ნავთობს შავ ოქროს სამართლიანად უწოდებენ, თუ გავითვალისწინებთ იმ მილიარდობით დოლარის მოგებას, რომელიც მან ნავთობკომპანიებს მოუტანა. ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე $95-ზე მაღალია, ინვესტორებს აინტერესებთ არის თუ არა ნავთობკომპანიები მზად კვლავ დიდი მოგების მისაღებად. რაც მთავარია, რამდენად მომგებიანი იქნება ამ კომპანიების აქციები? Energy Select Sector SPDR EFT – ნავთობისა და ბუნებრივი აირის საუკეთესო მარაგების საბირჟო ფონდი, ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 40%-ით გაიზარდა.
როგორც ჩანს, მაღალი ფასები გარკვეული დროით შენარჩუნდება
გასული რამდენიმე წელი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ბაზრისთვის ძნელი იყო. ნედლი ნავთობის ფასი ორჯერ დაეცა (2014 და 2020 წლებში), რამაც ბაზრის ამ სეგმენტში გაკოტრების დამანგრეველი ტალღა გამოიწვია. იმის ნაცვლად, რომ ნავთობის მაღალი ფასით გამოწვეული ნაღდი ფულის ნაკადების რეინვესტირება დაიწყონ, ნავთობისა და ბუნებრივი აირის კომპანიები ამ მოულოდნელი მოგების დიდ ნაწილს ინვესტორებს აქციების გამოსყიდვისა და დივიდენდების სახით უბრუნებენ. ამ ტენდენციას ნავთობისა და გაზის კომპანიების აქციებისთვის ორმაგი სარგებელი მოაქვს. პირველ რიგში, ეს ინვესტორებს ხელშესახებ ანაზღაურებას აძლევს. გარდა ამისა, ეს შეამცირებს ნავთობის მიწოდებას, რაც ფასს გაზრდის.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ნავთობის ბაზარი მაღალი გეოპოლიტიკური რისკის ქვეშ დგას, რაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებით არის გამოწვეული. იმის გამო, რომ რუსეთი ნავთობისა და გაზის მთავარი მწარმოებელია, მიმდინარე კონფლიქტმა შეიძლება ენერგეტიკულ ბაზრებზე დიდი გავლენა მოახდინოს. მაგალითად გერმანიამ, რუსეთის მოქმედებების საპასუხოდ, უკვე შეაჩერა Nord Stream 2 მილსადენის დამტკიცება, რომელსაც ბუნებრივი აირი რუსეთიდან გერმანიაში უნდა გაეყვანა. თუ რუსეთის ენერგეტიკული ინდუსტრიის წინააღმდეგ უფრო მეტი ქვეყანა განახორციელებს პოლიტიკურ ქმედებებს, ეს გლობალური მასშტაბით ნავთობისა და ბუნებრივი აირის მიწოდებაზე იმოქმედებს და ფასებს კიდევ უფრო გაზრდის.
ამ დინამიკის გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ამაღლებული დარჩება. მაშინაც კი, თუ ამერიკელი მწარმოებლები დააჩქარებენ საბურღ პროგრამებს (რაც მათ ინვესტორებს ნამდვილად არ სურთ), სასურველი შედეგების გამოღებას თვეები დასჭირდება. ამასთან, ქვეყანას, გლობალურ ბაზრებზე დამატებითი მარაგების გასატანად, მილსადენი და საექსპორტო ინფრასტრუქტურა არ გააჩნია. შესაბამისად, ნავთობისა და გაზის კომპანიები, როგორც ჩანს, მზად არიან უახლოეს თვეებში გამოიმუშაონ დიდი ფულადი სახსრები. ეს კი მათ აქციებს მაღლა სვლაში დაეხმარება.
ნავთობის გრძელვადიანი პერსპექტივა სულაც არ არის მიმზიდველი
ნავთობისა და ბუნებრივი აირის მწარმოებელი კომპანიების აქციების ფასებზე გავლენას მრავალი ფაქტორი ახდენს, მათ შორის პირველი ნავთობის ფასია. ნავთობის ფასი კი, თავის მხრივ, არასტაბილური და არაპროგნოზირებადია. გარკვეული ფაქტორები ნავთობისა და გაზის მწარმოებელი კომპანიების აქციებს არამიმზიდველს ხდის.
გასაგებად რომ ვთქვათ, ნავთობსა და ბუნებრივ აირზე მოთხოვნა არ ქრება ერთ ღამეში, როგორც ამას ზოგიერთი განახლებადი ენერგიის ენთუზიასტი ამტკიცებს. აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის პროგნოზით, მიუხედავად იმისა, რომ 2050 წლისთვის ნავთობისა და გაზის პროცენტული წილი გლობალურ ენერგეტიკულ მიქსში, სავარაუდოდ, შემცირდება, მისი აბსოლუტური მოხმარება მაინც განაგრძნობს ზრდას. მიუხედავად ამ პოზიტიური პერსპექტივისა, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მწარმოებელმა კომპანიებმა, შეიძლება ვერ განიცადოს ისეთი ძლიერი ზრდა, როგორც წარსულში. განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების ზრდა ნავთობის წარმოების ზრდას შეზღუდავს. მიუხედავად ნავთობის მაღალი ფასებისა, სავარაუდოდ, ეს არის ნავთობისა და ბუნებრივი აირის მიმართ ინვესტორების ნელთბილი დამოკიდებულების მიზეზი.
West Texas Intermediate-ის (WTI) ნავთობის ფასი ბარელზე არის $95 და ის აქედან მხოლოდ ერთი მიმართულებით შეიძლება წავიდეს: ქვემოთ. მაშინაც კი, თუ ფასი გეოპოლიტიკური გაურკვევლობის გამო გარკვეული დროით ამ დონეზე დარჩება (ან დროებით მოიმატებს), საბოლოოდ, პრობლემების მოგვარების ან სხვა მწარმოებელი კომპანიების მიერ წარმოების გაზრდის შემდეგ ფასი დასტაბილურდება. მოკლედ, ნავთობის ფასების ზრდა შეიძლება ხანმოკლე იყოს.
უნდა შეიძინოთ თუ არა ახლა ნავთობისა და ბუნებრივი აირის მწარმოებელი კომპანიების აქციები?
საძიებო და საწარმოო პროექტებში არასაკმარისი ინვესტიციების პერიოდი ნიშნავს, რომ ნავთობის წარმოება, მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, არ შეიძლება სწრაფად აღდგეს. ამან შეიძლება ნავთობის ფასების გარკვეული ხნით შენარჩუნებას ხელი შეუწყოს. თუმცა, საბოლოოდ, ფასები ამჟამინდელი მაღალი დონიდან დაეცემა. დანამდვილებით ვერავინ იტყვის როდის შეიძლება ეს მოხდეს. შესაძლოა რამდენიმე დღეში ან რამდენიმე წელიწადში. ნავთობისა და ბუნებრივი აირის აქციები, რომლებიც ნავთობის ფასებს მიჰყვება, შეიძლება მაშინვე დაეცეს, როგორც კი ნავთობის ფასი დაკორექტირდება.
თუ თქვენ ისეთ კომპანიებში ინვესტირებას გეგმავთ, რომლებიც, ნავთობის ფასის მიუხედავად, შედარებით სტაბილურ ფულად ნაკადებს წარმოქმნიან, ახლა შეიძლება სწორედ შესაფერისი მომენტი იყოს. ასეთი კომპანიები არის, მაგალითად Enbridge და Enterprice Products Partners. თუმცა თუ თქვენ ნავთობის ფასის მოკლევადიანი ცვალებადობით სარგებლის მიღებას ცდილობთ, შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეთ, ფასი შესაძლოა თქვენი პროგნოზის მიხედვით არ შეიცვალოს.