24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ყოვლისმომცველი სანქციები გამოიწვია, რამაც ქვეყანა გლობალური ფინანსური სივრცისგან განაცალკევა და ეკონომიკური მდგომარეობა დაამძიმა.
ერთი თვის შემდეგ რუსეთის ეროვნულმა ვალუტამ დიდი ვარდნა განიცადა და ქვეყნის აქციები და ობლიგაციები საფონდო ინდექსებიდან ამოიღეს. ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება რუსეთის მოსახლეობაზე მძიმედ აისახება და სავარაუდოა, რომ ეს მდგომარეობა წლების განმავლობაში გაგრძელდება.
Goldman Sachs-ის ყოფილი ეკონომისტი – ჯიმ ო’ნილი ამბობს, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით, რუსეთი მსოფლიოში რიგით მე-11 უდიდესი ეკონომიკა იყო, თუმცა ამ წლის ბოლოსთვის, შეიძლება, ის მე-15 ადგილზე დაბლაც კი ჩამოქვეითდეს.
რეცესია გარდაუვალი ჩანს. ცენტრალური ბანკის მიერ გამოკითხულმა ეკონომისტებმა 8%-იანი შემცირება და 20%-იანი ინფლაციის დონე იწინასწარმეტყველეს.
რუსეთის ფარგლებს გარეთ, ეკონომისტების პროგნოზები კიდევ უფრო მძიმეა. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი (IIF) 2022 წელს 15%-იან ხოლო 2023 წელს დამატებით 3%-იან შემცირებას ვარაუდობს.
IIF-ის შენიშვნის მიხედვით, მათი პროგნოზები ნიშნავს იმას, რომ მიმდინარე მოვლენებმა უნდა გააბათილოს დაახლოებით 15 წლის ეკონომიკური მოგება.
2013 წელს ცენტრალური ბანკის მმართველის თანამდებობის დაკავების შემდეგ – ელვირა ნაბიულინას ყველაზე დიდი ტრიუმფი იყო 2015 წელს 17%-დან 2018 წლის დასაწყისში ინფლაციის დონის 2%-მდე შემცირება. მაგრამ ეს მიღწევები თვეზე ნაკლებ დროში დაიმსხვრა.
წლიური ფასების ზრდა 14.5%-მდე დაჩქარდა და და სავარაუდოა, რომ 20%-ს გადააჭარბებს, რაც მიზნობრივ მაჩვენებელზე ხუთჯერ მეტია. შინამეურნეობების ინფლაციის მოლოდინები მომავალი წლისთვის 18%-ზე მეტია, რაც 11-წლიან მაქსიმუმს წარმოადგენს.
JPMorgan და MSCI არიან მათ შორის, ვინც განაცხადა, რომ რუსულ აქციებსა და ობლიგაციებს თავიანთი ინდექსებიდან ამოიღებენ. ამ ინდექსებში რუსეთის პოზიციები უკვე დაზარალდა ჯერ 2014 წლის და შემდეგ 2018 წლის დასავლური სანქციების შემდეგ.
ერთი თვის წინ რუსული რუბლის საშუალო ერთწლიანი გაცვლითი კურსი ერთი დოლარისთვის 74 იყო. მაგრამ ბოლო დროს ადგილობრივად ეს მაჩვენებელი 120-მდე ავიდა, ხოლო საზღვარგარეთულ ვაჭრობაში 160-მდე.
სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა მას სანატრელი საკრედიტო რეიტინგი ჰქონდა სამ ძირითად სააგენტოში: S&P Global, Moody’s და Fitch. ამან ქვეყანას საშუალება მისცა სესხები იაფად აეღო და სუვერენული ვალის დეფოლტი შორეულ პერსპექტივად ჩანდა.
ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში რუსეთმა სუვერენული საკრედიტო ანგარიშის ყველაზე დიდი შემცირება განიცადა. ახლა ის რეიტინგების ბოლოშია, რაც დეფოლტის გარდაუვალ რისკზე მიუთითებს.