დღეს აზიური აქციების ფასები გაიზარდა, რადგან ნავთობის ფასის ვარდნამ და რუსეთ-უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების პერსპექტივამ განწყობის გამოკეთებას ხელი შეუწყო. ამასთან, აშშ-ის მონეტარული პოლიტიკის აგრესიული გამკაცრების მოლოდინმა მოკლევადიანი სახაზინო ობლიგაციები შეარყია. აშშ-ის 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავალი კი 2.50%-მდე გაიზარდა.
აქციების ფასები გაიზარდა იაპონიასა და ჰონგ-კონგში, მაგრამ ჩინეთში მერყეობდა. აშშ-ის ფიუჩერსები იყო არამყარი, თუმცა ევროპულები დაწინაურდა მას შემდეგ, რაც S&P 500 მესამე დღეა გაუმჯობესების სტადიაშია. ნავთობის ფასმა ვარდნა განაგრძო, რის შედეგადაც West Texas Intermediate-მა ფასი ბარელზე დაახლოებით $105-მდე ჩამოწია, იმ საშიშროების გამო, რომ ჩინეთში გადაადგილების შეზღუდვა მოთხოვნას შეამცირებს.
იენი დოლართან მიმართებით ექვსწლიან მინიმუმამდე დაეცა, Fed-სა და იაპონურ ცენტრალურ ბანკს შორის სხვაობის გამო. ეს უკანასკნელი განაგრძობდა ობლიგაციების ბაზარზე ჩარევას, რათა შემოსავალი შეეზღუდა.
გლობალური აქციების ფასები 8%-ით გაიზარდა იმ მინიმუმების შემდეგ, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ იქნა მიღწეული. ინვესტორები ცდილობენ გააანალიზონ ომში განვითარებული მოვლენები, გაზრდილი სასაქონლო ხარჯები და Fed-ის ბრძოლა ფასების ზეწოლის წინააღმდეგ.
JPMorgan Private Bank-ის გლობალური ბაზრის სტრატეგმა – ჯულია ვანგმა, ბლუმბერგთან საუბრისას განაცხადა, რომ გონივრულია ვიფიქროთ ზრდის რისკებზე, მაგრამ ამ წელს ეს დაკავშირებულია შენელების პერსპექტივასთან და არა რეცესიასთან.
ვანგმა ასევე განაცხადა, რომ მომდევნო რამდენიმე თვეში აზიისთვის ორი ხელშემწყობი ფაქტორია მოსალოდნელი: Fed-ის მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდის მოლოდინი თითქმის უკვე ასახულია ფასებში და ჩინელმა პოლიტიკოსებმა პირობა დადეს, რომ მხარს დაუჭერენ ბაზრებს და ეკონომიკურ ზრდას.
უახლესი გეოპოლიტიკური მდგომარეობით, უკრაინა ცდილობს რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიოს, მინიმალური მიზანი ამ მოლაპარაკებებისა, რომელიც თურქეთში დაიწყება, არის ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება.