ინვესტიცია არ არის და არც უნდა იყოს შეზღუდული მხოლოდ ერთი გეოგრაფიული რეგიონით. მიმოიხედეთ გარშემო და აღმოაჩენთ, რომ არსებობს უამრავი დიდი კომპანია, რომელში ინვესტირებაც ღირს. გლობალური რეგიონების მრავალფეროვნება, ბაზრის სიმწიფე და ზრდის პოტენციალი არის მიზეზები, რომელთა გამოც ინვესტორები მხოლოდ ერთი ქვეყნის კომპანიებში ინვესტირებით არ უნდა შემოიფარგლონ.
ამ სტატიაში მოცემულია 3 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა დაამატოთ თქვენს საინვესტიციო პორტფელში საერთაშორისო აქციები.
- დამატებითი დივერსიფიკაცია
კარგი საინვესტიციო პორტფელის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი დივერსიფიკაციაა. შესაძლოა, დივერსიფიკაცია სხვადასხვა ფაქტორების მიხედვით განხორციელდეს, ესენია: საბაზრო კაპიტალიზაცია, ზრდის პოტენციალი, საბაზრო სექტორი, გეოგრაფიული რეგიონი და ა. შ. თუ ინვესტიციას მხოლოდ ერთი ქვეყნის, მაგალითად აშშ-ის კომპანიებში ახორციელებთ, ამით საკუთარ თავს ზღუდავთ და უგულებელყოფთ ისეთ ხარისხიან ინვესტიციებს, რომლებსაც თქვენთვის მნიშვნელოვანი ანაზღაურების მოტანა შეუძლია.
ინვესტირებისთვის ცალკეული კომპანიების კვლევა, შეიძლება, ძალიან შრომატევადი და რთული საქმე იყოს. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ განიხილოთ საერთაშორისო ETF, რომელიც სხვადასხვა რეგიონების კომპანიების ექსპოზიციის საშუალებით თქვენი პორტფელის დივერსიფიკაციის დონეს გააორმაგებს. მაგალითისთვის ავიღოთ Vanguard Total International Stock ETF. ამ ETF-ს შეუძლია წვდომა მოგცეთ 7,881 კომპანიაზე შემდეგ რეგიონებში:
- ევროპა: 39.5%
- წყნარი ოკეანის რეგიონი: 26.8%
- განვითარებადი ბაზრები: 25.2%
- ჩრდილოეთ ამერიკა: 8%
- ახლო აღმოსავლეთი: 0.5%
ასეთ ETF-ში ერთ ინვესტიციას შეუძლია კონკრეტულ საერთაშორისო რეგიონზე დამოკიდებულების პრობლემა აგარიდოთ.
- ზოგიერთი ბაზარი მაღალი ზრდის შანსს წარმოადგენს
საერთაშორისო ბაზრები ზოგადად ორ კატეგორიად იყოფა: განვითარებული და განვითარებადი. განვითარებული ბაზრები, როგორც წესი, არის ის ბაზრები, რომლებსაც მოწინავე ეკონომიკა, უკეთესი ინფრასტრუქტურა, ჩამოყალიბებული ინდუსტრიები და ცხოვრების მაღალი დონე ახასიათებს. განვითარებული ბაზრების მაგალითებია: აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, იაპონია და ავსტრალია. მეორეს მხრივ, როგორც წესი, განვითარებადი ბაზრებისთვის დამახასიათებელი ნიშნებია: დაბალი შემოსავალი, ნორჩი კაპიტალის ბაზრები და ნაკლებად სტაბილური ეკონომიკა. განვითარებადი ბაზრების მაგალითებს წარმოადგენს: “BRIC” ქვეყნები (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი), ასევე მექსიკა და ესპანეთი.
მიუხედავად იმისა, რომ განვითარებად ბაზრებს ნაკლებად განვითარებული ეკონომიკა აქვს, ისინი განიხილება, როგორც განვითარებისკენ პროგრესირებადი. ასეთი ქვეყნები სწრაფ ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ ზრდას განიცდის. ეკონომიკური და ხშირად პოლიტიკური გაურკვევლობის გამო ასეთი ქვეყნების კომპანიებში ინვესტირება ცოტა უფრო სარისკოა, მაგრამ განვითარებად ბაზრებზე ინვესტირება, უფრო მაღალი ზრდის პოტენციალის გამო, შეიძლება, ძალიან მომგებიანი იყოს. ცალკეულ კომპანიებში ინვესტირების ნაცვლად ETF-ს არჩევას გარკვეული რისკები ჰეჯირება შეუძლია.
- შესაძლოა, სხვადასხვა ვალუტას დამატებითი სარგებელი ჰქონდეს
თუ აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე ყიდულობთ, ამ ინვესტიციების ღირებულება, შეიძლება, ბრიტანული ფუნტის კურსთან ერთად იცვლებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ კურსმა, შესაძლოა, როგორც აღმავალი, ასევე დაღმავალი მიმართულებით იმოძრაოს, ვალუტის მიხედვით დივერსიფიკაციის შანსი გეძლევათ. საერთაშორისო ექსპოზიცია ვალუტის რყევების განეიტრალებას უწყობს ხელს.