ამჟამად მსოფლიოში მრავალი სახის გაურკვევლობაა და ბევრ ინვესტორს მოსალოდნელი შედეგები აშფოთებს.
S&P 500 წლის დასაწყისიდან დაახლოებით 12%-ით დაეცა (რაც მას ოფიციალურად კორექციის ზონაში აყენებს), ხოლო ამავე პერიოდში Nasdaq დაახლოებით 18%-ით შემცირდა. რუსეთ-უკრაინის ომის, მიწოდების ჯაჭვის მუდმივი პრობლემებისა და მზარდი ინფლაციის ფონზე, ზოგიერთი ინვესტორი წუხს, რომ, შესაძლოა, შედეგად ბაზრის სრულფასოვანი კრახი მივიღოთ.
მოკლედ რომ ვთქვათ, ზუსტად არავინ იცის რა მოხდება. თუმცა არსებობს რამდენიმე რჩევა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტორისგან – უორენ ბაფეტისგან. ეს რჩევები საფონდო ბირჟის ქარიშხლის დაძლევას გაგიადვილებთ.
- ვარდნა დროებითია
საფონდო ბირჟას ათწლეულების განმავლობაში უამრავი კორექციისა და კრახის შემთხვევა ჰქონდა, მაგრამ მან ყველაზე მძიმე შემთხვევებშიც კი აღდგენა მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარს აღსადგენად შეიძლება თვეები ან წლებიც კი დასჭირდეს, საბოლოოდ ეს ეს მაინც ხდება.
სწორედ ამიტომ, ინვესტირების დროს, უორენ ბაფეტი გრძელვადიანი პერსპექტივის შენარჩუნებას გვთავაზობს. ყველაზე ძლიერი აქციებიც კი, შეიძლება, მოკლე ვადიან პერიოდში დაზარალდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში, სავარაუდოა, რომ მათი უწინდელი მდგომარეობა აღდგება. თქვენი ინვესტიციების შენარჩუნებით, მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება ბაზარზე, შეგიძლიათ ქარიშხალს გაუძლოთ.
„თუ არ გსურს აქციის ათი წლის განმავლობაში ფლობა, მისი ათი წუთით ფლობაზეც არ იფიქრო“ – უორენ ბაფეტი.
არავინ იცის ზუსტად, თუ რა ელის ბაზარს, მაგრამ ახლა მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, შეიძლება, მომავალი წლების განმავლობაში თქვენს ინვესტიციებზე დიდი გავლენა იქონიოს. გრძელვადიან პერსპექტივაზე ფოკუსირებით, შეგიძლიათ თქვენს ინვესტიციებს ბაზრის არასტაბილურობის პერიოდებში გადარჩენის საუკეთესო შანსი მისცეთ.
- ეს შეიძლება იყოს ყიდვის კარგი შესაძლებლობა
ვარდნა არა მხოლოდ დროებითია, არამედ ეს შეიძლება შესანიშნავი შანსი იყოს ხარისხიანი აქციების იაფად შესაძენად. სინამდვილეში, უორენ ბაფეტს არა მხოლოდ არ ეშინია ბაზრის რეცესიის, არამედ ის მიესალმება ამ პროცესს, რადგან ეს მისთვის დიდი ინვესტიციების ჩასადებად შესანიშნავი შესაძლებლობაა.
“შესაძლებლობა იშვიათად მოდის. როდესაც ოქრო წვიმს, მოიმარჯვე სათლი და არა სათითე“ – უორენ ბაფეტი.
ეს შეიძლება პარადოქსულად გეჩვენებოდეთ, რადგან ბუნებრივია, არასტაბილურობის პერიოდში ბაზრიდან ფულის გამოტანა გინდოდეს და არა მეტი ფულის დაკარგვა. თუმცა, ბაზრის ვარდნის დროს აქციების ფასები მნიშვნელოვნად დაბალია. როდესაც ხარისხიან აქციებს დაბალ ფასად ყიდულობთ, ბაზრის აღდგენის შემდეგ შეგიძლიათ მნიშვნელოვანი მოგებით დატკბეთ.
- ხარისხიანი აქციები პორტფელის გადარჩენაში დაგეხმარებათ
ვარდნის დროს უბრალოდ ინვესტირება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჯილდო მიიღოთ. თქვენ ასევე უნდა დარწმუნდეთ, რომ სწორ აქციებს ირჩევთ. ყველა აქცია არ არის საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ ბაზრის რეცესიისგან აღდგენა შეძლოს.
როდესაც ინვესტიციებს იკვლევთ, დააკვირდით კომპანიის ძირითად საფუძვლებს. ძლიერი ბიზნესი ქმნის ძლიერ აქციებს და თუ კომპანიას კომპეტენტური ხელმძღვანელთა გუნდი ჰყავს, ასევე ჯანსაღი ფინანსური მდგომარეობა აქვს და თავის ინდუსტრიაში კონკურენტული უპირატესობით ხასიათდება, ის უფრო უკეთ შეძლებს გაუძლოს ბაზრის რეცესიას.
“ჩვენ ვფლობთ აქციებს მათი გრძელვადიანი ეფექტურობის შესახებ ჩვენს მოლოდინებზე დაყრდნობით და არა იმიტომ, რომ მათ განვიხილავთ, როგორც საშუალებებს დროული საბაზრო გადაადგილებისთვის. ეს პუნქტი გადამწყვეტია: ჩარლი [მანგერი] და მე არ ვირჩევთ აქციებს, ჩვენ ბიზნესს ვირჩევთ.“ – უორენ ბაფეტი.
საფონდო ბირჟა საუკეთესო დროსაც კი შემაძრწუნებელია, მაგრამ გაურკვევლობის პერიოდში ინვესტირება განსაკუთრებით გამაღიზიანებელია. თუმცა, გრძელვადიანი პერსპექტივის შენარჩუნებითა და სწორი აქციების არჩევით, თქვენ შეგიძლიათ წარმატებას მიაღწიოთ იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა მოხდება ბაზარზე.