ბაზრის ისეთი მდგომარეობის დროს, როდესაც მთავარი ეტალონები წლიდან წლამდე უარყოფით შედეგებს აფიქსირებენ, მრავალი ინვესტორისთვის დივიდენდური შემოსავალი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ეს დამატებითი შემოსავალი შეიძლება ისევ აქციებში ან გაცვლით სავაჭრო ფონდში (ETF) რეინვესტირდეს ან შენახულ იქნას, როგორც შემოსავლის წყარო. ორივე ვარიანტი კარგია და არჩევანი ინვესტორზეა დამოკიდებული. ბევრ ინვესტორი, განსაკუთრებით პენსიაზე გასულები, უპირატესობას დამატებით დივიდენდურ შემოსავალს ანიჭებს.
ამ დროისათვის, ბაზარზე არის 2 საუკეთესო ETF დივიდენდური შემოსავლით: SPDR Portfolio S&P 500 High Dividend ETF და Invesco S&P Ultra Dividend Revenue ETF.
SPDR Portfolio S&P 500 High Dividend ETF
SPDR Portfolio S&P 500 High Dividend ETF ბაზარზე, მაღალ წლიურ ანაზღაურებასთან ერთად, ერთ-ერთ ყველაზე მაღალ დივიდენდებს წარმოქმნის. ეს შესანიშნავი ETF, რომელსაც დივიდენდური შემოსავალი მოაქვს, S&P 500 High Dividend Index-ს მიჰყვება. ეს ინდექსი კი, თავის მხრივ, ყველაზე მაღალი დივიდენდების მქონე 80 აქციისგან შედგება. ასევე ის თანაბრად არის გადანაწილებული და თითოეული ჰოლდინგი დაახლოებით ერთნაირი ზომისაა.
ამჟამად სამი უმსხვილესი ჰოლდინგი არის Organon, AbbVie და Valero Energy. ფინანსები (17%), კომუნალური მომსახურება (17%), უძრავი ქონება (13%) და ენერგეტიკა (13%) არის ყველაზე მეტად წარმოდგენილი სექტორები.
ამ ETF-ს, რომლის თითო აქციაზე ფასი არის $43, აქვს 4.05%-იანი დივიდენდური სარგებელი, ეს კი სხვა დივიდენდურ ETF-ებს ბევრად აღემატება და უფრო მაღალია, ვიდრე S&P 500-ის მედიანური დივიდენდი – 1.38%. ბოლო წლის განმავლობაში ამ SPDR Portfolio S&P 500 High Dividend ETF-მა თითო აქციაზე $1.56-ის დივიდენდი გადაიხადა. თუ თქვენ ამ ETF-ს 100 აქცია გექნებოდათ, $156-იან შემოსავალს მიიღებდით.
ამ ETF-ს რამდენი სხვა სარგებელიც აქვს, განსაკუთრებით დღეს. იმის გამო, რომ ეს გაცვლითი სავაჭრო ფონდი დივიდენდებზე არის ფოკუსირებული, ის ბევრ სტაბილურ და ბაზარზე კარგად დამკვიდრებულ კომპანიას მოიცავს, რომელთაგან ბევრი ზრდადი საპროცენტო განაკვეთების გარემოსადმი გამძლე სექტორებში ოპერირებს. ის ასევე მოიცავს ბევრ ღირებულების აქციას, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში შესანიშნავ შედეგებს აფიქსირებს. იმის გამოს, რომ ამ ETF-ში კარგად არის ბალანსი დაცული, მისი შემოსავლები ნაკლებად მერყევია.
შედეგად, SPDR Portfolio S&P 500 High Dividend ETF წლის დასაწყისიდან, 25 თებერვლის მდგომარეობით, 2%-ით გაიზარდა. წინა წლის შემდეგ – 32%-ით და 2015 წელს შექმნის შემდეგ, მისმა წლიურმა შემოსავალმა 10.3% შეადგინა. საბოლოოდ, 0.07% ხარჯების კოეფიციენტით, ეს არის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე იაფი EFT.
Invesco S&P Ultra Dividend Revenue ETF
Invesco S&P Ultra Dividend Revenue ETF ინვესტორებისთვის დივიდენდური შემოსავლის შესაქმნელად უნიკალურ მიდგომას იყენებს. ის იწყება S&P 900-ით, რომელიც S&P 500 დიდი კაპიტალისა და S&P 400 საშუალო კაპიტალის ინდექსებს მოიცავს. თითოეული მათგანიდან ის გამორიცხავს იმ აქციებს, რომლებსაც დივიდენდური შემოსავალი არ მოაქვს და ასევე იმათ, რომლებიც ბოლო 12 თვის განმავლობაში დადებით შემოსავლებს ვერ აფიქსირებენ. შედეგად, ფონდი მოიცავს ტოპ 60 აქციას, რომლებსაც ყველაზე მაღალი დივიდენდური შემოსავალი აქვს და ასევე დატვირთულია იმ აქციებით, რომლებიც ბოლო 4 კვარტლის განმავლობაში ყველაზე მეტად შემოსავლიანია.
გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ფონდი ამჟამად ძლიერად არის დატვირთული ღირებულების აქციებით. მსხვილი კაპიტალის ღირებულება პორტფელის 33.7%-ს, საშუალო კაპიტალის – 43%-ს, ხოლო მცირე კაპიტალის ღირებულება 17.4%-ს შეადგენს. უმსხვილესი ჰოლდინგებია: Marathon Petroleum, Cardinal Health და Southern Company.
ამ ETF-ს თითო აქციის ღირებულება არის დაახლოებით $42 და მისი შემოსავლიანობა თითო აქციაზე 3.43%-ია. გასულ წელს ფონდმა წლიურ საფუძველზე თითო აქციისთვის $1.39-ის შემოსავალი მოიტანა, რაც 100 აქციის მფლობელისთვის წლიურ $139-იან დივიდენდურ შემოსავალს ნიშნავს.
ეს ფონდი შექმნილია იმისთვის, რომ სხვადასხვა ბაზრის ციკლში ეფექტიანად იმოქმედოს. წელს ის ძირითადად არ შეცვლილა, მაგრამ გასული წლის განმავლობაში 29.7%-ით გაიზარდა. 2013 წელს მისი დაარსების შემდეგ, ფონდმა 11.5%-იანი წლიური შემოსავალი მოიტანა. მისი ხარჯების კოეფიციენტი კი 0.39%-ს შეადგენს.
ამ ორი ETF-ის უპირატესობა, გარდა მაღალი დივიდენდური შემოსავლისა, ის არის, რომ ისინი პოტფელში სოლიდურ დივერსიფიკატორს წარმოადგენს, რაც დადებით ანაზღაურებას უზრუნველყოფს მაშინაც კი, როდესაც სხვა ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავალი შემცირებულია.