გასულ კვირას, Dow Jones Industrial Average-ისა და S&P 500-ის 1.5%-ზე მეტით კლებასთან ერთად, აქციების ფასები შემცირდა. ინვესტორებს არ მოეწონათ ის, რაც კვარტალური ანგარიშების სეზონის დასაწყისში იხილეს, მაგრამ მთავარი მოვლენები ჯერ კიდევ წინ არის.
განცხადებების ტემპი ამ კვირაში კიდევ უფრო იზრდება და ჩვენ განვიხილავთ 3 კომპანიას, რომელთა კვარტალურ ანგარიშებს ინვესტორები მოუთმენლად ელიან: Apple, McDonald’s და Amazon.
- Apple
Apple-ს S&P 500-ის წლიური შემოსავლის დიდი ნაწილი უკავია, რაც ხსნის იმას, თუ რატომ აქცევს უოლ სტრიტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამ კომპანიის კვარტალურ ანგარიშებს. Apple-ის ანგარიში, რომელსაც კომპანია ხუთშაბათ შუადღეს წარადგენს, სავარაუდოდ, აჩვენებს გაყიდვების მყარ, მაგრამ წინა კვარტალთან შედარებით უფრო სუსტ ზრდას. წინა კვარტალში შემოსავალი 11%-ით გაიზარდა.
Apple სარგებლობს მომხმარებელთა ძლიერი მოთხოვნით აპარატურასა და სერვისებზე, ნაწილობრივ iPhone, Mac და iPad ხაზებში პოპულარული ინოვაციების წყალობით. მაგრამ Apple-ის მიმართ ყველაზე დიდი კითხვები დაკავშირებულია ამ და სხვა სფეროებში კომპანიის ინოვაციებთან. გავრცელებული ინფორმაციით, Apple მუშაობს კატეგორიის განმსაზღვრელ ტექნოლოგიაზე ვირტუალური და გაფართოებული რეალობის სივრცეებში და, შესაძლოა, თავისი მასიური iPhone ბიზნესისთვის სააბონენტო მოდელი ჩამოაყალიბოს.
აღმასრულებელი დირექტორი – ტიმ კუკი და მისი გუნდი, სავარაუდოდ, ხუთშაბათს არ გაავრცელებენ სიახლეებს ამ პროექტის შესახებ, მაგრამ, სამომხმარებლო ტექნოლოგიური ინდუსტრიის სიჯანსაღეზე კომენტირებისას, ისინი მოგვაწვდიან ინფორმაციას Apple-ის ფულადი სახსრების დაბრუნების გეგმების შესახებ.
- McDonald’s
McDonald’s თავის უახლეს საოპერაციო შედეგებს ხუთშაბათ დილით აქვეყნებს და მოლოდინები დიდია. სწრაფი კვების გიგანტმა პირველი კვარტალი ძლიერი იმპულსით დაიწყო, რადგან გაყიდვების ზრდა 2-წლიან საფუძველზე 11%-მდე დაჩქარდა. აღმასრულებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს 2021 წელს აშშ-ის ბაზარზე რეკორდული ნახტომი, რამაც კომპანიის წლიური შემოსავალი $10 მილიარდამდე გაზარდა.
ამ კვირაში გავიგებთ, შეარყია თუ არა ეს იმპულსი ისეთმა გამოწვევებმა, როგორიც არის ხარჯების ზრდა, უკრაინაში მიმდინარე ომი და კოვიდ-19-ით გამოწვეული ლოკდაუნი ჩინეთში. ყურადღება მიაქციეთ აღმასრულებელი დირექტორის – კრის კემპჩინსკისა და მისი გუნდის კომენტარებს იმის შესახებ, თუ როგორ უმკლავდება კომპანია ფასების ზრდას.
McDonald’s-ის ზრდის სტრატეგია ეყრდნობა drive-thru (როდესაც რესტორნის პერსონალი გემსახურებათ ისე, რომ მანქანიდან გადასვლა არ გიწევთ) და სახლში მიტანის სერვისებს. იმავდროულად, ინდუსტრიაში წამყვანი მომგებიანობა კომპანიას აძლევს მოქნილობას, ამ ინიციატივებში დიდი ინვესტიციები ჩადოს და აქციონერებს ყოველწლიურად მზარდი დივიდენდები გადაუხადოს.
- Amazon
ამ ბოლო დროს, თითქოს მსოფლიომ ელექტრონული კომერციისგან მცირე შესვენება აიღო, ყოველ შემთხვევაში, პანდემიის ადრეულ ფაზებში მასიური ზრდის პერიოდთან შედარებით. ეს შენელება იტრიალებს ინვესტორების გონებაში, როდესაც ტექნოლოგიური გიგანტი ხუთშაბათ ნაშუადღევს კვარტალურ ანგარიშს წარადგენს.
Amazon-მა ახლახან დააანონსა კაპიტალზე ორიენტირებული ნაბიჯები, როგორიც არის აქციების დაყოფა და აქციების გამოსყიდვის ახალი გეგმა. ამ კვირის განცხადება უფრო მეტად ეხება კომპანიის ზრდის ძირითად საყრდენებს, მათ შორის ელექტრონული კომერციის მოთხოვნას და ციფრულ ტრანსფორმაციას, რამაც Amazon-ის მენეჯმენტს უფრო მეტი პროცესის ონლაინ სივრცეში გადატანისკენ უბიძგა.
ინვესტორების უმეტესობა, რომელიც მიჰყვება ამაზონის აქციებს, მოელის გაყიდვების 11%-ით – $116 მილიარდამდე ზრდას. მთავარი კითხვაა ელოდება თუ არა კომპანია წლიური გაფართოების რბილი ტემპის ბევრად უფრო დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელებას, ან იქნებ მოსალოდნელია ხელახალი აჩქარება.