eBay-მ ახლახან წარადგინა კვარტალური ანგარიში და ზრდის მაჩვენებლების შესუსტება დააფიქსირა, რადგან ელექტრონული კომერცია, 2021 წლის მზარდი მოთხოვნის შემდეგ, ნელდება. მენეჯმენტი 2022 წლის შემდგომ პერიოდშიც შემცირებას პროგნოზირებს.
თუმცა, კომპანიას ინვესტორებისთვის კარგი სიახლეებიც ჰქონდა, მათ შორის, მზარდი მოცულობა რამდენიმე ძირითად ნიშაში და მყარი ფულადი ნაკადები. ეს მაჩვენებლები იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ 2023 წლისთვის გაყიდვები და შემოსავალი ნორმალურ ტემპს დაუბრუნდება.
ბაზრის შემოსავალი
eBay-ის ბიზნესი დაჩქარებული ტემპით იკლებს. ამ კვარტალში მისი მყიდველების რაოდენობა, წინა კვარტლის 9%-იან კლებასთან შედარებით, 13%-ით შემცირდა. მის პლატფორმაზე გაყიდვების მოცულობა კიდევ უფრო სწრაფად – 20%-ით დაეცა.
გასაკვირი არ არის, რომ eBay-ის პლატფორმის საშუალებით ნაკლები ადამიანი აწარმოებს ბიზნესს, ვიდრე 2021 წლის დასაწყისში, როდესაც შოპინგის უმეტესი ნაწილი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა. აღმასრულებლებმა სიამოვნებით აღნიშნეს, რომ მოთხოვნის შემცირება მოსალოდნელზე ოდნავ უკეთესი იყო.
არა-GAAP (მოგება, რომელიც არ არის გამოთვლილი GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით) მოგების მარჟა ასევე საოცრად მაღალი იყო, თუმცა გასულ წელთან შედარებით შემცირდა. აღმასრულებელმა დირექტორმა – ჯეიმი იანონემ პრესრელიზში განაცხადა, რომ eBay-ის გუნდმა კიდევ ერთი ძლიერი კვარტალი ჩაატარა.
ნათელი წერტილები
eBay-მ გაყიდვები თავისი შედარებით ახალი – გადახდებისა და სარეკლამო ბიზნესებით გაზარდა. იყო რამდენიმე ნიშა, რომელიც ასევე კარგად მუშაობდა, მათ შორის ძვირადღირებული საათების კატეგორია, sneaker პლატფორმა და eBay-ის განახლებული სამომხმარებლო ელექტრონიკის კატეგორიები.
ეს სეგმენტები eBay-ის ბიზნესის კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს, რადგან მისი კონკურენტებისთვის ამ ნიშების დუბლირება რთულია. eBay-ის მთავარი გამოწვევა არის ამ უპირატესობების ბიზნესის სხვა ნაწილებზე გავრცელება.
eBay-ის ფინანსები შთამბეჭდავია, მიუხედავად იმისა, რომ მისი შემოსავლის მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, გაუარესდა. ფულადი სახსრების თავისუფალმა ნაკადმა $546 მილიონი, ანუ გაყიდვების 22% შეადგინა. eBay-ის არა-GAAP ოპერაციული მოგების მარჟამ გაყიდვების დაახლოებით 32%-ს მიაღწია, რაც ბევრად აღემატება მის ვერტიკალურად ინტეგრირებულ (ვერტიკალური ინტეგრაცია არის სტრატეგია, რომელიც კომპანიას საშუალებას აძლევს დააჩქაროს თავისი ოპერაციები წარმოების პროცესის სხვადასხვა ეტაპებზე პასუხისმგებლობის აღებით, გარე კონტრაქტორებზე ან მომწოდებლებზე დაყრდნობის ნაცვლად) კონკურენტებს, როგორიც არის Walmart. eBay-მ, მას შემდეგ, რაც ზრდის ინიციატივებში ინვესტიციების ჩადება დაისახა მიზნად, ეს ნაღდი ფული აქციების გამოსყიდვაში დახარჯა.
მომავლის პერსპექტივები
ხელმძღვანელობამ 2022 წლის პერსპექტივები ოდნავ შეამცირა, ნაწილობრივ რუსეთში ოპერაციების შეჩერების გამო. ნავარაუდევია, რომ ორგანული გაყიდვები, 3%-ით ზრდის ნაცვლად, 3%-6%-ით უნდა შემცირდეს. ასევე, არა-GAAP მოგება თითო აქციაზე ახლა, სავარაუდოდ, $3.90-$4.11 დიაპაზონში მოექცევა, $4.20-$4.40-ის ნაცვლად.
ამ შემცირებამ ზოგიერთი ინვესტორი გააკვირვა და განცხადების შემდეგ აქციების ფასიც სწორედ ამიტომ დაეცა.