რუსეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სამშაბათიდან ბანკებისგან ოქროს შესყიდვას შეაჩერებენ, რათა შინამეურნეობების მხრიდან ძვირფას ლითონზე გაზრდილი მოთხოვნა დააკმაყოფილონ.
ცენტრალურმა ბანკმა 28 თებერვალს საპროცენტო განაკვეთი 9.5%-დან 20%-მდე გაზარდა, მას შემდეგ, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, აშშ-მა და ევროკავშირმა აგრესორს სანქციები დაუწესეს და შედეგად, რუბლი რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა.
ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 15 მარტიდან ბანკებისგან ოქროს შესყიდვებს შეაჩერებენ, მაგრამ არ განუცხადებიათ, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ცვლილება.
სანქციებმა რუსეთი გლობალური ფინანსური ბაზრების საკვანძო ნაწილებს ჩამოაშორა და ქვეყნის $640 მილიარდის ოქროსა და სავალუტო რეზერვების თითქმის ნახევარი გაყინა, რამაც 1991 წლის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია.
VTB ბანკის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება ლოგიკურად გამოიყურება, იმის გათვალისწინებით, რომ $300 მილიარდის რეზერვების ხელმისაწვდომობის დაკარგვა, რეზერვებში ოქროს წილის ხელმისაწვდომობის 21%-დან 40%-მდე ზრდას ნიშნავს. მათი აზრით, ცენტრალური ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის მიზნით, ამ დროისთვის ოქროში რეზერვების დაგროვებას აზრი არ აქვს. ანალიტიკოსებმა ასევე თქვეს, რომ საბანკო სექტორის სტრუქტურული ლიკვიდობის დეფიციტი 4 ტრილიონ რუბლზე ($36 მილიარდი) ნაკლებამდე შემცირდა, ამ კვირის დასაწყისში კი ეს მაჩვენებელი რეკორდულ – 7 ტრილიონ რუბლს შეადგენდა, რაც ნიშნავს, რომ ლიკვიდობის დეფიციტის მწვავე ფაზამ ჩაიარა.
VTB-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამ ვითარებაში ცენტრალური ბანკისთვის ლიკვიდობის შესანარჩუნებლად ბანკებისგან ოქროს შესყიდვას აზრი აღარ ჰქონდა.
BCS-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ მოქალაქეები, რომლებიც ძვირფას ლითონს ყიდულობენ, ხელს შეუწყობენ ეკონომიკაში ფულადი სახსრების რაოდენობის შემცირებას და ბანკების ლიკვიდობასაც წაადგებიან.