Twitter და Snap ხშირად განიხილება სოციალური მედიის ბაზრის „დაჩაგრულ“ წევრებად. ორივე კომპანია ჩამორჩება Meta Platforms-ს, რომელიც ყოველთვიურად თავის Facebook, Messenger, Instagram და WhatsApp პლატფორმებზე 3.6 მილიარდ ადამიანს მასპინძლობს.
მიუხედავად ამისა, ეს ორივე სოციალური მედიის კომპანია ჯერ კიდევ იზრდება. 2016 დან 2021 წლამდე Twitter-ის წლიური შემოსავალი 15%-ის ტოლი ნაერთი წლიური ზრდის ტემპით (CAGR), ხოლო Snap-ის შემოსავალი 59%-ის ტოლი CAGR-ით გაიზარდა. საინტერესოა, გააგრძელებს თუ არა Snap Twitter-ზე უკეთესი შედეგების დაფიქსირებას და მომავალში უფრო დიდი შემოსავლის გამომუშავებას.
განსხვავებები და მსგავსებები
Twitter და Snap-ის Snapchat ძალიან განსხვავებულ ბაზრებს ემსახურება. Twitter-ის მომხმარებლები, ძირითადად, პლატფორმას იყენებენ განვითარებული ახალი ამბებისა და ტრენდული თემების თვალყურის დევნებისთვის, ან თავიანთი მოსაზრებების მოკლე „ტვიტების“ საშუალებით გასაზიარებლად. Twitter-ის პლატფორმა ასევე გამოიყენება საზოგადო მოღვაწეების, ცნობილი ადამიანების, მედია საშუალებების ან ბრენდების მოღვაწეობის საქმის კურსში ყოფნისთვის.
Snapchat-ის ძირითადი პლატფორმა შექმნილია ფოტოზე ან ვიდეოზე დაფუძნებული „სნეპებისთვის“, რომლებიც ავტომატურად ქრება, მაგრამ კომპანიამ თავის ეკოსისტემას ორიგინალური ვიდეოები, თამაშები და გაძლიერებული რეალობის (AR) ლინზები დაამატა. Snapchat მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, Snap Map-ისა და Spotlight-ის ფუნქციების მეშვეობით, ვიდეოები საჯაროდ გააზიარონ, მაგრამ მისი მთავარი პლატფორმა მაინც მიზნად ისახავს ოჯახის წევრებისა და მეგობრების მცირე ქსელების ჩამოყალიბებას.
Twitter-ის მომხმარებელთა უმეტესობა 25-დან 34 წლამდე ასაკისაა, ხოლო Snapchat-ის – 18-დან 24 წლამდე. ორივე კომპანია შემოსავლების უმეტეს ნაწილს ციფრული რეკლამებიდან გამოიმუშავებს, მაგრამ Twitter ასევე ფლობს მონაცემთა ლიცენზირების უფრო მცირე ბიზნესს, რომელმაც, გასულ წელს, კომპანიის გაყიდვების 11% შეადგინა.
2023 წლის მიზნების მისაღწევად Twitter ხარჯებს ზრდის
2021 წელს Twitter-ის შემოსავალი 37%-ით – $5.08 მილიარდამდე გაიზარდა. მისი მონეტიზებადი ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა (mDAU) 13%-ით გაიზარდა და $217 მილიონს მიაღწია. ეს ზრდა ძირითადად კომპანიის საერთაშორისო mDAU-მ განაპირობა, რომელიც 15%-ით – $179 მილიონამდე გაიზარდა და შიდა mDAU-ს 3%-იანი ზრდა აანაზღაურა.
Twitter-ს სჯერა, რომ 2023 წელს მას 315 მილიონი mDAU-ს საშუალებით შეუძლია მინიმუმ $7.5 მილიარდი წლიური შემოსავალი გამოიმუშაოს. ის მიზნების, რომლებიც კომპანიამ ერთი წლის წინ დაისახა, გულისხმობს, რომ 2021-და 2023 წლამდე შემოსავალი და mDAU, შესაბამისად, 21.5%-ისა 20.5%-ის ტოლი CAGR-ით გაიზრდება.
Meta-სგან განსხვავებით, Twitter-ს, Apple-ის მიერ iOS-ის კონფიდენციალურობის სტანდარტების გაძლიერების შედეგად, რეკლამების გაყიდვების მნიშნელოვანი შენელება არ განუცდია. თუმცა Twitter ასევე ზრდის ხარჯებს თავისი ამბიციური მიზნების მისაღწევად. 2021 წელს კომპანიამ $221 მილიონის ტოლი წმინდა ზარალი დააფიქსირა და ანალიტიკოსები წელს კიდევ $119 მილიონის ოდენობით წმინდა ზარალს ელიან, რადგან კომპანია თანამშრომლების რაოდენობას 20%-ით ზრდის.
როგორია Snap-ის მდგომარეობა?
Snap-ის შემოსავალი 2021 წელს 64%-ით – $4.1 მილიარდამდე გაიზარდა. მისი DAU-ები 20%-ით – $319 მილიონამდე გაიზარდა, რადგან ევროპაში 11%-იანმა , ხოლო დანარჩენ მსოფლიოში 41%-იანმა ზრდამ, ჩრდილოეთ ამერიკის ბიზნესის 6%-იან ზრდას გადააჭარბა.
Snap-მა ასევე გასული წლის თებერვალში ამბიციური მიზნები დაისახა. კომპანია ამტკიცებდა, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში შეეძლო შემოსავალი დაახლოებით 50%-ით გაეზარდა, მაგრამ 2021 წლის მესამე კვარტალში Apple-ის iOS-ის განახლებამ მნიშვნელოვნად იმოქმედა Snap-ის ზრდაზე და კომპანიის გეგმები ეჭვქვეშ დააყენა.
თუმცა Snap-ის სარეკლამო ფასები განაგრძობდა ზრდას, რადგან თაობა Z-ზე ორიენტირებულმა ბრენდებმა ახალი სარეკლამო კამპანიები წამოიწყეს. მაგრამ ამ დროისთვის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Snap-ის შემოსავალი 2022 წელს 37%-ით, ხოლო 2023 წელს – 42%-ით გაიზრდება.
Snap-მა წმინდა ზარალი 2021 წელს $945 მილიონიდან (2020 წლის მაჩვენებელი) $488 მილიონამდე შეამცირა, თუმცა ანალიტიკოსების პროგნოზით, წელს, წმინდა ზარალი $560 მილიონს მიაღწევს, რადგან კომპანია საზღვარგარეთ ფართოვდება და ინვესტიციას დებს ვიდეო, სათამაშო და AR ფუნქციებში.
შეფასებები და ვერდიქტი
Twitter და Snap ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ტექნოლოგიური აქციების მასიურმა გაყიდვებმა დააზარალა. Twitter-ის P/S (ფასი/მოგება) კოეფიციენტი 6.6-ს შეადგენს, ხოლო Snap-ის – 14.2-ს.
Snap, შეიძლება, ერთი შეხედვით უფრო ძვირი ჩანდეს, ვიდრე Twitter, მაგრამ ის ასევე ორჯერ უფრო სწრაფად იზრდება და სამომავლოდ ზრდის უფრო ამბიციური მიზნები აქვს დასახული. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად Snap უკეთესი არჩევანია, ვიდრე Twitter, მაგრამ მოგების ნაკლებობამ, შეიძლება, ბაზრის ამ რთულ პირობებში, მისი უახლოესი მიმზიდველობა შეზღუდოს.