ჩინური ტექნოლოგიური აქციების ფასები შემცირდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა ორგანომ, მომავალში ამ აქციების აშშ-ის საფონდო ბირჟის ლისტინგში არსებობა ეჭვქვეშ დააყენა.
Hang Seng Tech ინდექსი, რომელშიც ზოგიერთი უმსხვილესი ჩინური ტექნოლოგიური კომპანიაა გაერთიანებული, დღეს 1.4%-ით დაეცა. JD Health International Inc.-სა და Baidu Inc.-ს ყველაზე ცუდი მაჩვენებლები ჰქონდათ.
ბოლოდროინდელი მარეგულირებელი მოვლენების სიმრავლე ტრეიდერებს კვლავ აფრთხილებს და ახსენებს მათ ჩინურ აქციებში ინვესტირების რისკებს. ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ (SEC) დაამატა Baidu Inc. იმ ჩინური ფირმების მზარდ სიას, რომლებიც, შესაძლოა, გაძევებულ იქნას ამერიკული საფონდო ბირჟებიდან აუდიტის ინფორმაციის უკეთესი გამომჟღავნების არარსებობის შემთხვევაში. დღეს, ჩინეთის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა ორგანომ განაცხადა, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებები გრძელდება.
სულ რაღაც ერთი დღით ადრე, ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მეტ კონტროლს გაუწევს ონლაინ სტრიმინგ პლატფორმებს, რამაც ინვესტორები შეაშფოთა, რადგან ისინი მოელოდნენ მარეგულირებელი ზეწოლის შემსუბუქებას მას შემდეგ, რაც ვიცე-პრემიერმა – ლიუ ჰემ მარტის შუა რიცხვებში კაპიტალის ბაზრის სტაბილიზაციისა და ეკონომიკის მხარდაჭერის პირობა დადო. ჩინეთის სახელმწიფო საბჭომ მსგავსი დაპირებები გუშინაც გაიმეორა.
BOCOM International Holdings-ის კვლევის ხელმძღვანელმა – ჰაო ჰონგმა განაცხადა, რომ, როგორც ჩანს, ორ ქვეყანას შორის შეურიგებელი განსხვავება არსებობს. მისი თქმით, ჩინეთს სურს ზოგიერთი, მაგრამ არა ყველა კომპანიის ინფორმაციის გამჟღავნება, მაგრამ აშშ სრულ გამჟღავნებას ითხოვს.
Hang Seng Tech ინდექსი წლის დასაწყისიდან ჯერ კიდევ 19%-ით არის დაკლებული. Hang Seng ინდექსი – 1.1%-ით, ხოლო China CSI 300 ინდექსი – 0.7%-ით შემცირდა.
ჩინური აქციების პერსპექტივაზე ასევე მნიშვნელოვნად იმოქმედა კორონავირუსის გამო ქვეყნის დიდი ქალაქების ჩაკეტვამ, რაც ბიზნეს ოპერაციებს აზიანებს. შედეგად, მარტში წარმოებისა და მომსახურების აქტივობამ პროგნოზები ვერ გაამართლა და შემცირდა. ბოლო დროს, ეკონომისტები ამცირებენ პროგნოზებს და მიზეზად კოვიდ-19-ის გავრცელება მოჰყავთ.