ორშაბათს Delta Air Lines-ის აქციების ფასი 6%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც ამერიკულმა ავიაკომპანიამ რუსეთის ეროვნულ ავიაკომპანია Aeroflot-თან კოდის გაზიარების ხელშეკრულება (ეს ხელშეკრულება ნიშნავს, რომ ბილეთის შეძენა შესაძლებელია ერთი ავიაკომპანიისგან იმ ფრენისთვის, რომელსაც რეალურად ახორციელებს სხვა პარტნიორი ავიაკომპანია) შეაჩერა. კომერციული საჰაერო მოგზაურობის ინდუსტრია კვლავ მოულოდნელი ტურბულენტობის წინაშე დგას და Delta-ს აქციების შეძენა უნდა განიხილონ მხოლოდ იმ ინვესტორებმა, რომლებსაც დიდი დროის ჰორიზონტი აქვთ.
ავიაკომპანიები პანდემიამ მძიმედ დააზარალა და მათი შემოსავლები ძალიან შემცირდა, მაგრამ 2021 წლის დასაწყისში, ეფექტური ვაქცინების უფრო ხელმისაწვდომობის გამო, მოგზაურობაზე მოთხოვნა გაიზარდა და ავიაკომპანიების მდგომარეობაც გამოსწორდა. თუმცა მოთხოვნის უმეტესობა შიდა დასასვენებლად მოგზაურობაზე მოდიოდა და არა უფრო მომგებიან, საერთაშორისო და საქმიან ვიზიტებზე.
ბაზრის გაუმჯობესებული მდგომარეობა რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე დიდი ხნით ადრე გაუფერულდა და 2021 წლის მეორე ნახევარში დელტას აქციების ფასი 10%-ით შემცირდა. ომმა კიდევ უფრო დააბნელა ამ სექტორის პერსპექტივა. საწვავის ხარჯების ზრდა და ახალი გაურკვევლობა საერთაშორისო მოგზაურობის შესახებ ავიაკომპანიების იმ პრობლემების სიას შეემატა, რომლებიც ინვესტორებმა უნდა განიხილონ.
მათთვის, ვისაც ამერიკული ავიაკომპანიების აქციების შეძენა სურს, დელტაზუ უკეთესი არჩევანი ცოტაა. კომპანია კარგად იმართება და პანდემიამდე ფასების კუთხით ნოვატორის რეპუტაცია მოიპოვა, რამაც ხელი შეუწყო რეფორმების ტალღის დაწყებას. ამან კი საშუალება მისცა ძველ ავიაკომპანიებს Southwest Airlines-სა და სხვა ფასდაკლებით გადამზიდავებს უკეთესი კონკურენცია გაუწიონ.
აშშ-ის მოსახლეობა უფრო მობილურია, ვიდრე ოდესმე და მომავალი ათწლეულების განმავლობაში მზარდმა გლობალურმა საშუალო კლასმა მოგზაურობის ძლიერი მოთხოვნა უნდა შექმნას. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია, ავიაკომპანიების სავაჭრო ჯგუფი, პროგნოზირებს, რომ გლობალური მოგზაურობის მოცულობა 2040 წლამდე წლიურად 3.3%-ით გაიზრდება.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე სწრაფი, დიდი ცვლილება მოხდეს. პანდემია ჯერ არ დასრულებულა და ეს ინვესტორებს ომიკრონის ვარიანტის ზრდამ შეახსენა. უკრაინის ომი კი, როგორც ჩანს, გააქრობს ყველანაირ იმედს, რომ ინდუსტრიის მდგომარეობა 2023 წლამდე ნორმალიზდება.
თუმცა არსებობს საკმარისი პოტენციალი იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორები ტურბულენტობის გადალახვამდე მოცდაში დაარწმუნოს. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ დღეს მსოფლიოში არსებულ ყველა გაურკვევლობას, ასევე არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ დელტას აქციების ფასი შეიძლება მომდევნო თვეებში კიდევ შემცირდეს. ავიაკომპანიებში ინვესტირება ჯერ კიდევ არ არის შესაფერისი სუსტი ნერვების მქონე ინვესტორებისთვის.