1950-დან 2021 წლამდე S&P 500-ის საშუალო წლიური ანაზღაურება 10.13%-ს შეადგენდა. მრავალი ათწლეულის განმავლობაში ასეთი შესანიშნავი შედეგების შენარჩუნება მხოლოდ აქტივთა რამდენიმე კლასმა შეძლო.
უფრო მეტიც, საფონდო ბირჟა ბევრად უფრო ლიკვიდური აქტივია, ვიდრე უძრავი ქონება ან ძვირფასი ლითონები (მაგ., ოქრო ან ვერცხლი), რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის იმ ინვესტორებისთვის, ვისაც მოქნილობა უყვარს.
ტექნიკურად მართალია, რომ საფონდო ბირჟა წელიწადში საშუალოდ 10%-იან შემოსავალს გვაძლევს, მაგრამ ამ რიცხვზე ზედმეტად დაყრდნობა შეცდომაა. აი რატომ.
ყველა საშუალო მაჩვენებელი თანაბარი არ არის
ზოგიერთი საშუალო მაჩვენებელი, შეიძლება, ძალიან სასარგებლო იყოს. გზატკეცილზე თითოეული ლიტრი საწვავით გავლილი საშუალო მანძილის გაზომვა, ავტომობილის საწვავის ეფექტურობის კარგი მაჩვენებელია. საფონდო ბირჟის საშუალო მაჩვენებელი კი ამისგან ძალიან განსხვავდება. გარდა იმისა, რომ ნიმუშის ზომა შედარებით მცირეა, ეკონომიკა ბოლო 10 წლის განმავლობაში ძალიან შეიცვალა. უფრო მეტიც, იმან, თუ როგორ მოქმედებდა საფონდო ბირჟა წინა წლებში, შეიძლება, მომავალი წლების წარმადობა განსაზღვროს.
მაგალითად, S&P 500-ის ანაზღაურება 1973 წელს -17.4%-ს შეადგენდა, ხოლო 1974 წელს – -29.7%-ს, 1975 და 1976 წლებში კი, შესაბამისად – 31.6%-სა და 19.15%-ს.
ყოველწლიურად საფონდო ბირჟაზე მოქმედებს გრძელვადიანი ფონი, რომელიც რეალურ დროში ვლინდება და მოკლევადიანი ხელშემწყობი ან ხელის შემშლელი ფაქტორები. მაგალითად, 2018 წელს აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარეობდა სავაჭრო ომი. 2018 წლის 6.2%-იან კლებას, 2019 წელს, დაბალი საპროცენტო განაკვეთებისა და ძლიერი შემოსავლის წყალობით, 29.9%-იანი ზრდა მოჰყვა. 2020-მა წელმა პანდემია მოიტანა, მაგრამ ბაზარმა მაინც შეძლო 16.3%-ით გაზრდა, დაბალი იპოთეკური განაკვეთების, სტიმულისა და იმ რწმენის წყალობით, რომ ეს პრობლემა დროებითი იყო.
2021 წელს ეს იმპულსი 26.9%-იან ზრდაში გარდაისახა. წელს კი, საპროცენტო განაკვეთების ზრდამ, ინფლაცია, გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ, ზარალი გამოიწვია.
საერთო ჯამში, საფონდო ბირჟაზე არცერთი წელი არ არის იდენტური და ეს ფაქტი საშუალო ანაზღაურებაში დიდ ვარიაციებს ქმნის.
ელოდეთ ცვალებადობას
ქვემოთ მოცემული სქემა გვიჩვენებს S&P 500-ის ანაზღაურებას (დივიდენდების გარეშე) ყოველი წლისთვის 1950-დან 2021 წლამდე. საშუალო ანაზღაურება, როგორც აღინიშნა, არის 10.13%, მედიანა – 12.36%, ხოლო სტანდარტული გადახრა – 16.04 პროცენტული პუნქტი.
წითელი ზოლები აჩვენებს ანაზღაურებას მოცემულ წელს, ხოლო ორი ღია ცისფერი ხაზი გვიჩვენებს დიაპაზონს მედიანის დაბლა და მაღლა არსებულ სტანდარტულ გადახრებს შორის.
იმის საილუსტრაციოდ, თუ რამდენად დიდია 16 პროცენტული პუნქტის ტოლი სტანდარტული გადახრა, გაითვალისწინეთ, რომ ყოველ სამ წელიწადში ერთს ექნება -5.9%-ზე უარესი ან 26.2%-ზე უკეთესი ანაზღაურება და უხეშად, ყოველ 20 წელიწადში ერთი მოგვიტანს -21.95%-ზე უარეს ან 42.22%-ზე უკეთეს ანაზღაურებას.
სტანდარტული გადახრა | მონაცემთა დამუშავების შედეგების შეფასება ამ დიაპაზონში | ქვედა ზღვარი | ზედა ზღვარი |
1 სიგმა | 68% | -5.91% | 26.17% |
2 სიგმა | 95% | -21.95% | 42.22% |
3 სიგმა | 99.7% | -37.99% | 58.26% |
მოდით, მათემატიკური მაჩვენებლები გვერდზე გადავდოთ და საკითხს უფრო მარტივად შევხედოთ. იმის დასანახად, თუ რატომ არის რთული საფონდო ბირჟაზე „ნორმალური“ წლის მიღწევა, გაითვალისწინეთ, რომ ბოლო 71 წლიდან მხოლოდ 7 შემთხვევაში დაფიქსირდა 8%-დან 12%-მდე წლიური შემოსავალი.
გაკვეთილი მონაცემების საფუძველზე
მონაცემები გვეუბნება, რომ ძირითადად არასოდეს უნდა ველოდოთ საფონდო ბირჟისგან 10%-ის ტოლ ანაზღაურებას, რომ აღარაფერი ვთქვათ 8%-12%-ის დიაპაზონზე. პირიქით, წლიურ წარმადობაში მასიური რყევების მოლოდინი უნდა გვქონდეს, რაც ხშირად მოიცავს როგორც სასტიკ ვარდნას, ასევე მნიშვნელოვან აღმასვლას.
მყარი გრძელვადიანი სიმდიდრის დაგროვების საიდუმლო არის ბაზრის რყევების გადალახვა და დაზოგვის ჩვევის გამომუშავება. შეიძლება დამამშვიდებელი იყოს იმის მოსმენა, რომ $0-ით დაწყება და 50 წლის განმავლობაში ყოველწლიურად $10,000-ის შენახვა საპენსიო ანგარიშზე, რომლის წლიური რთული პროცენტიც 10%-ს შეადგენს, საბოლოოდ $11.64 მილიონს მოგიტანთ.
უორენ ბაფეტი ამბობს: „დრო შენი მეგობარია, იმპულსი – შენი მტერი. ისარგებლე რთული პროცენტით და ნუ დაგატყვევებს ბაზრის სირინოზების სიმღერა.“