ბიზნესის შეფასება არის ცოდნაზე დაფუძნებული განსაზღვრება იმის შესახებ, თუ რა არის ბიზნესის საბაზრო ღირებულება. არ აქვს მნიშვნელობა რომელი ტიპის ინვესტორი ხართ და რა სტრატეგიით მოქმედებთ, თუ ბიზნესის ღირებულებას უგულებელყოფთ, ამ სფეროში თქვენს მომავალს საფრთხის ქვეშ დააყენებთ.
აქციები კომპანიის ნაწილებს წარმოადგენს, შესაბამისად, მათი შეძენით ჩვენ ბიზნესის წილს ვყიდულობთ. მოკლევადიან პერსპექტივაში აქციების ფასის მოძრაობა, შეიძლება, შემთხვევითი ჩანდეს, რადგან ეს პროცესი უფრო მეტად ემოციებით არის განპირობებული, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში აქციების ფასს სწორედ ბიზნესის ღირებულება განსაზღვრავს.
მოდით გავარკვიოთ რა არის ბიზნესის შეფასება და როგორ უნდა გამოვთვალოთ ის.
რა არის ბიზნესის შეფასება?
ბიზნესის შეფასება არის პროცესი, რომლის დროსაც ხდება იმის გამოანგარიშება, თუ რა დაუჯდება დამოუკიდებელ მყიდველს მთელი ბიზნესის შეძენა. სანამ გავაგრძელებთ, მოდით ერთი შესანიშნავი გამონათქვამი გავიხსენოთ, რომელიც ინვესტირებას ეხება: „ბიზნესის შეფასება ჰაბლის ტელესკოპს ჰგავს. თუ მას ოდნავ გადააადგილებთ, სრულიად სხვა გალაქტიკაში აღმოჩნდებით“.
არ აქვს მნიშვნელობა ქვემოთ ჩამოთვლილ რომელ ტექნიკას იყენებთ, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ შეფასების სრულყოფილი მეთოდი არ არსებობს.
ბიზნესის ღირებულების შეფასება მნიშვნელოვანია იმის დასადგენად, ექნება თუ არა თქვენს შესყიდვას უსაფრთხოების ზღვარი. დავუშვათ, რომ ყიდულობთ მზარდი პოტენციალის აქციებს $50-ად (თითო) და ის მხოლოდ $40 ღირს (ამ ფასს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ბიზნესის შინაგან ღირებულებას) შეცდომის დასაშვებად სივრცე არ გაქვთ.
მეორეს მხრივ, თუ $100-ის ღირებულების აქციას $50-ად ყიდულობთ, ეს ფასი უკვე იმდენად დაბალია, რომ ნაკლებად სავარაუდოა რაიმე ნეგატიურმა ახალმა ამბავმა თქვენ მიერ შერჩეული აქცია გაანადგუროს. ინვესტორებს, რომლებიც ყურადღებას უსაფრთხოების მაღალი ზღვრის მქონე აქციებზე ამახვილებენ, ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტორები ეწოდებათ.
ბიზნესის შეფასების მეთოდები
მოდით, შეფასების ყველაზე პოპულარულ მეთოდებს გავეცნოთ და თითოეული მათგანის ძლიერი და სუსტი მხარეები განვიხილოთ.
საბაზრო კაპიტალიზაცია
საბაზრო კაპიტალიზაცია არის აქციების მიმდინარე ფასის აქციების რაოდენობაზე ნამრავლი. ის გვიჩვენებს თანხას, რომელიც ამჟამად მთელი ბიზნესის შესაძენად იქნება საჭირო.
ბევრი ანალიტიკოსი ამჯობინებს საბაზრო კაპიტალიზაციის სიდიდის კორექტირებას საწარმოს ღირებულების (EV) სიდიდის მისაღებად, რაც შემდეგნაირად გამოითვლება: საბაზრო კაპიტალი+მთლიანი ვალი-ნაღდი ფული. საწარმოს ღირებულების შეფასება არის უფრო ზუსტი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა დაჯდება ბიზნესის შესყიდვა, რადგან ეს მაჩვენებელი ნაღდ ფულსა და მთლიან ვალს მოიცავს.
დისკონტირებული ფულადი ნაკადები
პროფესიონალი საინვესტიციო ბანკებისა და მკვლევარ-ანალიტიკოსების მიერ ყველაზე ხშირად დისკონტირებული ფულადი ნაკადების (DCF) მოდელი გამოიყენება.
პირველი ნაწილი ინტუიციური უნდა იყოს. ბიზნესის ღირებულება უდრის მომავალ შემოსავალს, რომელსაც ის მფლობელებისთვის გამოიმუშავებს. პრობლემა ის არის, რომ ფული ჩვენთვის ახლა უფრო ღირებულია, ვიდრე მომავალში.
ფული, რომელიც ახლა გვაქვს, შეგვიძლია ინვესტიციაში ჩავდოთ და მომავალში ბევრად უფრო დიდი თანხა გამოვიმუშაოთ. მოდელში ვიყენებთ დისკონტის განაკვეთს იმისთვის, რომ ფულადი სახსრების ნაკადს, რომელიც მომავალში წარმოიქმნება, ნაკლები ღირებულება მივანიჭოთ.
DCF არის მოდელი, რომლის ბოროტად გამოყენებაც მარტივად შეიძლება. ადვილია დავხატოთ ზედმეტად დიდი ზრდის პერსპექტივები ან საჭიროზე დაბალი დისკონტის განაკვეთი გამოვიყენოთ.
შედარებითი საზომები
ეს კიდევ ერთი პოპულარული შეფასების მეთოდია. პირველი ნაბიჯი არის ინდუსტრიისთვის სტანდარტი ფასის მულტიპლიკატორის იდენტიფიცირება, რომლის შედარებისთვის გამოყენებასაც შეძლებთ. ქვემოთ რამდენიმე ყველაზე გავრცელებული მულტიპლიკატორია მოცემული:
- P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი: P/E გამოითვლება აქციის მიმდინარე ფასის EPS-თან (მოგება თითო აქციაზე) შეფარდებით.
- EV/EBITDA: ეს კოეფიციენტი გამოიყენება იმ კომპანიების შესადარებლად, რომლებსაც კაპიტალის განსხვავებული სტრუქტურა აქვთ, რადგან EBITDA (მოგება საპროცენტო ხარჯების, გადასახადების და ცვეთა/ამორტიზაციის გადახდამდე) კაპიტალურ დანახარჯებს არ მოიცავს.
- P/S (ფასი/გაყიდვები): ეს თანაფარდობა გამოიყენება მაღალი ზრდის მქონე კომპანიებისთვის, რომლებიც ზრდაში დიდ ინვესტიციებს დებს.
- Price/Book (ფასი/საბალანსო ღირებულება): საბალანსო ღირებულება არის ბიზნეს აქტივებს მინუს ვალდებულებები. მას ასევე აქციონერთა კაპიტალს უწოდებენ.
მას შემდეგ, რაც განსაზღვრავთ, თუ რომელი მულტიპლიკატორი უნდა გამოიყენოთ, მოიძიეთ შესადარებელი ბიზნესების მონაცემები და იპოვეთ საშუალო მაჩვენებელი. ეს საშუალო მაჩვენებელი შეიძლება გამოყენებულ იქნას აქციის შინაგანი ღირებულების საპოვნელად.
მაგალითად, დავუშვათ, რომ მზარდი პოტენციალის აქციის შეფასება გსურთ. აირჩიეთ იმავე ინდუსტრიის 3 ბიზნესი, რომელიც მსგავსი ტემპებით იზრდება და მათი საშუალოა P/S კოეფიციენტი იპოვეთ. ეს სიდიდე თქვენ მიერ შერჩეული კომპანიის თითო აქციაზე მოსული გაყიდვების წილზე გაამრავლეთ და სავარაუდო საბაზრო კაპიტალს მიიღებთ.
შედარებითი ანალიზი, შეიძლება, ისეთი მეცნიერული არ ჩანდეს, როგორც DCF მოდელი, მაგრამ ბევრი ინვესტორისთვის ეს უფრო სასარგებლო მეთოდია.
სალიკვიდაციო ღირებულება
სალიკვიდაციო ღირებულების მეთოდი, როგორც წესი, აქტივებით დატვირთული ბიზნესის წარუმატებლობის შემთხვევაში გამოიყენება. ეს არის ღირებულება ინვესტორისთვის, თუ კომპანიამ ყველა დავალიანება გადაიხადა და ყველა აქტივი სასწრაფო წესით გაყიდა. ანალიზის დასაწყებად, თითოეული აქტივის ღირებულება კორექტირდება იმ ფასით, რომლის მიღებაც მისი გაყიდვის შედეგად შეიძლება:
- ნაღდი ფული: ნაღდ ფულს, გასაგები მიზეზების გამო, საბალანსო ღირებულების 100% ენიჭება.
- დებიტორული დავალიანება (AR): AR-ის შეფასება ხშირად 50%-80%-ის ფარგლებში მერყეობს.
- ინვენტარი: ინვენტარს საბალანსო ღირებულების მხოლოდ 10% ენიჭება. წარუმატებელი ბიზნესის ინვენტარის საბაზრო ფასთან მიახლოებულ ფასად გაყიდვა აშკარად რთულია.
- ქონება, საწარმო და აღჭურვილობა (PPE): PPE ღირებულებები ინდივიდუალურ შემთხვევებში უნდა განისაზღვროს. კედელს შეჯახებული ტვირთამწე თავის საბალანსო ღირებულებაზე გაცილებით ნაკლები ღირს, ხოლო შენობას, რომელიც 40 წლის წინ შეძენილი და სრულად ამორტიზებულია, გაცილებით მეტი ფასი აქვს.
აქტივების კორექტირებული ღირებულების პოვნის შემდეგ ამ სიდიდეს ყველა ვალდებულების ჯამი გამოაკელით და საბალანსო ღირებულებას მიიღებთ.
შეფასება მარტივი უნდა იყოს
მიუხედავად იმისა, რომ უორენ ბაფეტი DCF მოდელის ღირსებას ხაზს უსვამს, მისმა დიდი ხნის ბიზნესპარტნიორმა – ჩარლი მენგერის თქმით, მას არასოდეს უნახავს, რომ ბაფეტი ამ მოდელს იყენებდა. შეფასებები მარტივი და კარგად აღსაქმელი უნდა იყოს, რათა მან თქვენთვის რეალური შედეგი გამოიღოს.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.