ამ ბოლო დროს მთელი საავტომობილო სექტორი ნამდვილად წინაღობების წინაშე დგას. მიწოდების ჯაჭვის პრობლემები ყველა ძირითადი ავტომწარმოებლის წარმადობას აზიანებს. მიუხედავად იმისა, რომ სექტორი, ელექტრომობილებზე (EV) ფოკუსირებისკენ მასიურ ტრანსფორმაციას განიცდის, დღევანდელმა ფონმა სავარაუდო გამარჯვებულების გამოვლენა უფრო გაართულა.
თუ გსურთ ამ წინაღობების მიღმა გაიხედოთ და ფსონი ელექტრომობილების (EV) გრძელვადიან პოტენციალზე გააკეთოთ, მოდით განვიხილოთ, რომელია უკეთესი ინვესტიცია – Tesla თუ Ford?
Tesla გამოწვევებს უკეთ უმკლავდება
მიუხედავად იმისა, რომ მაკროგარემო მკაცრია, Tesla-მ შედარებით თანმიმდევრული წარმოების შენარჩუნება შეძლო. 2022 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ 305,407 ავტომობილი აწარმოა, ხოლო 2021 წლის მეოთხე კვარტალში – 305,840. წინა წლის იმავე კვარტალთან შედარებით, Tesla-ს მიწოდებები 68%-ით გაიზარდა. შედარებისთვის, Ford-ის ავტომობილების გაყიდვები, 2022 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17.1%-ით შემცირდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Tesla მიწოდების ჯაჭვის კრიზისს კონკურენტებზე უკეთ გაუმკლავდა.
ბოლო რამდენიმე კვარტლის განმავლობაში, ტესლას შემოსავალი მუდმივად იზრდებოდა. შედარებისთვის, ფორდის გაყიდვები, ბოლო ორი წლის განმავლობაში აშშ-ში ავტომობილების მთლიანი გაყიდვების ვარდნასთან დიდწილად სინქრონიზებული იყო. ეს მაჩვენებელი პანდემიამდელ დონეს ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა.
მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილების მთლიანი გაყიდვები შემცირდა, EV-ის გაყიდვები აშშ-ში კვლავ იზრდებოდა.
ზემოთ მოცემულ დიაგრამაზე მწვანე ხაზი ასახავს სრულად ელექტრო მანქანების (BEV) გაყიდვების ზრდას. მასში არ შედის ჰიბრიდული მანქანები. Tesla-ს შემოსავლების ზრდა ასახავს აშშ-ში ელექტრომობილების გაყიდვების ზრდას.
Tesla-ს უფრო მაღალი მარჟები
Tesla არა მხოლოდ ზრდის შემოსავლებს, არამედ, თავის გაყიდვებზე უფრო მაღალ მარჟებს გამოიმუშავებს.
Tesla-ს მოგების მარჟამ, ზედიზედ მესამე კვარტალში Ford-ისა და General Motors-ის მარჟებს გადააჭარბა. ზემოთ მოცემულ გრაფიკში Ford-ის მარჟა მოიცავს კომპანიის მიერ Rivian-ში ინვესტირების მოგების გავლენასაც. კომპანიის კორექტირებული EBIT (მოგება პროცენტამდე და გადასახადამდე) მეოთხე კვარტალში 5.4%-ს შეადგენდა, რაც Tesla-ს მარჟაზე ბევრად დაბალი იყო.
რომელი EV აქცია არის უკეთესი?
ტესლამ EV სეგმენტში უკვე წამყვანი პოზიცია დაიკავა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია გარკვეული გამოწვევების წინაშე დგას (ძირითადად მიწოდების დეფიციტისა და ჩინეთში არსებული პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო), ტესლა, ამ წინაღობების დასაძლევად, კარგად არის ბაზარზე პოზიციონირებული.
თავის მხრივ ფორდი, ელექტრომობილების წარმოების გაზრდის მიმართულებით, დიდ ინვესტიციებს დებს. მიუხედავად ამისა, 2022 წლის პირველ კვარტალში შეერთებულ შტატებში თითქმის 36,000 ელექტრომობილის გაყიდვის (ჰიბრიდების ჩათვლით) გათვალისწინებით, ფორდს დიდი გზის გავლა მოუწევს, რათა მიზანს – ყოველწლიურად 2 მილიონი EV-ს წარმოებას მიაღწიოს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტესლა, სავარაუდოდ, ამ დროისთვის თავის პოზიციებს კიდევ უფრო გააძლიერებს.
თუმცა, როდესაც საქმე ღირებულებას ეხება, Ford აშკარად გამარჯვებულია. Tesla-ს ფორვარდული P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი თითქმის 95-ს შეადგენს, ხოლო Ford-ის – 8-ს. ღირებულებაზე ორიენტირებულ ინვესტორებს მუდამ უჭირდათ Tesla-ს გიგანტური ღირებულების გაგება.
ინვესტორებისთვის, რომლებსაც სჯერათ, რომ ტესლას თავისი მასიური ღირებულების გამართლება შეუძლია, ამჟამად, ეს კომპანია EV სექტორში ფორდზე უკეთესი არჩევანია.