უძრავ ქონებაში ინვესტირება თქვენი საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციისა და გრძელვადიანი ზრდისთვის შესანიშნავი გზაა. მაგრამ ამ კუთხით სხვადასხვა მიდგომები და უძრავი ქონების განსხვავებული სექტორები არსებობს.
თუ რეალურ საკუთრებაში ინვესტირებისთვის გამბედაობა არ გყოფნით, ღირს განიხილოთ REIT (უძრავი ქონები საინვესტიციო ტრასტი). REIT არის კომპანიები, რომლებიც მართავს სხვადასხვა საკუთრებას და ისინი შეიძლება პორტფელის ზრდის ძირითადი წყარო ორი გზით იყოს.
უპირველეს ყოვლისა, დროთა განმავლობაში, REIT-ის აქციების ღირებულება შეიძლება გაიზარდოს. შემდეგ არის დივიდენდები. REIT-ებს მოეთხოვება ინვესტორებს წმინდა შემოსავლის მინიმუმ 90% გადაუხადოს. როგორც წესი, REIT ხშირად იხდის უფრო მაღალ დივიდენდებს, ვიდრე თქვენი საშუალო აქცია.
ისარგებლეთ ამ ბუმით
პანდემიამ ბევრი ადამიანის ყიდვის ჩვევები შეცვალა. კრიზისის დროს, რეალურ მაღაზიაში წასვლის თავიდან ასაცილებლად, ბევრი მომხმარებელი ელექტრონულ კომერციაზე გადაერთო. CBRE-ის მიხედვით, 2020 წლის მეორე კვარტალში, ელექტრონული კომერციის გაყიდვები წინა კვარტალთან შედარებით 16.2%-ით გაიზარდა. 2021 წლის ბოლოს კი ციფრული გაყიდვები პანდემიამდელ დონეზე ბევრად მაღლა იყო.
ამ ცვლილებამ საწარმოო სივრცეზე მოთხოვნის ზრდა გამოიწვია. რადგან სულ უფრო მეტი მომხმარებელი ყიდულობს საქონელს ონლაინ რეჟიმში, საცალო ვაჭრობას, საქონლის შენახვისა და განაწილებისთვის მეტი ვარიანტი სჭირდება. სწორედ აქ შემოდის თამაშში საწყობები და შეკვეთების შემსრულებელი ცენტრები. კომპანიები კი, რომლებიც ამ ობიექტებს მართავენ, ახლა მზად არიან ბევრი ფულის გამოსამუშავებლად.
JLL (პროფესიონალური მომსახურების კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია უძრავი ქონებისა და ინვესტიციების მენეჯმენტში) იუწყება, რომ 2020 წლის მეოთხე კვარტლის შემდეგ, სამრეწველო ქირა 11.3%-ით გაიზარდა. იმავდროულად, ვაკანტურობის დონე (გამოითვლება ვაკანტური ერთეულების 100-ზე გამრავლებით და შემდეგ ამ სიდიდის შენობაში არსებული ერთეულების საერთო რაოდენობაზე გაყოფით) პირველად ჩამოსცდა 4%-ს და მხოლოდ 3.8%-ს შეადგენდა.
ყოველივე ეს საწარმოო უძრავი ქონებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის, რადგან მომხმარებლები არ აჩვენებენ რაიმე ნიშნებს, რომ ელექტრონულ კომერციას მიატოვებენ. რეალურად, უახლოეს წლებში, საწარმოო სივრცის საჭიროება კიდევ უფრო გაიზრდება.
შესაძლოა, საწვავის ხარჯების ზრდა ელექტრონული კომერციისთვის ხელსაყრელი იყოს
მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-19-თან დაკავშირებულმა შიშებმა, შესაძლოა, ახლო პერსპექტივაში მომხმარებლები მაღაზიებს არ მოარიდოს, ამას, ალბათ, საწვავის ფასების ზრდა შეძლებს. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან საწვავის ფასები იზრდება და უახლოეს თვეებში ელექტრონული კომერციის ძლიერ ზრდას ვიხილავთ, რადგან მომხმარებლებს სურთ უფასო ან დაბალფასიანი მიწოდებით ისარგებლონ. ეს ყველაფერი საწარმოო REIT-ების სასარგებლოდ იმუშავებს.
გასაგებად რომ ვთქვათ, სამრეწველო REIT არ არის მხოლოდ ფულის მოკლევადიან პერსპექტივაში გამომუშავების საშუალება. ელექტრონული კომერციის ზრდა, სავარაუდოდ, მუდმივი იქნება მისი მოხერხებულობის ფაქტორის გამო.
მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში სხვადასხვა ვარიანტები არსებობს, არის ერთი კომპანია, რომლის განხილვაც ღირს – Prologis. როგორც ინდუსტრიულ სივრცეში უმსხვილესი მოთამაშე, Prologis ქონების შთამბეჭდავ პორტფელს ფლობს და ბოლო წლებში კომპანიამ შემოსავლის გაზრდისთვის დიდი სამუშაო გასწია.
Prologis-ში ინვესტირების ერთი ნაკლი ის არის, რომ კომპანიის დივიდენდური სარგებელი, სხვა REIT-ებთან შედარებით, არც თუ ისე დიდია. მაგრამ სამრეწველო უძრავი ქონების კონტექსტში დივიდენდები ფულის გამომუშავების მხოლოდ ერთ-ერთი გზაა. თუ თქვენ ინდუსტრიული ბუმის გამოყენების გზას ეძებთ, ღირს Prologis-ის თქვენს პორტფელში დამატება.