელი – 5.8%-ს.
Kinder Morgan ბოლო 5 წლის განმავლობაში დივიდენდებს სტაბილურად ზრდის და ამ მაჩვენებლის მომავალში გასაზრდელადაც მას საკმარისი პოტენციალი გააჩნია. იმ გაფართოების პროგრამების საშუალებით, რომლებიც კომპანიის ფულად ნაკადებს ზრდის, Kinder Morgan-ს დივიდენდების გასაზრდელად მეტი ფული ექნება.
კომპანია იმედოვნებს, რომ ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურის გაზრდას შეძლებს. რუსეთის უკრაინაში შეჭრა ქვეყნებს აიძულებს, რომ ენერგოუსაფრთხოება პრიორიტეტულად მიიჩნიონ, რაც მათ აშშ-დან უფრო მეტი თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მიწოდების უზრუნველყოფისკენ უბიძგებს. ეს ყველაფერი კი Kinder Morgan-ს უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს, რომ მომდევნო წლებში ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო გააფართოოს, რაც, თავის მხრივ, დივიდენდების გაზრდას შეუწყობს ხელს.
Store Capital
Store Capital არის კიდევ ერთი REIT, რომელსაც მიმზიდველი დივიდენდური ანაზღაურება გააჩნია. კომპანიის აქციის ფასი ამჟამად დაახლოებით $26-ს შეადგენს, ხოლო დივიდენდური ანაზღაურება – 5.9%-ს.
2014 წლის IPO-ს შემდეგ REIT დივიდენდურ სარგებელს სტაბილურად ზრდიდა. Store Capital-ის წარმატების ერთ-ერთი არის ფოკუსირება ისეთი საკუთრების შეძენაზე, რომელსაც მოიჯარეების მოგების თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს მოიცავს საწარმო ობიექტებს, სერვისზე ორიენტირებულ საცალო ობიექტებს (როგორიც არის ავეჯის მაღაზიები და ავტომობილების დილერები) და მომსახურებასთან დაკავშირებულ უძრავ ქონებას (რესტორნები, სამედიცინო ოფისები, საგანმანათლებლო შენობები და ჯანმრთელობის კლუბები).
შესანიშნავი გზა პასიური შემოსავლის მისაღებად
საფონდო ბირჟა პასიური შემოსავლის მიღებას აადვილებს. აქციების დაბალი ფასების წყალობით, ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების თითო აქციის შეძენა $60-ზე ოდნავ მეტი დაჯდება. ეს ინვესტორებს საშუალებას მისცემს, რომ თავიანთი ფულით კიდევ უფრო მეტი ფული გამოიმუშაონ, რადგან ამ კომპანიებს გააჩნია მიმზიდველი დივიდენდური ანაზღაურება, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში სტაბილურად ზრდის.