ათწლეულების განმავლობაში, გლობალური ფინანსური ინსტიტუტები ენთუზიაზმით ემსახურებოდა რუსულ ფირმებს, მაგრამ შემდეგ რუსეთი უკრაინას დაესხა თავს.
Citigroup Inc.-მა, რომელსაც რუსეთში მილიარდობით დოლარის ღირებულების აქტივი აქვს და ათასობით თანამშრომელი ჰყავს, განაცხადა, რომ ქვეყანაში თავისი ბიზნესის დიდ ნაწილს შეწყვეტს. Goldman Sachs Group Inc., JPMorgan Chase & Co. და Deutsche Bank AG ასევე გასასვლელისკენ მიემართებიან. ფინანსისტები სხვა ქვეყნებზე ფოკუსირდებიან (მაგალითად, დუბაი). მათ მიჰყვებიან ადვოკატები და სხვა დარგის პროფესიონალებიც.
ეს ალბათ ქვეყნის ყველაზე მკაცრი და სწრაფი იზოლირებაა დიდი ინდუსტრიული ეკონომიკის ცოცხალ მეხსიერებაში. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთის წინააღმდეგ ბევრი სანქცია დაწესდა აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ.
შედეგი ის არის, რომ ოდესღაც ხმაურიანი სექტორები შეჩერებულია და არა მხოლოდ მოსკოვში. მოვაჭრეები დარჩნენ რუსული აქციებითა და ობლიგაციებით ხელში, რომელთა შეცვლაც შეუძლებელია და მათზე მიბმული დერივატივები (წარმოებული ფასიანი ქაღალდები) გაურკვევლობაში დარჩა. Bloomberg-ის მიერ შედგენილი მონაცემების თანახმად, ათეულ კრედიტორს, მათ შორის Raiffeisen Bank International AG-ს, Citigroup-სა და Deutsche Bank-ს რუსეთში დაახლოებით $100 მილიარდის მოცულობის ექსპოზიცია აქვს. თუმცა კომპანიებმა აღნიშნეს, რომ მათ ბალანსებს შეუძლია რუსულ ბიზნესზე ნებისმიერი დარტყმა აიტანოს.
რუსეთთან კომუნიკაციების შეწყვეტა
უკრაინაში რუსული ჯარების შესვლიდან რამდენიმე საათში, მოსკოვის ფინანსისტები მოწმენი გახდნენ ბიზნესის ეფექტური კოლაფსისა, რომელიც წინა თვემდე უბრალოდ არც ისე კარგად გამოიყურებოდა. ერთმა მენეჯერმა, რომელიც პასუხისმგებელია მოსკოვში დაფუძნებული მოვაჭრეების ჯგუფზე, ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ მის სამუშაო მაგიდაზე აქტივობის დონე სამი მეოთხედით შემცირდა, რადგან უცხოელმა ბროკერებმა მის ფირმასთან ურთიერთობა შეწყვიტეს.
VTB ბანკს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა, მისი ბრიტანული განყოფილება გაყინულია და ბევრი დასავლური კომპანია ბანკის თანამშრომლების ზარებსა და ელექტრონულ წერილებს პასუხს არ უბრუნებს, თუმცა ზოგიერთმა კომპანიამ რუსეთის სიდიდით მეორე ბანკთან კავშირები შეინარჩუნა.
რუსეთის დატოვება ფულისა და მორალის გამო
ბილ ბრაუდერმა – ოდესღაც რუსეთის უმსხვილესმა უცხოელმა ინვესტორმა და ახლა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თვალსაჩინო კრიტიკოსმა განაცხადა, რომ საინვესტიციო ბანკებმა განუყოფელი როლი ითამაშა რუსეთის ფულის დანარჩენ მსოფლიოში შემოტანაში.
JPMorgan რუსული ფირმების დაკრედიტებაში დიდი მოთამაშე იყო (ისევე, როგორც Citigroup, Société Générale SA და UBS Group AG) და კონკურენციას უწევდა ისეთ ადგილობრივ გიგანტებს, როგორებიც არის VTB და Sberbank.
JPMorgan-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აქტიურად გამოდიან რუსული ბაზრიდან და ჰერმან გრეფი – Sberbank-ის ხელმძღვანელი და ყოფილი რუსი მინისტრი საერთაშორისო საბჭოსდან მოხსნეს.
ნატალია ჯარესკომ, რომელიც ყირიმის ანექსიის შემდეგ უკრაინის ფინანსთა მინისტრი იყო განაცხადა, რომ ბანკებმა რუსეთთან ბიზნესი უნდა შეწყვიტონ, რადგან ეს სწორია კომერციულად, მაგრამ ასევე მორალური საკითხია.
პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლა
Goldman Sachs-ის ყოფილმა ბანკირმა – გეორგი ეგოროვმა LinkdIn-ის პოსტში ბანკს მოუწოდა რუსეთი დაეტოვებინა. ეს პოსტი გამოქვეყნდა მანამ, სანამ კომპანია რუსეთის 10 მარტს დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა. ბანკის განცხადების შემდეგ ეგოროვმა ბლუმბერგთან საუბრისას თქვა, რომ Goldman-ის რუსეთიდან გასვლა რთული, მაგრამ სწორი ნაბიჯი იყო. მან ასევე დასძინა, რომ თუ ადამიანი მხარს უჭერს ძლიერ კორპორაციულ მმართველობას, უნდა დაგმოს პუტინის რეჟიმი და ომი უკრაინის წინააღმდეგ.
რატომ არის რუსეთის დატოვება დიდი ბიზნესისთვის ასეთი რთული?
საკონსულტაციო, იურიდიული და აუდიტორული კომპანიებიც წყვეტენ რუსეთთან კავშირს, თუმცა ეს რთული პროცესია. ოთხმა დიდმა საბუღალტრო ფირმამ – Deloitte, KPMG, PwC და Ernst & Young – უნდა გაწყვიტოს კავშირი რუსულ და ბელორუსულ წევრ ფირმებთან, რომლებსაც ადგილობრივი პარტნიორები ფლობენ. ამ რუსულ კომპანიებს შეუძლია გააგრძელოს მუშაობა თავის კლიენტებთან, მაგრამ ფირმის გლობალურ ქსელზე წვდომა აღარ აქვს.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლის უფრო ლექტორი – აშიშ ნანდა ამბობს, რომ განშორების პროცესი არ იქნება სწრაფი და, სავარაუდოდ, გართულდება. იგი შემდეგ კითხვებს სვამს: რა მოხდება თუ რუს კლიენტს, რომელიც ახლა სანქციებს ექვემდებარება, ჰყავს შვილობილი კომპანია მექსიკაში, რომელიც სანქციებს არ აწესებს? რა მოხდება, თუ რუსი ბუღალტრები მეზობელ ყაზახეთში მუშაობენ?
მენეჯმენტის კონსულტანტებსა და იურიდიულ ფირმებს არ შეუძლია ასე მარტივად უარი თქვას რუსულ ოპერაციებზე. McKinsey & Co.-ს (მენეჯმენტის საკონსულტაციო ფირმა) წარმომადგენლებმა თავდაპირველად განაცხადეს, რომ მხოლოდ რუსეთის სამთავრობო უწყებებისთვის შეწყდებოდა მუშაობა. ოთხი დღის შემდეგ, ისინი უფრო შორს წავიდნენ და განაცხადეს, რომ ფირმა დაუყოვნებლივ შეწყვეტს არსებულ მუშაობას სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სუბიექტებთან და არ განახორციელებს იქ ახალ კლიენტებთან მუშაობას, თუმცა მოსკოვში მდებარე ოფისი ღია დარჩება. კონკურენტებმაც, როგორებიც არის Bain და Boston Consulting Group მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღეს.
იურიდიული ინდუსტრიის კონსულტანტი – ტონი უილიამსი, რომელიც ოდესღაც ლონდონში დაფუძნებულ იურიდიულ ფირმას – Clifford Chance-ს მართავდა, პროფესიონალური მომსახურების ფირმების წარმომადგენლებს მოუწოდა განაცხადონ, რომ დროებით იხურებიან და არ დაბრუნდებიან თუ რეჟიმი არ შეიცვლება.
ომი უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს და სიტუაციის მალე შეცვლის მცირე შანსია. მათთვის, ვინც რუსი კლიენტების მომსახურებაშია სპეციალიზებული, შეიძლება, კარიერის შეცვლის დრო დადგა.