აქციების სავაჭრო ფასი შემოსავლის, მოგების ან საბაზრო კაპიტალიზაციის კონტექსტის გარეშე კომპანიის რეალური ღირებულების შესახებ ბევრს ვერაფერს გვეტყვის. მრავალი ფაქტორიდან გამომდინარე, $20 ღირებულების აქცია, შეიძლება, უფრო ძვირი იყოს, ვიდრე აქცია, რომელიც ბირჟაზე $100 ღირს.
კომპანიების უმეტესობა თავის IPO-ებს თითო აქციისთვის $10-ზე მაღალ ფასს ადებს, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ერთნიშნა ფასი ნაკლებად მიმზიდველად გამოიყურება. ამიტომ, აქციების ფასი, ჩვეულებრივ, არ ეცემა $10-ზე დაბლა, თუ კომპანია მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე არ დგას.
თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა აქცია, რომელიც ბირჟაზე $10-ზე ნაკლებ ფასად მიმოიქცევა უიმედოა. მოდით განვიხილოთ სამი კომპანია, რომელთა აქციების ფასებიც ერთნიშნა დონეზეა: Magnite, UMC და Baozun.
Magnite
Magnite, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი გაყიდვების პლატფორმა (SSP) ციფრული რეკლამებისთვის, ციფრული მედიის მფლობელებს საკუთარი სარეკლამო ინვენტარის მართვაში ეხმარება. კომპანია 2020 წელს The Rubicon Project-ისა და Telaria-ს შერწყმის შედეგად შეიქმნა და შემდგომში SpringServe-ის, SpotX-ისა და Carbon-ის შეძენით გაფართოვდა.
Magnite-მა ბოლო კვარტალში თავისი შემოსავლის 40% (ტრაფიკის შექმნის ხარჯების გამოკლებით – ex-TAC) დაკავშირებული ტელევიზიის (CTV) ბიზნესიდან გამოიმუშავა. მისმა მობილურმა რეკლამებმა შემოსავლის 35% მოიტანა, ხოლო დანარჩენი 25% დესკტოპის რეკლამებზე მოვიდა. Magnite-ის მენეჯმენტი მოელის, რომ CTV ბიზნესი მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში კომპანიის ძირითადი ზრდის ძრავა გახდება, რადგან ტრადიციული სატელევიზიო პლატფორმების პოპულარობა მცირდება.
2021 წლის მეორე ნახევარში კომპანიის CTV ბიზნესი დაზარალდა, რადგან მიწოდების ჯაჭვის შეფერხებამ ავტომწარმოებლებსა და სხვა სექტორის წარმომადგენლებზე რეკლამების გაყიდვები შეამცირა. თუმცა, 2022 წლის პირველ კვარტალში სარეკლამო სეგმენტის ზრდა დასტაბილურდა, რადგან ზოგიერთი სხვა სექტორი, განსაკუთრებით მოგზაურობა, კარგი ტემპებით იზრდება.
Magnite-ის მენეჯმენტი მოელის, რომ კომპანიის ex-TAC შემოსავალი წელს მინიმუმ 20%-ით გაიზრდება, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში საშუალოდ 25%-იანი ტემპით გააგრძელებს ზრდას. კომპანია ასევე გეგმავს EBITDA-ის (მოგება პროცენტების, ცვეთის და ამორტიზაციის დაქვითვამდე) დონე 35%-40% დიაპაზონში შეინარჩუნოს. ეს არის ნათელი პერსპექტივა აქციისთვის, რომლის P/S (ფასი/გაყიდვა) კოეფიციენტი დაახლოებით 2.5-ს შეადგენს.
United Microelectronics
United Microelectronics Corp., ან UMC ტაივანში სიდიდით მეორე ჩიპების მწარმოებელი ქარხანაა Taiwan Semiconductor Manufacturing-ის (TSMC) შემდეგ.
ჯერ კიდევ 2018 წელს, UMC-მა უფრო პატარა და კომპაქტური ჩიპების წარმოებაში TSMC-სა და Samsung-ის დევნა შეწყვიტა. ამის ნაცვლად, კომპანია ავტომობილებისა და ნივთების ინტერნეტის (IoT – აღწერს ფიზიკური ობიექტების ქსელს – “ნივთებს”, რომლებიც დაკავშირებულია სენსორებთან, პროგრამულ უზრუნველყოფასა და სხვა ტექნოლოგიებთან იმისთვის, რომ ინტერნეტის საშუალებით სხვა მოწყობილობებთან დამყარდეს კავშირი და გაიცვალოს მონაცემები) ბაზარზე ჩიპების წარმოებაზე ფოკუსირდა.
ამ კონსერვატიულმა მიდგომამ UMC-ს სტაბილური ზრდისა და მთელ მსოფლიოში ჩიპების მზარდი მოთხოვნით სარგებლობის საშუალება მისცა.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წელს, კომპანიის შემოსავალი და მოგება, შესაბამისად, 21%-ით და 35%-ით გაიზრდება, რადგან ჩიპების დეფიციტი გრძელდება. UMC-ის ზრდა, სავარაუდოდ, 2023 წელს შენელდება, რადგან ბაზარი საკუთარ თავს გადააბალანსებს, მაგრამ კომპანიის აქციის ფორვარდული P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი, რომელიც 7-ს უტოლდება, სავარაუდოდ, მის დაღმავალ პოტენციალს შეზღუდავს.
Baozun
წარსულშ, უცხოურ კომპანიებს, რომლებსაც ჩინელ ონლაინ მყიდველებზე წვდომის მოპოვება სურდათ, უწევდათ საკუთარი ჩინური შვილობილი კომპანიების შექმნა, გაყიდვებისა და ტექნიკური გუნდების დაქირავება, ასევე, მრავალ არაპროგნოზირებად რეგულაციასთან გამკლავება.
Baozun, როგორც ელექტრონული კომერციის, მარკეტინგისა და ლოჯისტიკის საბოლოო პლატფორმა, მთელ ამ პროცესს ამარტივებს. ჩინეთში გაფართოების ადრინდელი მეთოდის ნაცვლად, მსხვილი კომპანიები, როგორიც არის Nike და Starbucks, ყველა ამ ამოცანას უბრალოდ Baozun-ს გადასცემენ.
Baozun, თავდაპირველად, როდესაც უცხოური კომპანიები ჩინეთის ბაზარზე შედიოდნენ, სარეველასავით იზრდებოდა. თუმცა 2021 წელს კომპანიის შემოსავალი მხოლოდ 6%-ით გაიზარდა, რაც მომხმარებელთა მიერ ხარჯვის შემცირებამ, მიწოდების ჯაჭვის გამოწვევებმა და მთავრობის მიერ Alibaba-სა და სხვა ელექტრონული კომერციის წამყვან პლატფორმებზე ზეწოლამ გამოიწვია. Baozun-ის კორექტირებული წმინდა შემოსავალი 63%-ით დაეცა.
ეს მდგომარეობა მძიმე ჩანს და ბოლოდროინდელმა ლოკდაუნმა მთელ ჩინეთში, რომელიც კოვიდ-19-ით არის გამოწვეული, შეიძლება, ეს ვითარება გააუარესოს. თუმცა, ანალიტიკოსები კვლავ ელიან, რომ ბაზრის სტაბილიზაციასთან ერთად კომპანიის შემოსავალი და მოგება, შესაბამისად, 7%-ითა და 73%-ით გაიზრდება. Baozun-ის მიმდინარე გადასვლამ „არადისტრიბუციულ“ მოდელზე, რომელიც უცხოურ კომპანიებს საშუალებას მისცემს კაპიტალტევადი ლოჯისტიკური ქსელის გავლის ნაცვლად, პროდუქცია პირდაპირ ჩინელ მომხმარებლებს მიაწოდოს, ასევე უნდა გაზარდოს კომპანიის გრძელვადიანი მარჟა.
შესაძლოა, ეს აღდგენა მაშინვე არ მოხდეს, მაგრამ Baozun-ის აქციების ფორვარდული P/E კოეფიციენტი, რომელიც ახლა დაახლოებით 10-ს შეადგენს, შეიძლება, ჩინეთში განვითარებულმა ნებისმიერმა პოზიტიურმა მოვლენამ გაზარდოს.