აზიურ ვაჭრობაში ნავთობის ფასი აღდგა, რადგან ინვესტორებმა შეაფასეს უკრაინაში რუსეთის ომის დეესკალაციის პერსპექტივა. შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე თვე დაიწყო ომის, რომელმაც მსოფლიო ბაზრები შეარყია.
ნიუ-იორკში ნავთობის ფიუჩერსებმა ბარელზე $105-ს გადააჭარბა მას შემდეგ, რაც წინა ორ სესიაზე 8%-ზე მეტი დაკარგა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ჩრდილოეთ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების „ფუნდამენტური შეწყვეტა“ შესთავაზა, კრემლთან დაახლოებულმა პირმა განაცხადა, რომ დეესკალაცია არ ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტას ან კიევიდან ჯარების სრულად გაყვანას.
ევროპაში ომმა სასაქონლო ფასებზე უარყოფითად იმოქმედა და ინფლაცია გააძლიერა სწორედ მაშინ, როდესაც ქვეყნები ცდილობდნენ პანდემიის შემდეგ ეკონომიკური ზრდა წაეხალისებინათ. ომმა ასევე გაზარდა ექსტრემალური არასტაბილურობა, შეცვალა სავაჭრო ნაკადები და შეკუმშა ისედაც მჭიდრო ენერგეტიკული ბაზარი, რამაც ნავთობი მეოთხე თვიური მოგების გზაზე დააყენა.
ასევე საფრთხე ემუქრება გლობალურ მოთხოვნას, რაც ჩინეთში ვირუსის მძვინვარებით და ახლო აღმოსავლეთში გაზრდილი დაძაბულობის შედეგია. OPEC+ ხვალ იკრიბება, რათა განიხილოს მიწოდების პოლიტიკა მაისისთვის, თუმცა ჯგუფი, სავარაუდოდ, განაგრძობს სტრატეგიას მოკრძალებული წარმოების გაზრდის შესახებ, მაშინაც კი, როდესაც რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომი ნედლი ნავთობის ნაკადებს აფერხებს.
SPI Asset Management-ის მმართველმა პარტნიორმა – სტივენ ინსმა შენიშვნაში თქვა, რომ ნავთობის ბაზრები მჭიდრო რჩება. მან დასძინა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები და კორონავირუსით გამოწვეული ჩაკეტვა კვლავ დომინირებს სათაურებში, თუმცა, არის მოლოდინი, რომ ჩინეთში ბიზნესის დახურვა, შეიძლება, ხანმოკლე იყოს.
The American Petroleum Institute-ის ცნობით, აშშ-ის ნედლი ნავთობის მარაგი გასულ კვირას 3 მილიონი ბარელით შემცირდა. ენერგეტიკის ინფორმაციის ადმინისტრაცია ოფიციალურ მონაცემებს დღეს გამოაქვეყნებს.