Intel-ის (INTC) მიმართ ბაზრის აღფრთოვანებას ჯერჯერობით დასასრული არ უჩანს. გასული კვირის დასაწყისში ჩიპების მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა მას შემდეგ, რაც მენეჯმენტმა დააანონსა მრავალმილიარდიანი შეთანხმებები, რომლებიც Amazon-ისთვის (AMZN) და აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის მორგებული ჩიპების წარმოებას ითვალისწინებს. პარასკევს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონკურენტ Qualcomm-ში (QCOM) კომპანიის შეძენის სურვილი გამოთქვეს.
გასული კვირის ბოლო სავაჭრო დღეს Intel-ის აქციების ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 54%-ით არის დაკლებული.
რაც შეეხება Qualcomm-ს, როგორც ჩანს, მის აქციონერებს ეს სიახლე არ მოეწონათ — პარასკევს კომპანიის აქციების ფასი თითქმის 3%-ით შემცირდა. თუმცა წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 20%-ით არის გაუმჯობესებული.
შეიძლება Qualcomm-მა Intel შეიძინოს?
პარასკევს, სავაჭრო სესიის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო დღეებში Qualcomm-ის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ Intel-ს, შესყიდვის წინადადებით. გარიგება — თუ ის მართლა შედგება და მარეგულირებლების მიერ დაბლოკვის საგანი არ გახდება — იქნება ერთ-ერთი უდიდესი ტექნოლოგიური ინდუსტრიის ისტორიაში.
ამ ამბავმა ინვესტორები გააკვირვა, რადგან Intel-ის მენეჯმენტი არ განიხილავს „სტრატეგიულ ვარიანტებს“, როგორიც არის შესყიდვა — კომპანია მუშაობს მასიურ რესტრუქტურიზაციაზე, რომელიც მოიცავს მისი მუშახელის 15%-ის გათავისუფლებას. საგულისხმოა, რომ აგვისტოს დასაწყისში Intel-ის აქციების ფასი შემცირდა მას შემდეგ, რაც მენეჯმენტმა ეს გეგმები დააანონსა. ჩიპების მწარმოებლის აქციების ღირებულების ვარდნა იმანაც განაპირობა, რომ მისმა მეორე კვარტლის ფინანსურმა შედეგებმა, სუსტმა პროგნოზებმა და დივიდენდების გაუქმებამ ინვესტორებს იმედები გაუცრუა.
გაურკვეველია, კონკრეტულად რა უნდა იყოს Qualcomm-ის მიერ Intel-ის შესყიდვის მიზანი, თუმცა, სავარაუდოდ, მისი მენეჯმენტი ამ ნაბიჯში ხედავს შესაძლებლობას, გააძლიეროს დომინანტური პოზიცია კომპიუტერების ბაზარზე. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ Qualcomm ყველაზე ცნობილია თავისი უკაბელო კომპონენტებით.
Intel-ის სამსხმელო ბიზნესში (Intel Foundry) არსებული პრობლემების გათვალისწინებით, თუ ეს გარიგება შედგება, შესაძლოა Qualcomm-ის მენეჯმენტმა ამ განყოფილების გაყიდვა მოისურვოს. Intel-ში კი გასულ კვირაში განაცხადეს, რომ Intel Foundry-ის ცალკე შვილობილ კომპანიად გარდაქმნა იგეგმება.
ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს გარიგება შედგება, თუმცა Intel-ისთვის ეს ახალი ამბავი აჩენს პერსპექტივას, რომელიც ინვესტორებმა ბოლომდე არ გაითვალისწინეს.
გარდა ამისა, უახლესი ინფორმაციით, საინვესტიციო ფირმა Apollo Global Management-მა Intel-ს $5-მილიარდიანი ინვესტიცია შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ ახლო წარსულში Intel-მა Apollo-ს ირლანდიის ჩიპების მწარმოებელი ქარხნის 49%-იანი წილი მიჰყიდა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Intel-ისა და Qualcomm-ის აქციებს?
Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $22.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 34 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $25.47-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $42.00-ს, ხოლო მინიმალური — $18.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 34 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 26-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 7-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Qualcomm-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $169.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 21 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $219.53-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $27.00-ს, ხოლო მინიმალური — $170.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Qualcomm-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 30%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 21 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.