Twitter-მა 10 თებერვალს მეოთხე კვარტალის შემოსავლების ანგარიში გამოაქვეყნა. სოციალური მედია კომპანიის შემოსავალი წლიდან წლამდე 22%-ით გაიზარდა და $1.57 მილიარდი შეადგინა, რითაც ექსპერტთა მოლოდინები გაამართლა. მაგრამ მისი კორექტირებული წმინდა მოგება 9%-ით შემცირდა $284 მილიონამდე, ანუ თითო აქციაზე $0.33-მდე.
ტვიტერის აქციების ფასი, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, საგრძნობლად არც შემცირებულა და არც გაზრდილა, მაგრამ ბოლო 6 თვის განმავლობაში ღირებულების 45% მაინც დაკარგა. უნდა განიხილონ თუ არა ინვესტორებმა ტვიტერში ინვესტირება, იმის ფონზე, რომ როგორც ჩანს ბაზარი მას თავს არიდებს?
Twitter-ის მომხმარებელთა რიცხვი კვლავ იზრდება
Twitter-ის მონეტიზებადი დღიური მომხმარებლების რიცხვი (mDau) მეოთხე კვარტალში წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 13%-ით გაიზარდა და 217 მილიონი შეადგინა. 2020 წლის შემდეგ mDau-ს კვარტალური ზრდა შენელდა, მაგრამ ამ მაჩვენებლის თანმიმდევრული ზრდა საკმაოდ მყარად გამოიყურება:
mDAU-ს ზრდა | კვ4 2020 | კვ1 2021 | კვ2 2021 | კვ3 2021 | კვ4 2021 |
კვარტალიდან კვარტლამდე | 3% | 4% | 4% | 2% | 3% |
წლიდან წლამდე | 27% | 20% | 11% | 13% | 13% |
ტვიტერის საერთაშორისო mDau წლიდან წლამდე 15%-ით გაიზარდა და თანმიმდევრულად 3%-ით 179 მილიონამდე, მაგრამ აშშ-ში ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე მხოლოდ 3%-ით გაიზარდა, ხოლო თანმიმდევრულად 38 მილიონზე გაჩერდა. ეს მიმდინარე დისბალანსი გარკვეულ შეშფოთებას იწვევს, რადგან აშშ-ში მეოთხე კვარტალში ტვიტერმა შემოსავლების 56% სწორედ ერთგული მომხმარებლების წყალობით მიიღო.
მეორეს მხრივ, აშშ-ში კომპანიის შემოსავალი წლიდან წლამდე კვლავ 21%-ით გაიზარდა, რაც საერთაშორისო შემოსავლის ზრდას – 23%-ს მიუახლოვდა.
ტვიტერმა ასევე დაადასტურა თავისი გრძელვადიანი მიზანი – 2023 ფისკალური წლისთვის mDAU-ს 315 მილიონამდე გაზრდა და ასევე $7.5 მილიარდის ოდენობით წლიური შემოსავლის დაგროვება. შედარებისთვის ეს უკანასკნელი მაჩვენებელი 2021 ფისკალურ წელს $5.1 იყო.
Twitter-ის სარეკლამო ბიზნესი სიმძლავრეს უმატებს
ტვიტერის მთლიანმა სარეკლამო შემოსავალმა, რომელმაც მთლიანი შემოსავლის 90% შეადგინა, წლიდან წლამდე 22%-ით მოიმატა. ისევე როგორც წინა კვარტალში, კომპანიას Apple-ის მიერ iOS-ში შეტანილი კონფიდენციალური ცვლილებების შედეგად არ განუცდია მნიშვნელოვანი ზემოქმედება. Meta Platforms-ს კი იმავე მოვლენამ აიძულა 2022 წლის პირველი კვარტალისთვის სუსტი პროგნოზები გაეკეთებინა.
ტვიტერის მთლიანი სარეკლამო ჩართულობა 12%-ით შემცირდა, მაგრამ ეს დაბალანსდა თითო ჩართულობის საფასურის (CPE) 39%-ით გაზრდით. ეს ცვლილება გასაკვირი არ არის, რადგან ტვიტერმა დააანონსა, რომ უფრო ძვირადღირებულ რეკლამებზე იქნებოდა ორიენტირებული, რომლის მეშვეობითაც კომპანია პირდაპირ ფოკუსირდება პოტენციურ მომხმარებლებზე. ამ გადაწყვეტილების შედეგები კი შეგვიძლია დაბლა მოცემულ ცხრილში ვიხილოთ:
ზრდა წლიდან წლამდე | კვ4 2020 | კვ1 2021 | კვ2 2021 | კვ3 2021 | კვ4 2021 |
რეკლამებში ჩართულობა | 35% | 11% | 32% | 6% | (12%) |
CPE | (3%) | 19% | 42% | 33% | 39% |
შემოსავალი რეკლამებიდან | 31% | 30% | 87% | 41% | 22% |
Twitter-ის ხარჯები შემაშფოთებელია
ტვიტერის კორექტირებული შემოსავლები საპროცენტო განაკვეთების და გადასახადების გადახდამდე და ამორტიზაციამდე (EBITDA) 2020 წელს 32%-ით შემცირდა $682 მილიონამდე, ვინაიდან თანამშრომლების ჯამური რაოდენობა 30%-ით გაიზარდა. კომპანია 2022 წლისთვის თანამშრომლების რაოდენობის კიდევ 20%-ით გაზრდას აპირებს განსაკუთრებით კვლევა-განვითარების მიმართულებით.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ტვიტერის კორექტირებული EBITDA 2022 წელს 2-ზე მეტჯერ გაიზრდება, რაც MoPub-ის გაყიდვებით იქნება გამოწვეული, მაგრამ ექსპერტები ასევე მოელიან, რომ საყოველთაოდ აღიარებული ბუღალტრული პრინციპების (GAAP) მიხედვით კომპანია არამომგებიანი იქნება. ამან შეიძლება ტვიტერის აქციები, საპროცენტო განაკვეთის ზრდასთან ერთად, რისკიანი გახადოს.
ტვიტერს სჯერა, რომ კვლევა-განვითარებაში ჩადებული ინვესტიციები კომპანიას ზრდაში დაეხმარება, გარდა ამისა ტვიტერის ახალი პროდუქტები ჩაეშვება ხმარებაში, მაგალითად: დღემოკლე “Fleets”, “Topics” ტვიტებისთვის და “Twitter Blue” გამოწერები.
ტვიტერმა ასევე დაადასტურა 4$ მილიარდიანი გამოსყიდვის გეგმა, რომელიც 2020 წლიდან არსებულ $2 მილიარდიან გამოსყიდვის გეგმას ჩაანაცვლებს.
Twitter-ში ინვესტირების რაიმე მყარი მიზეზი არ არსებობს
ტვიტერი კვლავ ზრდის მომხმარებლების რიცხვს და მისი ძვირდაღირებულ რეკლამებზე ორიენტირება ჭკვიანური ნაბიჯია, მაგრამ მისი დანახარჯები შემაშფოთებელია, გამოსყიდვის გეგმები – მფლანგველი და 2023 წლის განვითარების მიზნები ზედმეტად ამბიციური ჩანს.
მარტივად რომ ვთქვათ, არ არსებობს რაიმე მყარი არგუმენტი ტვიტერის აქციების შესაძენად. ამ დროისთვის ინვესტორები უფრო პერსპექტიულ პროექტებზე უნდა ფოკუსირდნენ.